ირაკლი ლომიძე
21.07.2021

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის მიუხედავად, საქართველოს სპეციალისტები იმ ქვეყნების რიგს მიაკუთვნებენ, სადაც მხარჯველი ტურისტების დიდი სიმცირეა. ამის მიზეზად კი მომსახურების ხარისხი მიიჩნევა. რაც შეეხება საქმიან ტურებს, რაც შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა სექტორისთვის, ეპიდემიის გამო შეიძლება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გახდეს პოპულარული.

რაც შეეხება ტურიზმიდან მირებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ოფიციალურ სტატისტიკას, ეროვნულმა ბანკმა გუშინ გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით ჯამში 122.5 მლნ დოლარი მიიღო, ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 111.3 მლნ დოლარით მეტია.

საქართველოში მხარჯველი ტურისტების სიმცირეზე საუბრობენ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები. ტუროპერატორი მზექალა სამხარაძე ამის მიზეზად მომსახურების სფეროში არსებულ ხარვეზს მიიჩნევს და ამბობს, რომ უმეტეს შემთხვევაში მომსახურების დონე ფასს ვერ პასუხობს. მისივე თქმით, გამონაკლისია თამაშის მიზნით ჩამოსული ვიზიტორები, თუმცა მათ მიერ დახარჯული ფული სტატისტიკაში ვერ ხვდება.

,,ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მაღალმხარჯველი ტურისტები მივიღოთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ შეუძლია დამსვენებლებს მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს, სანახაობა არის, მაგრამ მომსახურების დონე ევროპულს ბევრად ჩამორჩება, ფასებით კი ევროპულს ვუტოლდებით. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კი ფულიანი ტურისტის მოზიდვა ძალიან გაუჭირდებათ. ვისაც ფული აქვს წავა სხვა ქვეყანაში, რადგან ძალიან მაღალი დონის მომსახურებას მოითხოვს, რომელსაც საქართველოში ვერ მიიღებს. საქართველო კი არა, საბერძნეთიც კი, რომელიც აყვავებული ქვეყანაა ჩვენთან შედარებით, ვერ მოიზიდა მხარჯველი ტურისტი, განსაკუთრებული კატეგორიაა. ეპიდემიამდე მეტი შესაძლებლობა გვქონდა, რომ ეს მიმართულება განვითარებულიყო, ამ სიტუაციამ საგრძნობლად დაგვხია უკან, მათ შორის, საქმიანი ტურების მიმართულებითაც", - ამბობს ტუროპერატორი.

ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვიზიტორი, რომელიც 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ბინავდება, ავტომატურად განიხილება მაღალმხარჯველ ტურისტად, მაშინაც კი, რომ სხვა სფეროებში, ნაკლები თანხა დახარჯოს. მათი დათვლით, ამ დამატებითი ხარჯის გარეშე მას ერთ ვიზიტზე 300-400 დოლარის დახარჯვა მხოლოდ ცხოვრებისთვის უწევს. გარდა ამისა, სოლიდურ და 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დიდია გასართობი ტურიზმში ხარჯვის მაჩვენებელიც, რადგან ამ დროს ვიზიტორები დამატებით ხარჯავენ სასტუმროებში განთავსებულ კაზინოებში, კლუბებში, ბარებში, სარელაქსაციო სერვისში (მასაჟი, სპა).

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან" პროფესორმა ნიკა კვარაცხელიამ ისაუბრა.

,,მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ, რომელია მხარჯველი და არამხარჯველი ტურისტი. ვიზიტორი, რომელიც შედის 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, უკვე მხარჯველია. თუნდაც, რომ მეტი არ დახარჯოს, 300-400 დოლარს მარტო ცხოვრებისთვის ხარჯავს, აქ არის გასათვალისწინებელი სათამაშო ბიზნესის ფორმა, სასტუმროებში განთავსებული კაზინოები მუშაობენ აქტიურად, რაც ტურისტს ასევე აინტერესებს. ბევრიც ძირითადად გასართობი ტურიზმით არის. არ არის მარტივი, რომ ქვეყანამ მხარჯველი ტურისტი მოიზიდოს, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ერთი ტურისტის ხარჯს არ შეუძლია დიდი მოგების მოტანა, სარგებელი მოაქვს მხოლოდ დიდი რაოდენობის ხალხს. ამ თვალსაზრისით, მართალია, საამიროები ბევრს ხარჯავენ, მაგრამ მათ გართობის და მოგზაურობის სხვა ინტერესები აქვთ. ებრაელებიც კი, მიუხედავად, რომ მდიდარი ხალხია, საქართველოში არ ჩამოვლენ, გარდა მოთამაშე ან აქედან წასულებისა, რომლებსაც არც ისე ბევრი ფული აქვთ, მაგრამ უყვართ საქართველო", - აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.

მან ასევე ტურიზმში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აგრო ტურიზმმა შეიძლება ყველაზე მარტივად აღიდგენოს ძალები, რის ხარჯზე სექტორი მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორებას მოახერხებს.

,,არანორმალური სამუშაო რიტმით გადაღლილი ადამიანებისთვის სოფელში დასვენება მისწრებაა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აგროტურიზმი საუკეთესო შესაძლებლობაა, ცოტა ხნით მოშორდნენ ცივილიზაციის დაძაბულ რიტმს და ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობით მოიკრიბონ ძალები, რაც მათ ქალაქში ცხოვრების გასაგრძელებლად სჭირდებათ. დამსვენებლები ყოველთვის გამოიჩენენ ინტერესს ისეთი ადგილებისადმი, სადაც ეპიდემიის რისკი სადაც ნაკლებია. მთავარია, რომ მომსახურება ყველა კატეგორიის დამსვენებელზე იყოს მორგებული და ინტერესს იწვევდეს",- განაცხადა კვარაცხელიამ.

გარდა ამისა, როგორც ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ირკვევა, 2021 წლის ივნისში მიღებული შემოსავლები აჭარბებს წინა თვის მონაცემებსაც. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ 73.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ჯამში 133 500 ტურისტი ეწვია, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104 600-ით მეტია, ხოლო წინა თვესთან შედარებით, ზრდა 37 000 ტურისტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×