სწავლის დისტანციურ რეჟიმში დატოვებამ, გაქირავებაზე მოთხოვნა შეამცირა
რეზონანსი
14.09.2021

კორონავირუსის პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარი ძალიან დააზარალა. სექტორისთვის ახლანდელი ვითარება არც ისე სახარბიელოა, რადგან ბინების ყიდვა-გაყიდვამ მცირედით მოიმატა, ისევე როგორც - გაქირავებამ.  

შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ბაზარი კრიზისიდან ვერ გამოდის, რადგან მოსახლეობას ბინის ყიდვის შეძენის სურვილი და შესაძლებლობა გაუქრა, შესაბამისად, რეალიზაციაც შემცირებულია. ამ ეტაპზე, ცოტათი იმედის მომცემი სუბსიდირების პროგრამაა, თუმცა დარგის წარმომადგენლებისგან მთავრობის თანადაფინანსებაზე დიდი იმედები მაინც არ მყარდება. 

კომპანია „ბერუკას” დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილი აცხადებს, რომ ბინების ყიდვა-გაყიდვის მხრივ რაიმე დადებითი ცვლილება არ შეიმჩნევა. 

„ბინების რეალიზაციის მხრივ, ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული დადებითი ცვლილება არ მომხდარა. ვნახოთ, არჩევნების შემდეგ რა იქნება. ალბათ, ჩვენი სფეროც, ასე თუ ისე, გამოცოცხლდება. ყიდვა-გაყიდვა გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 10-15%-ით არის მომატებული. ახლანდელი სუბსიდირების პროგრამა, რა თქმა უნდა, რეალიზაციის გაზრდის მხრივ დადებითად იმოქმედებს”, - განაცხადა „რეზონანსთან” გუგეშაშვილმა და დასძინა, რომ ბინების გაქირავების მიმართულებით შედარებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ყიდვა-გაყიდვის კუთხით.  

„გაქირავების მიმართულებით, თითქოს აქტიურობა დაიწყო, მაგრამ, ჯერჯერობით, წინა წელთან და თვეებთან შედარებით, ვითარება მაინც პრობლემურია. გაქირავებაზე უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ბინების ყიდვა-გაყიდვის მხრივ”, - დასძინა ავთანდილ გუგეშაშვილმა.  

უძრავი ქონების გაქირავებაზე მოქმედებს სწავლის დისტანციურ რეჟიმში განახლებაც, რადგან სტუდენტები სოფლიდან ქალაქებში საცხოვრებლად აღარ ჩამოდიან, სექტემბერ-ოქტომბერში კი ბაზარზე სტუდენტების მიერ დაქირავებული ბინის წილი საკმაოდ მაღალია. 

ბაზრის ექსპერტი, სააგენტო ,,კიბის“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ თუ სწავლა ჩვეულებრივ განახლდება, გაქირავების ბაზარზე დადებითი ძვრები დაიწყება. სხვა შემთხვევაში დადებითი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

„ბინების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება შედარებით გაზრდილია, მაგრამ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე დატოვება გაქირავების მიმართულებით გავლენას მოახდენს. სტუდენტები არ ჩამოვლენ ქალაქებში და ამით შემცირდება მოთხოვნა. რადგან მთელი სასწავლო სემესტრის დისტანციურზე დარტოვების საკითხი არ არის გადაწყვეტილი, ამის გამო, ასე თუ ისე, მოთხოვნა მაინც არის და ხალხი ბინის დაქირავებაზე ინფორმაციას აგროვებს. თუ სწავლა ჩვეულებრივ განახლდება, რა თქმა უნდა, გაქირავების ბაზარი სწრაფად გამოცოცხლდება. 

იპოთეკური სესხების სუბსიდირების წინა პროგრამამ დადებითი გავლენა ნამდვილად იქონია. ახლანდელთან დაკავშირებით მოლოდინი კი გვაქვს, რომ მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა არა იმ მასშტაბებში", - განუცხადა „რეზონანსს” ნელი გოგუაძემ. 

როგორც აღმოჩნდა, ეკონომიკური ვარდნის ტემპს უძრავი ქონების ბაზარიც კვალდაკვალ მიჰყვა, რის გამოც ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. ახლა მდგომარეობა მცირედით გამოსწორებულია, მაგრამ ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ბაზარზე არსებულ ვითარებას დადებითად შეაფასებდა.  

კომპანია „ბონუსის" დირექტორი ილია ინაშვილი აქცენტს სუბსიდირების ახალ პროგრამაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მთავრობის თანადაფინანსება უძრავი ქონების ბაზარს დაეხმარება და ამ გზით რეალიზაცია მოიმატებს. 

„ამ საკითხებთან დაკავშირებით ახლა ვმუშაობთ და ბოლო ორი თვის სტატისტიკას ვადგენთ, სადაც ყველაფერი გამოჩნდება, თუ რა რყევა და რა გამოწვევა იყო. გამზადებულ, ახალაშენებულ ბინებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან გააქტიურებული ბაზარი და ფასებიც მზარდია. წელს ფასმაც აწევა დაიწყო, დაუბრუნდა იმ ნიშნულს, როდესაც, პანდემიის გამო, ფასებმა ვარდნა დაიწყო.  

სუბსიდირების ახალი პროგრამა მოთხოვნასა და რეალიზაციას ცხადია, გაზრდის და სექტორისთვის ხელშემწყობი იქნება”, - განუცხადა „რეზონანსს” ილია ინაშვილმა. 

კორონავირუსის პანდემიამ სამშენებლო სფეროში დიდი ცვლილებები გამოიწვია. ეპიდემიის გავრცელების პარალელურად, უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება სულ უფრო მეტად იძაბებოდა, რადგან შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოსახლეობას ბინის შეძენის ფინანსები გაუქრო. მცირედი გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა აამუშავა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ გარემოებამაც უძრავი ქონების ბაზარი მცირედით წაახალისა. დიდი ცვლილებები არც ახლანდელი პროგრამითაა მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×