არ არის გამორიცხული, რომ საქმე ისე წავიდეს, ეროვნულმა ბანკმა დოლარი შეისყიდოს კიდეც
ირაკლი ლომიძე
01.11.2021

არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა. პირველ რიგში, პოლიტიკური დაძაბულობისგან დიდი წნეხი მოხსნილია, რაც, სავარაუდოდ, ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს. ფაქტობრივად, ყველა პირობაა, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით წავიდეს ზრდისკენ. ერთადერთი, რამაც შეიძლება, ეს პროცესი შეაფერხოს, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვებია, თუმცა პერსპექტივა არც ამ მხრივ არის საეჭვო, რასაც ამყარებს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება. მინისტრი ირწმუნება, რომ ინფორმაცია დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

თითქმის ყველა პირობაა, რომ ახალი ძალა მიეცეს ეკონომიკას, რაც ირიბად „თი-ბი-სი კაპიტალის" კვლევამაც დაადასტურა. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის ბარომეტრი არის ლარის კურსი, არჩევნების მერე არათუ მოსალოდნელია მისი გაუფასურება, პირიქით, მოსალოდნელია სავალუტო შემოდინებების ზრდა, რამაც შეიძლება, ლარის გამყარებისკენ სვლა გამოიწვიოს და ეროვნული ბანკი რეზერვების შესყიდვის აუცილებლობის წინაშე დადგეს. აშკარაა, რომ „თი-ბი-სი კაპიტალი" ბაზარზე უკვე საპირისპირო მიმართულებით სავალუტო კონვერტაციებს მოელის.

„სექტემბრის სტატისტიკა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე შემოსავლიანობის დიფერენციალის დამატებით გაფართოებაზე მიუთითებს, რაც ლარზე განაკვეთების ზრდამ განაპირობა, უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები კი, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს შეხედულებას, რომ, მიუხედავად საერთაშორისო განაკვეთების მოსალოდნელი ნორმალიზაციისა, საქართველოში სავალუტო დეპოზიტებზე დაბალი განაკვეთები დიდხანს შენარჩუნდება.

ბაზარზე ლარის დაფინანსების საჭიროება ვალუტების მიხედვით კომერციული ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებლებიდანაც ჩანს. ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებია. იმ დაშვებით, რომ არჩევნების შემდეგ ლარი შედარებით სტაბილურობას შეინარჩუნებს, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო მიმართულებით განხორციელდება. ამან, ოქტომბერში გაძლიერებულ სავალუტო ნაკადებთან ერთად, როგორც ეს „თი-ბი-სის" მონაცემებიდან ჩანს, შეიძლება, ლარის კურსის გამყარებისკენ ზეწოლა გამოიწვიოს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არც ლარის მკვეთრი გამყარების და არც გაუფასურების აპეტიტს არ ვხედავთ, არ გამოვრიცხავთ, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს შეისყიდის", - ნათქვამია დოკუმენტში.

ფაქტს, რომ საქართველოს ეკონომიკაში გაურკვევლობის შეგრძნება მოიხსნა, ეკონომისტებიც ადასტურებენ. მართალია, ინვესტიციების დიდი ზრდა და რაიმე ტიპის გარღვევა, ჯერჯერობით, მოსალოდნელი არ არის, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ყველა პირობა იქმნება, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემო იყოს.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნიკო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ბიზნესიც აღმავლობის გზას დაადგება, რადგან წნეხი მოიხსნა და შედარებით სტაბილურ გარემოში მოუწევს საქმიანობა.

„ეკონომიკა და ბიზნესი განვითარებას გააგრძელებენ, ამ მხრივ პრობლემას არ უნდა ველოდოთ. არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურად, პირველი და მეორე ტურებიც ექსცესების გარეშეა ჩატარებული, არ ჩანს, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა იქნება. სამართლებრივად ოპოზიციას ნაკლები რესურსი აქვს იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს, ქუჩაში გამოსვლას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ საამისო განწყობას ვერ ვხედავ მასებში, ხალხი არ გამოვა ქუჩებში. ასე რომ, ოპოზიციის რიტორიკა თანდათან ჩაცხრება.

