რეზონანსი
17.06.2021

გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო  ქ. ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ტერიტორიაზე, სადაც სააგენტოს ახალი ოფისის მშენებლობა დაიწყო. 

ახალ, სამსართულიან შენობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები განთავსდება, როგორებიცაა: მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური  ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვალიფიციურ კადრები, რომლებიც დღეს სრულად ამორტიზებულ შენობაში მუშაობენ, ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. 

„გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახური სავალალო პირობებში ფუნქციონირებდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება განვითარება, გაძლიერება და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა მუშაობა, რომ შერჩეულიყო პროექტი და გამოყოფილიყო ტერიტორია, რაც აჭარის ხელისუფლების მხარდაჭერით მოხერხდა. ჩვენ დღეს დავიწყეთ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თანამედროვე პირობებში, მაღალ დონეზე აღჭურვილ ლაბორატორიაში ჩავატაროთ მნიშვნელოვანი კვლევები. შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნება არის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების ნაწილი. ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს ინვესტირებას, თანამშრომლების მხარდაჭერას, ახალგაზრდა კადრების მომზადებას, იმისთვის, რომ უდიდესი რესურსი - შავი ზღვა და მისი ეკოლოგია დავიცვათ”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის რეგიონალური ოფისის სპეციალისტების ჩართულობით და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მუდმივად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც შავი ზღვის კონტინენტური შელფის და  მისი სანაპირო ეკოსისტემების, ისე მდინარეებისა და შიდაწყალსატევების კვლევისა და მონიტორინგის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სივრცეში და შიდასახმელეთო წყალსატევებზე  თევზებისა და სხვა  ბიორესურსების კვლევა, შეფასება და სარეწაო პროგნოზირება. გარდა ამისა,  დეპარტამენტი უზრუნველყოფს აკვაკულტურის, მარიკულტურის და მდგრადი მეთევზეობის განვითარების ხელშეწყობას.

გამოცდილი სპეციალისტების უშუალო ძალისხმევით ქვეყანაში დღესაც შენარჩუნებულია  კვლევის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა წყლის ეკოლოგია,  ჰიდრობიოლოგია, წყლის ბიომრავალფეროვნება, მეთევზეობა და აკვაკულტურა. სწორედ მათი  ჩართულობით შემუშავდა  „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აკვაკულტურის განვითარებას და აღნიშნულ დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას.

„ახალი ინფრასტრუქტურა, რომლის მშენებლობა დავიწყეთ, დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ არსებული სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი და მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალება მიეცემა, გააღრმავოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობა სამეცნიერო კუთხით, მხარი დაუჭიროს აკვაკულტურის განვითარებას და გააძლიეროს შავი ზღვის მონიტორინგი”, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეც აისახება. 

პროექტის ჯამური ღირებულება 1.300 000 ლარია. შენობის საერთო ფართი 1872 მ2 -ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×