ამასობაში ფასმა რეკორდული ნიშნულს მიაღწია და 1 ტომარა პირველი ხარისხი ფქვილი 73-74 ლარი ღირს
გვანცა წულაია
28.10.2021

საქართველოში ფქვილის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა, ხორბლის შემოტანა კი - მცირდება. მიზეზი რუსეთში მარცვლეულზე დაწესებული ბაჟია, რომელიც მუდმივად მზარდია. შესაბამისად, ქვეყანას იმპორტირებული ფქვილის შემოტანა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე შემოტანილი ხორბლისგან გადამუშავებული ფქვილის, მაგრამ მეორე მხარეს ადგილობრივი წარმოებაა. წისქვილკომბინანტებს შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ, ამიტომ გამოსავლის გზების მოძებნაა საჭირო, რათა არც ქართული წარმოება დაზარალდეს და არც რაიმე პრობლემა შეიქმნას, საგარეო ფაქტორების გამო. 

ფქვილის იმპორტის გაზრდამ შესაძლოა, საქართველოში პურის მორიგი გაძვირების პროცესი შეაჩეროს, რადგან ქვეყანაში ფქვილის იმპორტი უფრო იაფია, ვიდრე ხორბლის, თუმცა გასათვალისწინებელია მეორე მხარე – ქართული წისქვილკომბინანტები, რომლებიც არსებული ვითარების გამო, საფრთხეს გრძნობენ. ,,რეზონანსის” ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, გამოსავლის გზებზე უკვე მუშაობს. 

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა იმ გარემოებაზე საუბრობს, რის გამოც ქვეყანაში ფქვილის იმპორტი იზრდება. ქართული წისქვილკომბინანტები მალე დადგებიან არჩევნის წინაშე - გააგრძელონ ძვირი ხორბლის გადამუშავება და თუ თავად გადავიდნენ ფქვილის შემოტანაზე. 

,,პირველი მარტიდან რუსეთმა შემოიღო მცურავი ბაჟი, ხორბლის ექსპორტზე. თავდაპირველად იგი 25 დოლარის ეკვივალენტი იყო, დღეს კი - 67 დოლარია. ადრე ფქვილზეც და ხორბალზეც საექსპორტო ბაჟი ნულოვანი იყო. ახლა ფქვილზე ნული დარჩა და ხორბალზე კი გახდა 67 დოლარი. ამხელა სხვაობამ გამოიწვია დისბალანსი, ფქვილის იმპორტის სასარგებლოდ. ამიტომ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა და ხორბლის შემოტანა შემცირდა 25%-ით. 

წისქვილკომბიაბნტები უახლოეს მომავალში დადგებიან არჩევნის წინაშე -  გააგრძელონ ძვირი ხორბლის დაფქვა (ამით იმპორიტებულ ფქვილს კონკურენციას ვერ გაუწევენ), თუ თვითონ გადავიდნენ ფქვილის შემოტანაზე. თუკი წისქვილკომბინანტებმა შეაჩერეს მუშაობა, ადგილობრივი ხორბლის მოსავალი ფერმერებს გაუყიდავი დარჩება, რადგან თუ წისქვილი არ მუშაობს, ხორბალს ვერ ჩააბარებ”, - განუცხადა ,,რეზონანსს” ლევან სილაგავამ და გამოსავლის გზად ბალანსის დაჭერა დაასახელა.  

,,მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ ბალანსი იყოს დაცული. იმდენი რაოდენობის ფქვილი უნდა შემოდიოდეს, რომელიც ხორბლის წარმოებას და სტატეგიული მარაგების ფორმირებას ხელი არ შეეშალოს. ასევე, იმდენი ხორბალი უნდა იყოს, რომ ფქვილის იმპორტს პრობლემა არ შეექმნას. 

აქ გადამუშავებულ და იმპორტირებულ 1 ტომარა ფქვილს შორის სხვაობა დაახლოებით, 4-5 ლარია. ადგილზე გადამუშავებული პირველი ხარისხის 1 ტომარა ფქვილის ფასი 72 ლარია და 66-67 ღირს, შემოტანილი ფქვილი, თუმცა გარკვეულწილად ადგილორბივი გადამუშავება სჯობს ხარისხის მხრივ, რადგან საკმაოდ მაღალი ტექნოლოგიით აღჭურვილი წისქვილკომბინანტები გვაქვს, შვეიცარული სისტემით”, - დასძინა ,,რეზონანსთან” სილაგავამ. 

