თიკა სიბოშვილი
20.10.2021

ქვეყანაში სულ მალე ახალი კანონი ამოქმედდება - მძღოლებს, რომლებიც მოპედს ან მოტოციკლს მართავენ, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. პარალელურად, იცვლება წესი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებების მისაღებ გამოცდაზე და ხდება 2-ეტაპიანი. კანონპროექტი ძალაში გაზაფხულიდან შევა და გამოდის, რომ მძღოლებს გამოცდამდე სერიოზული მომზადება დასჭირდებათ. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია დეტალები, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მძღოლები, რომლებსაც  მართვის მოწმობის აღება სურთ.

2022 წლის პირველი მარტიდან მოპედებისა და მსუბუქი მოტოციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამას „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. მოპედი უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მასზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აღნიშნავს, ახალი კანონი გამოცდის გადასახადს არ გააძვირებს, ხოლო მათ, ვისაც რაიმე სახის მართვის მოწმობა უკვე აქვთ, ახალი გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ. 

„კანონში ახალი ცვლილება გადასახადს არ გააძვირებს, გამოცდა იქნება ისევ ისეთი, როგორიც იყო. ადამიანები გამოცდას ჩააბარებენ თეორიულ ნაწილში, გავლენ გამოცდაზე და მიიღებენ მართვის მოწმობას. გადაწყდა, რომ „ა" კატეგორიის მართვის მოწმობის აღება 16 წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება. 

ვიყავი მომხრე იმისა, რომ შესაძლებლობა ყოფილიყო უფრო დაბალი ასაკიდან, 14-15 წლიდან, რადგან გვაქვს არაერთი გამოცდილება ევროპის რიგ ქვეყნებში. ვთვლი, რომ მოზარდები 15 წლის ასაკიდან მზად არიან იმისთვის, რომ 50 კუბ/მეტრის მქონე სკუტერი ან მოპედი მართონ.

ვისაც სხვა რაიმე სახის მართვის მოწმობა აქვს, მაგალითად, „ბ1" ან კიდევ უფრო მაღალი კატეგორია, თავისთავად მოიცავს ამ კატეგორიას. გამოდის, რომ თუ ჩვენ გვყავს ავტომობილი და გვაქვს მოწმობა, 50 კუბ/მეტრის მქონე მოპედების ან სკუტერების მართვაც შეგვიძლია“, - აღნიშნა მელაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ახალი წესის ამოქმედებისთანავე ყველა მოპედისა თუ მოტოციკლის მძღოლი ვალდებული იქნება, ჰქონდეს სანომრე ნიშნები.

„აბსოლიტურად ყველა სკუტერსა თუ მოპედს ექნება სახელმწიფო ნიშნები. ნომერი რომ ყველას უნდა ჰქონოდა, ამაზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო საუბარი, რადგან ამის გარეშე იდენტიფიცირება რთულია, რითი იყო, ვინ მართავდა, ამიტომაც ეს სიახლე სასიხარულოა“, - დასძინა მელაძემ.

მოპედი და მოტოციკლი საქართველოში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქვეყანაში უკვე წლებია, რაც სკუტერების შემოდინება აქტიურად დაიწყო. ამის პოპულარიზაციას საკურიერო მომსახურებამაც შეუწყო ხელი, რადგან კურიერების დიდი ნაწილი გადაადგილებისათვის მოპედს იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლით გადაადგილება მარტივია, აქვს უარყოფითი მხარეები. იმის გამო, რომ მძღოლები არ ითვალისწინებენ წესებს და ხშირად დაუდევრად გადაადგილდებიან, მომრავლებულია ავტოსაგზაო შემთხვევები. როგორც საავტომობილო სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, ახალი კანონი მნიშვნელოვანია და საჭირო, რათა მოხდეს მძღოლების გაკონტროლება და მოძრაობის რეგულირება.

„კანონი იმის შესახებ, რომ მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობის აღება დასჭირდებათ, კარგია. დღეს უკვე ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რომელთა უმრავლესობა სწორედ ამ სატრანსპორტო საშუალებების მიერ ხდება.

ის, რომ მოპედებსა და მოტოციკლებს ძალიან ახალბედა და ასაკით პატარა მძღოლები მართავდნენ, ერთი მხრივ, პრობლემას ქმნიდა, ამიტომ კარგია ამ ყველაფრის კანონის ჩარჩოში მოქცევა. თითქმის ყველა იმ ქვეყანაშია აღიარებული კვალიფიკაციის მოთხოვნა, სადაც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება.

ბევრ ქვეყანაში არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული გამოცდაც ბარდება, თუმცა საქართველოში დასაწყისისთვის ესეც საკმარისია. ამის გარდა, კანონში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომ სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს რეგისტრირებული, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს იმას,რომ მაქსიმალურად გაადვილდეს კონტროლი არასრულწლოვან მძღოლებზე“, - აღნიშნა კვაშილავამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მოპედის მძღოლების გარდა, ცვლილება შეეხებათ ასევე მათ, ვისაც მსუბუქი მანქანის  მართვის მოწმობის აღების სურვილი ექნებათ. პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი იქნება და მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება რეალურ სივრცეში მოუწევთ.

გამოსაცდელ პირებს ის ქუჩები და მარშრუტები, რომელთა გავლაც გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარებისას მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ.  მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი  ჩატარდება ყველა იმ ქალაქში, სადაც მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია განთავსებული.

როგორც ექსპერტი ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, ის ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მართვის მოწმობის გამოცდა ორეტაპიანი ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ახალბედა მძღოლებს დაეხმარება, რომ თავიანთ საქმიანობაში იყვნენ უფრო კომპეტენტურნი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართვის მოწმობის გამოცდა, გარდა დახურული სივრცისა, ტარდებოდეს ღია მოედანზე. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ის მძღოლები, რომლებიც მხოლოდ თეორიულ გამოცდას აბარებენ, არ არიან საკმარისად კომპეტენტურნი. როდესაც მძღოლი შეძლებს გამოცდის ღია სივრცეში ჩაბარებას, ის დანამდვილებით იქნება ბევრად გამოცდილი და ამის დადებით ეფექტს მოგვიანებით დავინახავთ.

წლებია უკვე, ეს კანონპროექტი მუშავდება და მიმდინარეობს მსჯელობა. მართალია, რომ შერჩეული იყო ადგილები, სადაც ჩატარდებოდა გამოცდა, თუმცა იმის გამო, რომ კანონპროექტი დამტკიცებული არ იყო, გამოცდის ჩატარება ვერ ხერხდებოდა. 

ახალბედა მძღოლებისთვის გამოცდის გადატანა ღია სივრცეში იქნება იმის წინაპირობა, რომ შემცირდეს რისკი ქუჩებში და მძღოლი იყოს უფრო კომპეტენტური, ვიდრე არის დღეს“, - აღნიშნა ლალიაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×