ელგუჯა ჯამაგიძე: „სულ მცირე, 2500 ლარის გაღება უწევს მძღოლს, ესეც მაშინ, თუ საშუალო დონის კატალიზატორი ექნება"
რეზონანსი
01.11.2021

ავტომფლობელებისთვის კატალიზატორის ქონის ვალდებულება შესაძლოა, გადავადდეს. ამის მიზეზი პანდემიური მდგომარეობაა, რის ფონზეც, ავტომობილის კატალიზატორით აღჭურვა მძღოლების დიდ ნაწილს გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას ყველა ეთანხმება, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ახლა მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის აკიდება სწორი არ არის. საუბარია იმაზეც, რომ მოხდეს გარკვეული ხელშეწყობა თუნდაც ბანკებთან ურთიერთობაში, რომ მოსახლეობა ამ ხარჯს გაუმკლავდეს. ვალდებულების შესრულების სირთულეს სწორედ მაღალი ხარჯი წარმოადგენს, საშუალოდ, 2500-3000 ლარის ფარგლებში.

მართალია, სასწორის ერთ მხარეს ეკოლოგიური უსაფრთხოებაა, მაგრამ ასევე დიდ პრობლემას ქმნის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა. ცნობილია, რომ ვალდებულების შესრულება საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, ხოლო უმუშევრობისა და შემოსავლების შემცირების ფონზე ამის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს.

კორონავირუსთან დაკავშირებითაც, დაწესდება თუ არა შეზღუდვები, სიტუაცია ბოლომდე გარკვეული არ არის, რამაც შეიძლება, ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლის პროცესი გააჭიანუროს. შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ კანონის ამოქმედება გადავადდეს.

საავტომობილო ბაზრის ექსპერტი, კომპანია „რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ფიქრობს, რომ ცვლილებას ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი მოუმზადებელი ხვდება.

„ავტომობილებისთვის კატალიზატორის მოთხოვნას აქტიურად ვუჭერდით მხარს, ამ მხრივ ჩვენმა კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა დააყენა ეს საკითხი, ვითხოვდით, რომ ზომები გაცილებით ადრე უნდა მიეღოთ. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, კატალიზატორის ქონა აუცილებელი ვალდებულება უნდა გახდეს. ჩემი პოზიციის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ვალდებულების ძალაში შესვლის პროცესი გაჭიანურდება.

წესით, აქამდეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უცებ ყელში მოჭერა არასწორი იქნება, მით უმეტეს, ინფორმაციული კამპანია ვერ აწარმოა სახელმწიფომ, სრული ქაოსია ამ მხრივ. გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ავტომფლობელების 80% იტყვის, რომ არ არის ინფორმირებული. ეს მაშინ, როცა ორიოდე თვეა დარჩენილი კანონმდებლობის ამოქმედებამდე", - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან" ელგუჯა ჯამაგიძემ.

რაც შეეხება ხარჯს, ვალდებულების შესრულება საკამოდ ძვირი ჯდება. ამიტომაც, სავარაუდოდ, ეს იქნება ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, კანონის ძალაში შესვლის ვადა გადასწიონ.

„კანონმდებლობის თვითმიზანია, ჰაერის გაჯანსაღება მოხდეს. ასეც არის, მაგრამ სწორი მიდგომა უნდა, დათვლილიც არ აქვთ, რამდენია ინსპექტირება გავლილი და პოტენციურად ამ რეგულაციაში მოხვედრილი მანქანა. ბევრი რამ გასარკვევია. იყო პერიოდი, როცა ყველა იღებდა კატალიზატორს, ვისაც მანქანა ჰყავდა, ჰყიდდნენ. საჭიროების შემთხვევაში, თხოულობდნენ კიდევ, რაც ჩემთვის მიუღებელია. ცხადია, ეს გამოწვეული იყო სიძვირით, კატალიზატორი, მინიმუმ, 350-400 დოლარი ღირს, სხვა ხარჯსაც თუ გავითვალისწინებთ, სულ მცირე, 2500 ლარის გაღება უწევს მძღოლს, ესეც მაშინ, თუ საშუალო დონის კატალიზატორი ექნება", - დასძინა „ბიზნეს-რეზონანსთან" ელგუჯა ჯამაგიძემ.

კატალიზატორთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებაზე გაამახვილა ყურადღება „ბიზნეს-რეზონანსთან" ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტმა გელა კვაშილავამ. მისი აზრით, კატალიზატორის ვალდებულების გადავადება ცალსახად ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება.

„მნიშვნელოვანია ავტოპარკის განახლება, სუფთა ტრანსპორტის წახალისება, რაც ზოგადად, კანონმდებლობის დახვეწის გზით მიიღწევა. ამ მხრივ კატალიზატორის ქონის ვალდებულების ამოქმედება პრინციპულად აუცილებელი გადაწყვეტილებაა. გარემოს უსაფრთხოება, სუფთა ჰაერი ჩვენი დროის მთავარი გამოწვევაა. გლობალური კლიმატური ცვლილების პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობს მთელი მსოფლიო, ამ პრობლემაში კი ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ვინაიდან გარემოს დაბინძურებაში ტრანსპორტის „წვლილი" საკმაოდ დიდია.

ამ თვალსაზრისით, ვთვლი, რომ კანონი არ უნდა გადავადდეს, ხოლო ვინც კატალიზატორს დააყენებს, საჭიროა ხელშეწყობა ბანკებისგან, რომ ფინანსურ რესურსზე წვდომა გამარტივდეს და ხარჯთან გამკლავება შეძლონ. ასე თანდათან, კატალიზატორის გამოყენების კულტურა უნდა გაჩნდეს, არც ერთი მანქანა არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, თუ კატალიზატორი არ ექნება. ეს ისედაც მოწესრიგდება კანონის ამოქმედებით, უსაფრთხო გარემოს კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მიმართულებით გაჩნდება პრობლემა, განსაკუთრებით _ ჯანდაცვაში, რადგან დაბინძურებული გარემო უამრავი დაავადების გამომწვევია", - განაცხადა გელა კვაშილავამ.

ახალი ვალდებულების შემოღების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სატრანსპორტო დარგის სპეციალისტმა ვაჟა იორდანიშვილმა.

იგი ვარაუდობს, რომ კატალიზატორის მოთხოვნის ვალდებულება დიდი ხანია, დაანონსებული იყო, სახელმწიფო მიდგომას არ შეცვლის და რეგულაციას ძალაში დატოვებს.

„მეტი საინფორმაციო კამპანიაა საჭირო, რომ მძღოლებმა იცოდნენ მოსალოდნელი ცვლილების დეტალები, რათა ახალი კანონის ამოქმედებას მომზადებული შეხვდნენ. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ კატალიზატორის მოთხოვნა ყველა ტიპის ავტომობილისთვის არ არის. ეს რეგულაცია შემოსულია 2020 წლის აპრილის შემდგომ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებზე, რომლებზეც კატალიზატორის ქონა სავალდებულო უნდა გახდეს.

რაც შეეხება 2022 წლიდან ასამოქმედებელ ცვლილებას, აქ საყურადღებოა გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ნორმა, რომელიც კანონმდებლობით მკაცრდება. კერძოდ, 2021 წელს თუ 0,6% იყო, 2022 წლიდან ფაქტობრივად, გაორმაგდება და მისი ქვედა დასაშვები ზღვარი ხდება 0,5 და 0,3, დაბალ და მაღალ ბრუნზე. ეს იმდენად აუცილებელია ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის, რომ არ მგონია, გადავადდეს, თუმცა პანდემიური ვითარებაა და ბოლომდე არაფრისგან ვართ დაზღვეული, დანამდვილებით წინასწარ ვერაფერს ვიტყვით", - განაცხადა იორდანიშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომობილებისთვის ე.წ. კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×