არსებული ვითარება საკმაოდ რთული და საყურადღებოა. გამოსავლის გზებზე საუბრობს მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძეც. 

,,უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა. სხვა გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ტენდენცია კი იქითკენაა, რომ შემოტანილი ფქვილის რაოდენობა შეიზღუდოს და ამას იმით ხსნიან, რომ ვითომ, ადგილორბივ წარმოებას უწყობენ ხელს. როგორ კი ბაზარზე ხელოვნურ ჩარევას იწყებენ, მალევე ქართული ფქვილის ფასი იწევს მაღლა. არ ვარ ქართული მრეწველობის მოწინააღმდეგე, მაგრამ ყველაფერს სჯობს საბაზრო ეკონომიკა, რომელიც სიტუაციას მოაწესრიგებს. 

შემოტანილი ხორბლისგან გადამუშავებულ ფქვილსა და იმპორტირებულ ფქვილს შორის სხვაობა დაახლოებით 10 ლარია. იმპორტირებული ხორბლისგან ქართული წისქვილების მიერ გადამუშავებული 1 ტომარა პირველი ხარისხი ფქვილი 73-74 ლარი ღირს, უმაღლესი ხარიხსი კი - 80 ლარი. ფასმა რეკორდს მიაღწია”, - განუცხადა ,,რეზონანსს” დოლიძემ.

ფქვილის იმპორტის ზრდის გამო, ქართული წისქვილკომბინანტები საფრთხედ გრძნობენ. ახლა სექტორი რთული მდგომარეობის წინაშეა და ყველა გამოსავლის გზებზე ფიქრობს, სწორედ ამიტომ შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო. როგორც წისქვილკომბინანტ ,,ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი ამბობს, მდგომარეობა დრამატულია და თუ ასე გაგრძელდა, დარგი გაჩერდება. 

„უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებები ყოველკვირეულად მიმდინარეობს, რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება ვქნათ. ამ ეტაპზე გამოკვეთილი შედეგი არ არის. სიმართლე გითხრათ, ჩვენ პირდაპირ ვერანაირ გამოსავლის გზას ვერ ვთავაზობთ. ვამბობთ ფაქტს, რომ მძიმე მდგომარეობაა და თუ ასე გაგრძელდა, დარგი გაჩერდება. რა გავაკეთოთ, ალბათ, უფრო კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შემოგვთავაზონ, რომ რაღაც შეღავათი გვქონდეს.

ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ ნელ-ნელა იძულებული ვხდებით რაღაც სხვა ალტერნატივა მოვიფიქროთ. ეს ფქვილის იმპორტი იქნება თუ სხვა ბიზნესზე გადაწყობა, არ ვიცით. რეალობა ასეთია - იმდენად დიდი სხვაობაა იმპორტირებულ და ადგილობრივ წარმოებულ ფქვილს შორის, რომ კონკურენციას ადგილობრივი ბაზარი ფიზიკურად ვერ უძლებს. ამიტომ, ყველას მოგვიწევს სხვა გზების პოვნა. შედეგად, კონკრეტულად ჩვენი ბიზნესის დახურვით 120 ადამიანი დარჩება უმუშევრად, სექტორის გაჩერებით კი - 5 000-ზე მეტი ადამიანი. საკმაოდ დიდი ჯაჭვია, ამას პლუს გადამზიდავები და დამხმარე დარგები“, - განაცხადა ,,ბარაქას“ დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან”. 

სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება 9-თვიან მაჩვენებელს, ქვეყანამ 16 430 ტონა (4.897 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განახორციელა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი, კვლავ რუსეთია, საიდანაც საქართველოში 9 თვეში 15 801 ტონა - 4.614 მლნ აშშ დოლარის ფქვილი შემოვიდა.

რაც შეეხება ხორბალს, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 67.8 მლნ აშშ დოლარის - 282 866 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 80.3 მლნ დოლარის - 368 746 ტონა ხორბლის.

ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, თუმცა საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. არჩევნების წინ მთავრობაში აცხადებდნენ, რომ გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევდათ და საჭიროების შემთხვევაში ჩაერეოდნენ კიდეც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×