ამას უკვე დაუფარავად ამბობენ ფინანსისტები, ბანკირები და თვით პრემიერიც კი
გვანცა წულაია
10.06.2021

ეროვნულმა ვალუტამ სწრაფი გამყარება შეწყვიტა, თუმცა სტაბილურობას ინარჩუნებს. უკვე რამდენიმე დღეა, 1 ამერიკული დოლარი, სტაბილურად, 3.14-3.16 ლარი ღირს. დადებითი სიგნალი გაისმა მთავრობის მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გამყარება გაგრძლედება, ხოლო ფინანსისტები ახალ ნიშნულს ასახელებენ. 

აშკარად გამოკვეთილია, რომ ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ზაფხულის განმავლობაში შესაძლოა, ქართული ვალუტა კიდევ მეტად გამყარდეს და უკვე 3.0-იან ნიშნულსაც ჩასცდეს.

ოპტიმიზმით აღსავსე განცხადებებს აკეთებენ მთავრობაშიც. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება. 

„ბიზნესიდან წამოსული პოზიტიური განწყობა ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს, რომ ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ლარი გამყარებულია და ეს ტენდენცია გრძელდება. ჩვენი ექსპერტები კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან. აპრილში ეკონომიკა 45%-ით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო და უნიკალური შემთხვევა იყო. ასევე მაისში მაღალი ზრდის შედეგს ველოდებით. შესაბამისად, პესიმისტური სცენარით წლევანდელი ეკონომიკის ზრდა 7%-ზე მეტი იქნება, ოპტიმისტური სცენარით კი ეს შეიძლება 10%-ზე მეტი იყოს. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, უფრო გახსნილ ეკონომიკას, მეტ ტურისტს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კიდევ უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე. ის მიიჩნევს, რომ ქართული ვალუტა წონასწორობის ახალ წერტილს იპოვის, რომელიც 3.0-3.10-ის ფარგლებში იქნება, მომვალში კი არც ამაზე შეჩერდება.

„ახლა ლარი რა კურსზეც დგას, არის წონასწორობის ახალი წერტილი, რომელიც, პირველ რიგში, მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესების შედეგადაა გამოწვეული. მარტიდან მოყოლებული, ეკონომიკამ დაიწყო გამოცოცხლება და ძალიან მაღალი ტემპი დაფიქსირდა არა მხოლოდ აპრილში, არამედ მთლიანად, იანვარ-აპრილის მონაცემები არის 8%-ზე მაღალი. ბოლო თვეებში ძალიან დიდი იყო ექსპორტის ზრდაც, რაც სავალუტო კურსზე პირდაპირ მოქმედებს. პოზიტიური იყო ფულადი გზავნილების დინამიკაც და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაუმჯობესებულია საგადასახდელო ბალანსი. ამიტომ ის, რომ ლარი ახალ წონასწორობის ნიშნულზეა, არის ობიექტური ფაქტორების, ანუ წმინდა მაკროფაქტორების ზეგავლენის შედეგი.

თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ მაისის მონაცემებს, რომელიც ასევე იქნება საკმაოდ მაღალი როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე ექსპორტის ნაწილში, მაშინ ჩვენ ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარებას უნდა ველოდოთ. ამწუთას ჩვენ გვაქვს სტაბილური ვითარება, თუმცა მალე გამოქვეყნდება მაისის მონაცემები და იქნება იმის ანარეკლი, რომ ლარი გააგრძელებს პოზიციების გაუმჯობესებას, ალბათ, 3.0-3.10-ის ფარგლებში უნდა დაჯდეს, ანუ წონასწორობის ახალ წერტილზე გადავიდეს და ესეც იქნება ობიექტური გამოძახილი ეკონომიკის გამოცოცხლებისა”, - განაცხადა „რეზონანსთან” გიორგი ცუცქირიძემ. მან დასძინა, რომ სავალუტო კურსზე დიდ გავლენას ახდენს მოლოდინები, რომელიც ეკონომიკის გამოცოცხლებამ პოზიტივისკენ გადახარა. 

„მოლოდინი კურსის ფორმირებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. დღეს არის დადებითი განწყობა, ეს კი პოზიტიურად აისახება სავალუტო კურსზე. მომავალშიც ეს პროცესი გაგრძელდება”, - დასძინა ცუცქირიძემ.

ეროვნული ვალუტის გამყარება ყოველმხრივ კარგ შედეგს მოიტანს და  ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ინფლაციაზე, ფასებზე და ა.შ. 

როგორც „გალტ ენდ თაგარტის" ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება, თუმცა სწრაფად არ მოხდება, რადგან მის კორექციას დრო სჭირდება.

„გამყარების პირველი მიზეზია ის, რომ ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია: ფულადი გზავნილები გაიზარდა, აპრილში ტურიზმი გამოცოცხლდა და მაისში ის კიდევ უკეთეს პოზიციაში იქნება. ლარის გამყარება ასევე, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთანაც არის დაკავშირებული. დადებითი ფაქტორი სახმელეთო საზღვრების გახსნაც იყო, რასაც კურსზე მყისიერი გავლენა ჰქონდა.

პოზიტიური მოლოდინი შეიქნა და მოქალაქეებმა დანაზოგების დაკონვერტირება ლარში დაიწყეს, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა. ლარის გამყარების ტრენდი გაგრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ საშუალო კურსი მიმდინარე წლის განმავლობაში 3.15-3.25 ლარის ფარგლებში იქნება”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ „საქმიან დილაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×