თიკა სიბოშვილი
27.07.2021

მკვეთრად გაუარესებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მუდმივად ამბობენ, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ აღარ იქნება, თუმცა, პარალელურად, გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთჯერადად მაინც არ იქნებიან აცრილი, სავაჭრო ცენტრებში, კაფე-ბარებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა აეკრძალებათ. რამდენად სწორია ეს მიდგომა და იმ შემთხვევაში, თუ მას კანონის ძალა მიენიჭება, ვინ ან როგორ გააკონტროლებს ასეთ ადგილებს?

მოსალოდნელი „ლოქდაუნის“ შესახებ ეჭვი საბოლოოდ გაქარწყლდა. ამას  ეპიდემიოლოგები და მთავრობის წევრებიც ადასტურებენ.  ქვეყანა და ეკონომიკა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს, ინფიცირებულთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. გამოდის, მოქალაქეები რეგულაციებს არ იცავენ, რაც კიდევ ერთ დიდ პრობლემას ქმნის. 

გაუარესებული ეპიდმდგომარეობის გამო, ბიზნესის წარმომადგენლები შეშინებული არიან და ცდილობენ, თავიანთ სივრცეში თვითონ დააწესონ შეზღუდვები. კაფე-ბარმა „ამბავმა“ საგანგებო მიმართვაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მათ ობიექტში დაიშვებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც, მინიმუმ, ერთჯერადად არიან აცრილი.

„გთხოვთ, იქონიოთ ვაქცინაციის, მინიმუმ, პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მუდმივად მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ, მაგრამ მიმართვიანობა არც ისე დიდია. ექიმები მუდმივად ამბობენ, რომ პირბადის გამოყენება ისევე ეფექტურია, როგორც ვაქცინა, თუმცა ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც არ ერიდება დისკრიმინაციულ განცხადებებს და ფიქრობს, რომ მათ ობიექტებში მხოლოდ ვაქცინირებული პირები უნდა შეუშვან.

„რეზონანსი“ დაინტერესდა რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებლის, კოტე გაბრიჩიძის პოზიციითაც, რამდენად სწორია ეს ვარაუდი და თუ გაითვალისწინებენ ამგვარ მოთხოვნას. როგორც მან აღნიშნა, ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია, რადგან მსგავსი ფაქტი არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და საქართველო პირველი ვერ იქნება.

„იმ ვარაუდის გარდა, რომ დაწესებულებებში ვაქცინირებული ადამიანები არ შეუშვან, არსებობს კიდევ 10 სხვა ვარაუდი.  ადამიანები განიხილავენ ათას რაღაცას და ლაპარაკობენ, მაგრამ სანამ ეს არ იქნება დაზუსტებული, ჩაითვლება ვარაუდად და ამაზე ვერ ვილაპარაკებთ.

ჯერ მსოფლიოში არსად მომხდარა, რომ ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულნი არ არიან, დაწესებულებებში არ შეუშვან. ვფიქრობ, არც ჩვენთან მოხდება ასეთი რამ. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ხომ არ ვიქნებით ასეთი ხისტი გადაწყვეტილების კუთხით?“ - აღნიშნა გაბრიჩიძემ „რეზონანსთან“  საუბრისას.

საქართველოს ეკონომიკამ კრიზისული პერიოდიდან გამოსვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც დაწესებული რეგულაციები მოიხსნა. „ლოქდაუნიდან“ თავის დაღწევა მეტ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს საქმიანობის უკეთ გასაგრძელებლად, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდასა და ლარის კურსზე დადებითად იმოქმედებს. 

როგორც ეკონომისტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, აკრძალვების გარეშე გააგრძელოს ვაქცინაციის პროცესი, რაც უფრო  გაამარტივებს ბიზნესის მუშაობას.

„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა, რომელიც გვქონდა, იყო ვაქცინების რაოდენობა და ეს მეტ-ნაკლებად ამ ეტაპზე გამოსწორებულია. თუ ვაქცინები იქნება, არ მგონია, რომ საზოგადოებას დასჭირდეს ზეგავლენის მექანიზმები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკას, ბევრი ქვეყანა სხვადასხვა წახალისების მეთოდს იყენებს აცრის გასაკეთებლად და ეს არ არის იძულება. მაგალითად, ასეთია აცრილებისთვის პირბადის ტარების გაუქმება დახურულ სივრცეში. 

აუცილებელი არ არის, წავიდეთ აკრძალვებისკენ, შეგვიძლია, წამახალისებელი მექანიზმებითაც იმავენაირად ავაჩქაროთ და ხელი შევუწყოთ პროცესს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი აკრძალვა ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. ჩვენს რეალობაში აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც შეზღუდვების მიმართულებით ვიაროთ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ბაირახტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×