რეზონანსი
21.07.2021

ქვეყანაში პრაქტიკულად ორნიშნა ინფლაციაა. მისი მოთოკვა კი ვერაფრით ვერ ხერხდება. პირიქით, ყოველთვიური მონაცემები სულ უფრო მძიმდება. ინფლაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკი მძიმე მონაცემებს ვერაფერს ვერ უხერხებს, ამიტომ სპეციალისტები ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ.

საქართველოს მაღალი ფასები ახრჩობს. ქვეყანაში ყველაფერი საგრძნობლად გაძვირებულია. ბოლო 10 წელია, საქართველოს ასეთი მაღალი ინფლაცია არ ჰქონია. ივნისისში ფასების ინდექსი 9.9%-ით გაიზარდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

დღეს არსებულ ციფრებთან ერთად, საკმაოდ მძიმეა მოლოდინიც. ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკის პროგნოზიც კი იმის დასტურია, რომ წელს მაღალი მაჩვენებელი იქნება და ინფლაციის მიზნობრივთან მიახლოებაც კი შეუძლებელი გახდება. ცენტრალური ბანკი ინფლაციის შემცირებას 2022 წლის მარტიდან პროგნოზირებს. იქამდე კი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას აპირებს.

მძიმეა "გალტ ენდ თაგარტის" პროგნოზიც, სადაც ნათქვამია, რომ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 8.3%-ის ფარგლებში იქნება.

"ფასების დონის ზრდა ივნისში 9.9% იყო და ამაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იყო. პურპროდუქტებიც ამ კატეგორიაში შედის. რა თქმა უნდა, ინფლაციაზე პურპროდუქტებზე ფასების ზრდის გავლენა იქნება, თუმცა შესაძლოა, სხვა კატეგორიების ზეწოლა შემსუბუქდეს და დაბალანსდეს, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ იძლევა, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის შემცირების მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება.

ვფიქრობთ, წლის ბოლოს, დეკემბერში ინფლაცია ორნიშნა იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დაბალი ბაზა გვაქვს, შარშან ინფლაცია 2.4% იყო და ეს გამოწვეული კომუნალური გადასახადების სუბსიდიით იყო, ამიტომ, დეკემბერში ეს დაბალი ბაზა იმოქმედებს", - აღნიშნა "გალტ ენდ თაგარტის" ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ.

ფაქტობრივად, საქართველოს ცენტრალურ ბანკს ინფლაციის ოდნავ მოთოკვაც კი ძალიან უჭირს. სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ინფაციას ვერაფრით ვერ ეხმარება და საინტერესოა, მთელი წლის მანძილზე შენარჩულებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა რამდენად ხელის შემწყობი აღმოჩნდება ინფლაციისთვის.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოსათოკად არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ეკონომიკის დაკნინების ფონზე, ფასების დონის შემცირებას ცდილობს.

"ეროვნული ბანკის პროგნოზი იმის დასტურია, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ინფლაციის მოსათოკად. ძალიან მკაცრია ის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც სებ-ი ატარებს. ასეთი სახის ფულადსაკრედიტო, იგივე მონეტარული პოლიტიკა ერთადერთი ხელს უწყობს მოსახლეობის ჯიბეების შემსუბუქებას, ანუ ფაქტობრივად ეკონომიკიდან ფულის ამოღებას. ეკონომიკის დაკნინების ფონზე, ეროვნული ბანკი ცდილობს ფასების დონის შემცირებას. როდესაც ფასი იზრდება, 99% შემთხვევაში, აღარ მცირდება, ამიტომ გამორიცხულია, რომ გაზრდილი ფასები შემცირდეს. მაღალი ფასები ყოველ მიზეზ გარეშე შენარჩუნდება და ამის ფონზე მოსალხოების ჯიბეში ხელის ჩაყოფა და დამატებითი ფული ამოღება, ფაქტობრივად ნიშნავს, საქართველოს მოსახლოების გამეტებას, შიმშილისა და სიღარიბისთვის.

