მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ რიონის ხეობის მცველები მაინც უკმაყოფილონი არიან
ირაკლი ლომიძე
09.06.2021

ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მთავრობა უკან იხევს. ქვეყნის პრემიერს ხელშეკრულების პირობები არ მოსწონს და ამ სახით ჰესი აღარ აშენდება. წესით, ამ ცვლილებამ მთავრობასთან დაპირისპირებას ბოლო უნდა მოუღოს. ახლა მთავარია, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ენდობოდნენ ქვეყნის მეთაურს, თუმცა საქმე ასე ნამდვილად არ არის. რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, რადგან იმედი არ აქვთ, რომ ხელისეფლება მართლაც სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

საქმე ეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას,  სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნამოხვანჰესის პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა. მას კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ ფორმით პროექტის განხორციელება აღარ გაგრძელდება.

„ნამოხვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს - ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ წამოვიყვანოთ ის და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ნამახვანჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტის უსაფრთხოებაზე გააკეთა აქცენტი  კონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომლის თქმითაც, ნამახვანის კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ სანამ მის უსაფრთხოებაში ყველა არ დარწმუნდება. 

„დაახლოებით 12 თვე გვაქვს ჩვენ ყველას, ვიდრე შესაძლებელი გახდება კაშხლის მშენებლობა. ამ 12 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. 15-მდე საექსპერტო ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც ჩვენ გვქონდა 1 თვის წინ გამოქვეყენებული. ველოდებით მათ, რომ ვნახოთ რა აღმოაჩნეს ამ კვლევებში ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს", - განაცხადა თურნავამ და დასძჳნა, რომ ჰესი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება.

“მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება”, – აღნიშნა თურნავამ.

თუმცა, ,,რეზონანსისთვის“ გახდა ცნობილი, საკითხის ასე დაყენება ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელია. მართალია, ისინი მიესალმებიან პოზიციას, რომ იქნება ცვლილება, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ მთავრობა ქმედითი ნაბიჯის გადადგმისგან მაინც თავს იკავებს და საკითხის განხილვას არ ჩქარობს. სამოქალაქო ატივისტი მარიტა მუსელიანის განცხადებით, ,,რიონის ხეობის გადარჩენის“ წევრები პოზიციას არ შეცვლიან და პროტესტს გააგრძელებენ.

,,პოზიტივად შეიძლება შეფასდეს ფაქტი, რომ პრემიერმა ცვლილება სცადა, მაგრამ აბსოლუტურად აცდენილია პროცესები. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არსად ჩანს, რომ ვინმე ამას აპირებდეს. არ ვიცით, რა ცვლილებაზეა საუბარი, არავინ არაფერზე შეგვთანხმებია, ანუ განხილვა არ ყოფილა და არც ვინმეს გამოუთქვამს მზადყოფნა. ყველანი ვამბობთ, რომ გვინდა საკითხის განხილვა, რათა გაირკვეს, რა არის სწორი  და რა - არასწორი. ამას თუ ვერ მივაღწევთ, მსგავსი განცხადებების გაკეთებით, თუნდაც პრემიერის მხრიდან, რეალურად  არაფერი შეიცვლება. 

პრეცენდენტი, რომ მთავრობის მხრიდან ცვლილებაზე დაიწყო საუბარი, პოზიტიურია, მაგრამ ჩვენი პროტესტის ხასიათს და შინაარს ვერ შეცვლის. სხვა მოთხოვნები გვაქვს მთავრობასთან და სხვა განცხადება გაკეთდა. საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმეს რამე დავუთმოთ, ასე საკითხს არ განვიხილავთ და არც მიგვაჩნია სწორად. გვინდა შემოგვთავაზონ პოზიციები და არა ის, რომ ხელშეკრულება გადაიხედება, ეს საკმარისი არგუმენტი არ არის. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მოთხოვნები, გვინდა მხარეები ჭეშმარიტ აზრამდე მივიდნენ, მაგრამ ცალმხრივად იღებენ გადაწყვეტილებებს, სულ სხვა განზომილებაა, არავინ არაფერს გვეკითხება. ამდენად, ღარიბაშვილის განცხადებას ვერ განვიხილავთ ისე, რომ მთავრობამ ნაბიჯი გადმოდგა, გაცილებით მეტს ველოდით!  ცხადია, პროტესტი გაგრძელდება“, - განაცხადა მუსელიანმა ,,რეზონანსთან“.

მალევე პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის პოზიცია შეაფასა რიონელების ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმაც. მისი აზრით, მთავრობის წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რაც ნიშნავს, რომ გუნდში საერთო პოზიცია არ აქვთ. მაგალითად, პრემიერისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო ნათია თურნავა მას არ ეთანხმება. 

„საკითხს დაარქვეს პრობლემური, თუმცა მათ, ვინც ეს პრობლემა დავსვით და საკითხი პრობლემად წარმოვაჩინეთ, მათ არ გვესაუბრებიან. ახლა იმის იმედად თუ არიან, რომ პროექტში 100 წელს 49 წლად გადააკეთებენ და მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, არასწორად ფიქრობენ. მთავრობა ჯერ ჩვენ უნდა შეგვხვედროდა“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მთავრობასთან მოლაპარაკებას ადასტურებს ჰესის ინვესტორი კომპანია "ენკას" ქართველი დირექტორი მერაბ ლომინაძე. იგი პრემიერ-მინისტრის პოზიციას  განცხადებითვე გამოეხმაურა. "როგორც კი მოლაპარაკებები რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო", - განაცხადა ლომინაძემ.

პროექტში ცვლილების მომხრეა ენერგეტიკოსი გია არაბიძე, მაგრამ ისე უნდა მოხდეს, რომ არც ეკონომიკას შეექმნას პრობლემა და არც ეკოლოგიას. საბოლოო ჯამში, ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ შენიშვნები მაქსიმალურად უნდა იქნას გაზიარებული როგორც ინვესტორის, ასევე მთავრობის მხრიდან. ენერგეტიკოსი აცხადებს, პრემიერის ინიციატივას მიესალმება და მიაჩნია, რომ ამ განცხადებას პროექტის საფუძვლიანი შესწავლა და კვლევა მოჰყვება.

,,ნამოხვანჰესის შეჩერება იქნება მძიმე, კატასტროფულიც კი, საქართველოს ენერგეტიკისთვის. პროექტი თუ არ ვარგა, უნდა გასწორდეს, მაგრამ არ უნდა იყოს საუბარი ჰესის მშენებლობის გაჩერებაზე. ეკონომიკას და ეკოლოგიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. პოზიცია, რომ არ გვჭირდება ჰესი, გამორიცხავს მოდერატორის ჩართულობასაც, ასე თუ ვფიქრობთ, რა საჭიროა შუამავალი! 

ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას პროექტი მემკვიდრეობით დახვდა, პოლიტიკურ ელფერს შეიცავს და ამ მხრივ ვერ შევაფასებ, თუმცა მან აქცენტი სწორად დასვა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა 800-მილიონიანი პროექტი არ გაჩერდეს. ნამოხვანჰესის მშენებლობის ჩაშლით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს კატასტროფა ელოდება. ამიტომ პროექტი უნდა გაკეთილშობილდეს, გადაიხედოს მისი იურიდიული ნაწილი, ეკონომიკური სარგებელი და ეკოლოგიური რისკები, ამის საფუძველზე უნდა ვიმსჯელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისთვის იქნება დიდი პრობლემა“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ გია არაბიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოთხოვნაა, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით; გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×