საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა, მაგრამ ის ხარჯს ყველა მიმართულებით გაზრდის
ირაკლი ლომიძე
28.07.2021

მართვის მოწმობის მიღება რთულდება და ძვირდება კიდეც. მსურველებისთვის პირობები მკაცრდება, რაც, ძირითადად, უსაფრთხოებას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, ამან ავტოსკოლაში სწავლების საფასურის გაზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ უკვე საუბრობენ კიდეც. სპეციალისტების შეფასებით, ავტოსკოლების მომსახურების სტანდარტი გაიზრდება და ამასთან, საქართველოში აღებული მართვის მოწმობას საერთაშორისო აღიარება მოჰყვება.

ცნობილია, რომ ავტოსკოლებთან დაკავშირებით კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე განსახილველად შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდებს ახალი კომპონენტი ემატება, რომლის მიხედვითაც, გამოცდას მართვის მოწმობის აღების მსურველები ჯერ საგამოცდო ბაზაზე, შემდეგ კი ქალაქში ჩააბარებენ. ასეთი საგრძნობი ცვლილება სერიოზულ გაძვირებას გამოიწვევს არა მხოლოდ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების, არამედ ავტოსკოლებში სწავლების კუთხითაც. 

მართვის მოწმობის გამოცდებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას დადებითად აფასებს ორგანიზაციის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა. როგორც მან ,,რეზონანსს“ განუცხადა, საკანონმდებლო ცვლილებას დიდი სარგებელი ახლავს და ტარიფებიც რომ გაიზარდოს, ეს იქნება ყველაზე გამართლებული ფასის მატება, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულა საქართველოში.

,,სახელმწიფომ მთელი რესურსი ჩადო, რომ მართვის მოწმობის სტანდარტი გაუმჯობესდეს. ასოცირების ხელშეკრულებაში ამაზე ყურადრებაც არის გამახვილებული. საქართველოში აღებული მართვის მოწმობა თუ საერთაშორისოდ იქნება აღიარებული, ჩვენს მძღოლებს მეტი საშუალება ექნებათ, იარონ ევროპაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ვფიქრობ, სერიოზული ნაბიჯი იდგმება, ისედაც დიდი დრო დავკარგეთ. 

მძღოლის კვალიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრაქტიკულ ცოდნას დიდი ყურადღება მიექცევა. მას, ვინც კარგად მოემზადება, გამოცდის ჩაბარება არ გაუჭირდება. მეტი სარგებელია თუნდაც ის, რომ ჩვენს მართვის მოწმობას ექნება აღიარება. 

ახლა ბევრი აბარებს მართვის გამოცდას და მერე კიდევ დამატებით მეცადინეობენ, რადგან პრაქტიკულად ვერ ატარებენ მანქანებს, არ აქვთ შესაბამისი მინიმალური გამოცდილებაც კი. თავის მხრივ, ავტოსკოლებიც გაზრდიან სტანდარტს და ამ კუთხითაც სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება, რაც სფეროს მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს, მომსახურება უფრო მეტად დაიხვეწება, სერიოზულად წავიწევით წინ“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ კვაშილავამ. 

ავტოსკოლების წარმომადგენლები ცვლილებებს მხარს უჭერენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები ბიზნესთან არ ყოფილა. როგორც „არტ დრაივის" დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა აღნიშნა, ქალაქში ავტომობილის მართვის შესასწავლად შესაბამისი სივრცეები უნდა გამოიყოს. ამასთან, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მათი მომსახურების გაძვირება მართლაც გარდაუვალი იქნება.

„როგორც ვიცით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ პრაქტიკული გამოცდა ჩაბარდება ქალაქში, თუმცა - რუსთავის ტერიტორიაზე. ავტოსკოლებს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ და ამ პროცესებში ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული. ფაქტობრივად, ავტოსკოლებიდან მიდიან ადამიანები გამოცდების ჩასაბარებლად. მომხრე ვართ ცვლილებების, რადგან ახლა როგორც ბარდება გამოცდები, საკმარისი არ არის. ჩვენც მზად ვართ, თუმცა სად უნდა ვასწავლოთ მსურველებს ქალაქში ავტომობილის მართვა, ჯერ არ ვიცით. ცვლილებები აუცილებლად გამოიწვევს სწავლების საფასურის გაძვირებას 20-30%-მდე”, - აღნიშნა მან. 

მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის სამომავლოდ ყველაზე დიდი პრობლემა გადასახადი იქნება. როგორც თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოსკოლის წარმომადგენელი რეზო კიკნაველიძე ამბობს, თუკი გამოცდები გამკაცრდება, ავტოსკოლებს მოუწევთ საათების დამატება, თეორიული და პრაქტიკული სწავლების გახანგძლივება და სხვა სახის ცვლილებების გატარებაც, რაც ხარჯს გაზრდის.

,,ვერ ვიტყვი, რომ ცვლილებისთვის ბოლომდე მზად ვართ, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო. ჩვენს შემთხვევაში გვაფიქრებს ის, რომ საფასურის ზრდა მოგვიწევს, ზუსტად რამდენით მოიმატებს, ვერ გეტყვით, თუმცა კორექტირება აუცილებლად მოხდება. მთავარია, რომ წინ კიდევ არის მოსამზადებელი პერიოდი. 

ალბათ, ახალ სტანდარტზეც უნდა ვიმსჯელოთ, ყველაფერი ეს ხარჯს ზრდის. არ ვიცი, რამდენად არიან ჩვენი მოქალაქები ამისთვის მზად, რადგან  მართვის მოწმობის აღება შეიძლება, რამდენიმე ასეული ლარიც გახდეს, რის შესაძლებლობაც ბევრს არ აქვს. სხვა მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ. 

ცხადია ისიც, რომ ახალი რეგულაციები საჭიროა. ბევრი არაკეთილსინდისიერი კომპანია არის ბაზარზე, სადაც სწავლება ძალიან დაბალ დონეზეა და ეს ხარვეზიც გამოსწორდება. თუკი რეალური ცვლილებები გატარდება, მხოლოდ მისასალმებელია. აუცილებელია, რომ ამ საკითხს დიდი ყურადღება დაეთმოს“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ რეზო კიკნაველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×