როდესაც ეროვნული ბანკი აძვირებს ფულს ანუ ზრდის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციული ბანკების ზრდიან საპროცენტო განაკვეთს და ფაქტობრივად მეტ თანხას ახდევინებენ მოვალეებს. ეს არამარტო ფიზიკურ პირებს, არამედ ბიზნესსაც შეეხება. ეროვნული ბანკი ინფლაციას ებრძვის ეკონომიკის დაკნინების ხარჯზე. ასეთი მარაზმი უნდა შეწყდეს საქართველოში", - განუცხადა "რეზონანსს" ლია ელიავამ.

უკვე რამდენიმე წელია, ინფლაციის მაჩვენებელი არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარება. კარგა ხანია, ინფლაცია მიზნობრვითან ახლოსაც კი არ მისულა. თითქმის ორნიშნა ინფლაციის და სებ-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიუხედავად, ცენტრალური ბანკი პოზიციას არ ცვლის და 2021 წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია მაინც 3.3% საზღვრავს.

ეკონომიკის დოქტორს, ირაკლი მაკალათიას ეჭვი ეპერება, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზის გამართლდეს და ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყოს.

"არამხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ მთლიანად სახელმწიფო სექტორი ყოველთვის პოზიტიურ პროგნოზებს დებენ და რადგანაც მომავალ წლამდე სებ-ი ინფლაციის შემცირებას არ ელოდება, ძალიან მინიმალურია იმის შანსი, რომ ამ პერიოდში მონაცემები შემცირდეს. ისიც საკითხავია, სებ-ის მიერ დასახელებული დროიდან (2022 წლის მარტი) რამდენად დაიწყებს ინფლაცია შემცირებას. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი უკვე წლებია 3%-ზე გვაქვს და ეს უბრალოდ ქაღალდზე დაწერილია ციფრია, რომლის შესრულებაც ვერ ხდება და 2-ჯერ და უფრო მეტჯერაც კი ხდება აცილება. მაშინ ჩაწერონ 1% ან 2%, მაინც რა მნიშნველობა აქვს, თუ მიზნობრივისკენ არ მიდიან?!

მაღალი ინფლაციის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი ჭარბად ბეჭდავს ფულს. იმაზე მეტ ფულს ბეჭდავს, ვიდრე ეკონომიკას სწირდება. რეალურად, ეს ზედმეტი ფული ხმარდება სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრებას. ეროვნული ბანკი ერთი ხელით ბეჭდავს ბევრ ფულს, იწვევს ინფლაციას და მეორე ხელიდან თავისივე მოჭრილი ზემდეტი ფულის ამოღებას ცდილობს რეფინანსირების განაკვეთის ზრდით და აქ საერთოდ სად არის ლოგიკა? ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის გამოშვება უნდა აკონტროლოს. დანარჩენ მექანიზმებს რასაც იყენებს, რეფინანსირება იქნება, თუ ინტერვენციები, არ იღებს სასურველ შედეგს, რადგან ამის პარალელურად ბეჭდავს ჭარბ ფულს", - განაცხადა "რეზონანსთან" ირაკლი მაკალათიამ და დასძინა, რომ რადგანაც ეროვნული ბანკი მის უშაულო მოვალებას ვერ ასურლებს, ამის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს.

"ეროვნული ბანკი ერთადერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია ლარის ბეჭდვა და მას აქვს პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი მთავრობასთან შეთანხმებულად მიდის და პასუხისმგებლობა სხვებზეც გადანაწილდება, მაგრამ ინფლაციაზე და ფასებზე მთავარი პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი", - დასძინა ირაკლი მაკალათიამ "რეზონანსთან".

აპრილის ბოლოსთვის საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ივნისში კი იმავე ნიშნულზე დატოვა. სებ-მა ასეთი გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, შედეგი ჯერ ნულოვანია, პირიქით, წინა თვეში ინფლაციამ არნახულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×