თუკი ეკონომიკამ გაზრდა, ხოლო და ლარის კურსმა გამყარება გააგრძელა, შემოდგომიდან უკეთესი მდგომარეობა იქნება
რეზონანსი
28.07.2021

კორნავირუსის პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარზე დიდი ცვლილებები გამოიწვია. ეპიდემიის გავრცელების პარალელურად, სამშენებლო სფეროში ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა. მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობას ბინის ყიდვის სურვილი გაუქრა. უკეთესი მდგომარეობა არც ახლაა, თუმცა დეველოპერებს მაინც პოზიტიური მოლოდინი აქვთ. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა ახლა ბაზარზე და გაიზარდა თუ არა მოსახლეობის ინტერესი უძრავი ქონების მიმართ.

ბოლო თვეებში ეკონომიკა მუდმივად შეზღუდული იყო, ხოლო ბიზნესი _ უფუნქციო, მოსახლეობა კი _ შემოსავლის გარეშე დარჩენილი. უძრავი ქონების ბაზარზე არა მხოლოდ პანდემიამ, არამედ ლარის გაუფასურებემაც დიდი გავლენა მოახდინა. ახლა, როცა კურსი საბოლოოდ დასტაბილურდა და ეკონომიკა ნელ-ნელა გამოცოცხლების პროცესშია, პოზიტიური მოლოდინია უძრავი ქონების ბაზარზეც, რასაც კიდევ უფრო მეტად ახალისებს სამშენებლო ამნისტიის პროექტი.

როგორც სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ადასტურებს,  გაყიდვის მაჩვენებელი, წლის პირველ ნახევართან შედარებით, გაზრდილია.

„რაც წლის პირველ ნახევარში იყო, იმასთან შედარებით რეალიზაცია ახლა უფრო მეტად გაუმჯობესდა, რადგან, ალბათ, მომხმარებელი ადაპტირდა ბაზარსა და არსებულ პირობებთან. დიდი ხანი გაყიდვა შემცირებული იყო და ეკონომიკის გახსნამაც მცირე დადებითი ეფექტი იქონია. ამასთანავე, დეველოპერებმაც ფეხი აუწყეს ბაზარზე ფასების შენარჩუნების ტენდენციას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ზაქაშვილმა და დასძინა, რომ სამშენებლო ამნისტიის კანონპოროექტი მოსახლეობას კიდევ უფრო წაახალისებს, რადგან არავის სურს უძრავი ქონების უსარგებლოდ შესყიდვა.

„სამშენებლო ამნისტიამაც პოზიტიური მოლოდინები გააჩინა მშენებლებისთვის. ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ამ პროექტმა წაახალისა დეველოპერები, რომ უფრო შეღავათიანი პირობებით ევაჭრათ და, ამასთანავე, მყიდველისთვისაც ეს არის ერთგვარი სტიმული. ამ კანონპროექტით გეუბნებიან, რომ  2 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში მიღებულ სახლში რემონტს ვეღარ გააკეთებ და ვერც იცხოვრებ, ანუ ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ სანამ რეგულაცია ამოქმედდება, ბინა შეიძინო.

სამშენებლო ამნისტიის პროექტი აჩენს მოლოდინს, რომ ახლა ბევრს გაუჩნდება ბინის ყიდვის სურვილი, მათაც კი, ვისაც დაგეგმილი არ ჰქონდა, რადგან არავის არ სურს, რომ ელოდოს დეველოპერს, როდის მოხდება შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარება, რადგან მანამდე მყიდველი ვერ შეძლებს იქ შესახლებასა და საკუთარი ქონებით სარგებლობას“, - დასძინა უჩა ზაქაშვილმა.

შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. წესით,  რეგულაციებს ბინების გაძვირება უნდა გამოეწვია და ნაწილობრივ ასეც მოხდა, თუმცა არა ისე, როგორი მოლოდინიც იყო. ფაქტია, რომ უძრავი ქონების ფასი დიდად არ შეცვლილა, თუმცა, როგორც უძრავი ქონების სააგენტო „სიგმას“ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი აღნიშნავს, მოთხოვნა გაზრდილი მაინც არ არის.

„ამ ეტაპზე მოთხოვნა გაზრდილი ნამდვილად არ არის, რადგან როდესაც ეკონომიკაში გარკვეული პრობლემებია, უძრავი ქონების ბაზარიც რეაგირებს ამაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის ნაწილის აცრა მოხდება და, შესაბამისად, აღარ გვეყოლება ამდენი ინფიცირებული, უფრო მეტი შანსია, ადრინდელ რეჟიმს დაუბრუნდეს ეკონომიკა და ბუნებრივია, ბიზნესიც უფრო სწრაფად განვითარდება.

ბანკები, გარკვეული რეგულაციების შემოღების შემდეგ, ძნელად გასცემენ კრედიტებს, რამაც იმოქმედა უძრავი ქონების ბაზარზეც და მოთხოვნა შეამცირა. საკრედიტო ორგანიზაციები ითხოვენ ოფიციალურ შემოსავალს, ყველაფერს ითვლიან ისე, რომ მსესხებელმა შეძლოს კრედიტის დაფარვა“, - აღნიშნა ლაჩაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ დღესაც უძრავი ქონების გაყიდვა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაც დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია.

„მესმის, რომ მშენებლები უპროცენტო განვადებაზე თანხმდებიან, მაგრამ ვადა გაცილებით ნაკლებია. 10-15 წელი არც ერთი მშენებელი არ მოუცდის მყიდველს ბინის საფასურის სრული ოდენობის დასაფარად.

წინა პერიოდთან შედარებით, ბაზარზე ახლა ფასები გაზრდილი არ არის, თუმცა არის ასეთი ტენდენცია: დეველოპერები იძულებულნი იქნებიან, ის უძრავი ქონება, რომელიც ახლა შენდება, გაყიდონ გარკვეულ ფასად, რაღაც ზღვარზე დაბლა მას, უბრალოდ, აღარ გაყიდიან, წაგებაში ხომ არ წავლენ. ეს გამოიწვია რეგულაციებმა, რომლებიც მშენებლებს დაუწესეს. ამიტომაც ამან, დაახლოებით, 15-20%-ით გაზარდა ფასები მშენებლობებზე“, - დასძინა ზურაბ ლაჩაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×