ირაკლი ლომიძე
10.06.2021

კომენდანტის საათისა და ნიღბის ტარების ვალდებულების გარდა, მთავრობამ ფაქტობრივად ყველა სახის შეზღუდვა მოხსნა. დაახლოებით 2 კვირაში ეს რეგულაციებიც გაუქმდება. ყოველ შემთხვევაში, პირბადის ტარება ღია სივრცეში აღარ იქნება სავალდებულო. ბიზნესი დარჩენილი აკრძალვების მოხსნასაც ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ კომპანიების ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია თავისუფალი გარემო, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ქვეყანაში, რომელიც ბიზნესსაც დაეტყობა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება.

შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე განაცხადა ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმაც. მისი თქმით, კომენდანტის საათი ის მიმართულებაა, რასაც დადებითად გადაწყვეტა სჭირდება. 

გადაადგილების შეზღუდვა კომპანიების მუშაობას აფერხებს, ამიტომ შესაძლებლობისთანავე ეს საკითხი განხილული იქნება.

„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაცია მათგან, რომ კომენდანტის საათი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც კოვიდ-19-ის პერიოდში გადაადგილებას აფერხებს“, - აღნიშნა მან.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების რეკომენდაციას იძლევიან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებიც, რადგან კომენდანტის საათი დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი ბარიერია,  რის გამოც ბიზნესს არსებული პრობლემის მოგვარება უჭირს. როგორც ყოფილი დეპუტატი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, დაახლოებით 14 -დღიანი დაკვირვება იქნება საჭირო ეპიდემიის მაჩვენებლებზე და თუ ინფიცირების, ასევე სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლებელი გახდება კომენდანტის საათის მოხსნაც.

„უნდა შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება შეზღუდვების გარეშე. რამდენადაც ვიცი, ინფიცირების დინამიკას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ დაახლოებით  ორ კვირაში როგორც კომენდანტის საათთან, ასევე ნიღბის ტარებასთან დაკავშირებითაც. ალბათ, ეს ვალდებულება ნაწილობრივ დარჩება, მაგრამ ღია სივრცეში ნიღბის ტარების რეგულაცია  გაუქმდება. ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ამ რეგულაციების მოხსნას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესისთვის, რომელიც ახლა იწყებს კრიზისიდან გამოსვლას. 

რაც შეიძლება ამ დროს მთავრობამ გააკეთოს, არის ისეთი ზომების მიღება, როგორ მოვამზადოთ საზოგადოება ისე, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი და ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა გაიღო შეზღუდვების პირობებში, წყალში არ გადაიყაროს “, - განაცხადა „რეზონანსთან" ზოიძემ.

შეზღუდვების სრულად მოხსნის მომხრეა მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე. მისი აზრით, ბიზნესს სჭირდება თავისუფლება, რომ ფეხზე დადგეს, თუმცა, ამავე დროს, საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რაც ფულზე წვდომას გაამარტივებს და გამართული მუშაობის საშუალებას მისცემს. 

„დღეს პრობლემაა ფული, გარანტიები... პერსპექტივას ვერ ხედავს ბიზნესი, ინვესტიციების მოზიდვა ჭირს. ყველა ელოდება, გადაიაროს ეპიდემიურმა კრიზისმა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია შეზღუდვების სრულად გაუქმება, მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ იმ კომპანიებს, რომლებსაც  მცირე რესურსი მაინც შემორჩათ, რათა  შეძლონ დაკარგული პოზიციების აღდგენა. ალბათ, დროთა განმავლობაში მოხერხდება გადაწყობა. წამოიწევიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს  შესთავაზებენ ბაზარს.  ექსპორტზე  უნდა გავამახვილოთ ყურადღება. 

რეალურად, მცირე და საშუალო ბიზნესში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საბრუნავი კაპიტალის კატასტროფული დეფიციტია ქვეყანაში. შემოსავლები არ არის, შესაბამისად, ფინანსური რესურსი მოაკლდათ. ბევრ კომპანიაში გაკოტრების საფრთხეა. ახლა სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამებმა მაქსიმალურად შეძლონ ბიზნესების დახმარება და მათი აღდგენა. შეზღუდვების სრულად მოხსნიდან, ალბათ, 2 წელი მაინც არის საჭირო, რომ  კომპანიები კრიზისიდან გამოვიდნენ“, - განაცხადა  მიხეილ ჭელიძემ „რეზონანსთან“.

გარდა შეზღუდვების მოხსნისა, ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია საგადასახადო პოლიტიკის მეტი ლიბერალიზაცია და ყველა იმ კომპანიის დახმარება, რომელთა საქმიანობაზეც პანდემია ნეგატიურად აისახა. ,,ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი აღნიშნავს, რომ შეზღუდვებში ქვეყანა წლობით ვერ იცხოვრებს. რეგულაციები წელიწადზე მეტია, გრძელდება, რითაც მთავრობა ბიზნესს წირავს გაკოტრებისთვის, მოსახლეობას - უმუშევრობისთვის. ცალკე პრობლემაა ბიუჯეტი, რომელსაც ამ შეზღუდვების შედეგად შემოსავლები აკლდება.  

„ხელისუფლებამ უნდა იპოვოს გამოსავალი, მოიხსნას ყველა ტიპის რეგულაცია, რომ იმუშაოს ბიზნესმა ბარიერების გარეშე და, ამავე დროს, დაიცვას ხალხის ჯანმრთელობაც პანდემიის რისკისგან. ეს არის ახლა მთავარი გამოწვევა.  რეგულაციების გაუქმების პარალელურად მისაღებია ისეთი შეღავათები, რომლებიც ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება.  ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის გადასახადი გადასახედია. გარდა ამისა, არასწორად მიმაჩნია განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება ტურიზმზე. ცხადია, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ დარგს დაეხმარონ, მაგრამ, ტურიზმის გარდა, ბევრი ბიზნესი ეპიდემიის გამო მძიმე მდგომარეობაშია. 

რა თქმა უნდა, ჩვენც დავზარალდით, დიდი  ხნის განმავლობაში დაკეტილი ვიყავით და შემოსავლები შეგვიმცირდა. ამიტომ აუცილებელია, შეღავათი უკლებლივ ყველას გაეწიოს, ვინც კორონავირუსის გამო იზარალა. გადასახადებშიც მეტი ლიბერალიზაციაა საჭირო, განსაკუთრებით - დღგ-ის ნაწილში. რასაც ახლა აკეთებს მთავრობა, ჩემი აზრით, საკმარისი არ არის", - განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს.  მთავრობის პრესსამასხურის ცნობით, შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. შესაბამისად, ქვეყანა ახალ გადაწყვეტილებებს ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×