გვანცა წულაია
10.06.2021

საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყოველთვიურად უმჯობესდება. აპრილის დაუჯერებელი ნახტომის შემდეგ, წინსვლა მოსალოდნელია მაისსა და შემდგომ თვეებშიც. საბოლოოდ, ორნიშნა წლიურ მაჩვენებელზე გასვლა სრულიად რეალურია.

12-თვიანი უწყვეტი რეცესიის შემდეგ, 2021 წლის მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, აპრილში კი რეკორდული, 44.8%-იანი მატება დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის აპრილში მშპ 16.6%-ით შემცირდა, წლევანდელი ზრდა იმდენად დიდი იყო, რომ 2019 წლის აპრილის მაჩვენებელსაც კი 21%-ით გაუსწრო. ორნიშნა მაჩვენებელია მოსალოდნელი მაისშიც, ამაზე სპეციალისტები ერთხმად საუბრობენ. 

უკვე შეცვლილია მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის წლიური პროგნოზი, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს. აღნიშნული პროგნოზი სავალუტო ფონდის შეფასებას 2.5%-ით და მთავრობის მოლოდინს 1.7%-ით აღემატება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს თითქმის ყოველთვიურად ცვლის - ხან ამცირებს, ხან, პირიქით, ზევით სწევს. ასე იქცევიან სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიც (სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი). ამან უკვე იმდენად არასერიოზული ხასიათი შეიძინა, რომ მათი პროგნოზების აღარავის სჯერა. 

ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი ქართველი სპეციალისტები. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე პირდაპირ ამბობს, რომ მაისშიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. 

`რა თქმა უნდა, ორნიშნა მაჩვენებელი გვექნება. მართალია, ეს უკვე აღარ იქნება ისეთი რეკორდული, როგორიც აპრილის მონაცემი იყო, მაგრამ ორნიშნა რომ იქნება, აშკარაა. 

გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ პირადად მე ოპტიმისტურად ვუყურებ დარჩენილ თვეებს, თუმცა ის საშუალო წლიური ტემპი, რომელიც ნავარაუდევია, არასამკარისია, ამიტომ მეტი მობილიზაცია გვამრთებს და ცალკეული თვეების წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგვახვიოს. გვჭირდება გრძელვადიან პერიოდში სტაბილური ეკონომიკური ზრდა იმისათვის, რომ საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ჯერ სამეზობლოში, რეგიონში და, საბოლოო ჯამში, გლობალური მასშტაბითაც”, - განაცხადა „რეზონანსთან” სოსო არჩვაძემ. 

სტატისტიკოსს გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს, ვიდრე მსოფლიო ბანკის მიერ 2021 წლის ანალიზით არის პროგნოზირებული.  

„მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მშპ-ის ზრდა წლიური მაჩვენებლის მიხედვით უფრო მეტიც იქნება, ვიდრე დასახელებული 6%-ია. ახლა განვეწყოთ ოპტიმისურად, ხელები დავიკაპიწოთ და გათვლები გავაკეთოთ არა მოკლევადიან წარმატებებზე, არამედ _ გრძელვადიანი და სტრატეგიული ამოცანების რეალიზაციაზე”, - დასძინა „რეზონანსთან” არჩვაძემ.

საქართველომ უკვე მიაღწია იმაზე უკეთეს შედეგს, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო ნავარაუდევი. მაისშიც ორნიშნა მაჩვენებელს ელოდება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე. 

„დიდი ალბათობით, მაისში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. რთულია ამის პროგნოზირება, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე მოხდება. ეს არ იქნება ისეთი დიდი მოცულობის, როგორიც იყო აპრილში, როდესაც ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. მართალია, წინა წლის მაისის თვეშიც ჩაკეტილი იყო ეკონომიკა, თუმცა ახლა არ ველი ისეთ ნახტომს, როგორიც აპრილში დაფიქსირდა, არც მაშინ ელოდებოდა ვინმე ამხელა შედეგს.  

წლის ბოლოს 6%-იან ზრდაზე გასვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ეკონომიკის ფუნქციობა ისე, როგორც მიმდინარეობს დღეს. ვგულისხმობ შეზღუდვების მაქსიმალურ შემსუბუქებას, კომენდანტის საათის გაუქმებას და ა.შ. თუ ასეთი თანმიმდევრობით გავაგრძელეთ, მაშინ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი „ლოქდაუნი“, დაბრკოლება ანდა რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სიტუაციას გააუარესებს და უკან დაგვწევს”, - განუცხადა კაპანაძემ „რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×