ეკონომიკის ყველა მიმართულებით პერსპექტივა აშკარად პოზიტიურია, სტაბილურობის მეტი განცდაა. ინვესტიციებში დიდ ზრდას არ ველოდებით, პანდემიური მდგომარეობა ამ მხრივ გარკვეულ წინაღობას ქმნის, თუმცა ხელისუფლებამ რაიმე სერიოზული შეცდომა თუ არ დაუშვა, ეკონომიკასა და ბიზნესსაც მეტი განვითარების შესაძლებლობა ექნება. ეს გამარჯვება ,,ქართული ოცნებისთვის" მარტივად არ მოსულა, აშკარად გამოჩნდა, რომ მათი მხარდაჭერის ტრენდი შესუსტდა და უფრო მეტად შეეცდებიან, რომ მათი საქმიანობა უფრო ნაყოფიერი იყოს, რათა რეიტინგი შეინარჩუნონ. ამ მხრივ პრობლემა რეალურად არის და ამას მმართველ პარტიაში კარგად ხედავენ და აანალიზებენ", - განაცხადა მჭედლიშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან".

გარდა ამისა, სპეციალისტები საუბრობენ იმ ფაქტორებზეც, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს, თუმცა იქვე ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე, მათ შორის ლარის კურსათან დაკავშირებით ამახვილებენ ყურადღებას. მართალია, დიდი გამყარების მოლოდინი არ არის, თუმცა ხედავენ, რომ სავალუტო რყევები გარკვეული პერიოდით მართლაც გაჩერდება და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ტრენდი შენარჩუნდება.

როგორც პროფესორმა რატი აბულაძემ „ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, საქართველოს ეკონომიკას ამუხრუჭებს დაბალპროდუქტიული ეკონომიკური პოლიტიკა, პრიორიტეტებს შორის კონსენსუსის პრობლემა, ინსტიტუციებისა და მართვის ეფექტიანობის გამოწვევები, ინვესტიციების დეფიციტი, შეუსრულებელი სტრუქტურული გარდაქმნები, ეკონომიკური უთანასწორობა რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში, პოლიტიკური არასტაბილურობა და უცვლელი პოლიტიკა.

„პოლიტიკური გარემო არ ითვალისწინებს ხალხის ემოციებსა და საჭიროებებს. შესაბამისად, პოლიტიკურ გარემოსა და საზოგადოებას შორის ფორმირდება ერთგვარი „კულტურული ომი", ანუ იდეური ინტერესთა კონფლიქტი. საზოგადოება ზღვარს ავლებს უმოქმედობასა და შესაძლებლობას შორის, დღის წესრიგში აყენებს მომგებიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების საჭიროებას, აჩვენებს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ახალი პოლიტიკური მოცემულობის შექმნის აუცილებლობას. სტაბილური ეკონომიკა ნიშნავს ჯანმრთელ ეკონომიკურ სისტემას, მოიცავს სისტემისადმი ნდობას, აჩვენებს პროგნოზირებად ინფლაციას, სტაბილურ ფასსა და კურსს.

ბუნებრივია, ეკონომიკის დესტაბილიზირება რომ არ მივიღოთ, ლარის კურსის მერყეობა მაღალი არ უნდა იყოს. სახელმწიფოს სტიმულები უნდა იწვევდეს ეკონომიკურ აქტივიზაციას, ქმნიდეს ქართული ბიზნესსექტორის დინამიზმს, წარმოაჩენდეს საერთაშორისო ბაზრის ახალ შესაძლებლობებს", - განაცხადა რატი აბულაძემ და ამავე დროს დასძინა რამდენიმე ისეთ ფაქტორზეც, რომლებიც, მისი აზრით, ნეგატიურ მოლოდინს ქმნის. შესაბამისად, ქათულ ეკონომიკას პოლიტიკური პროცესების გავლენა კიდევ დიდხანს გაჰყვება.

„არჩევნების დამთავრება არ ნიშნავს პოლიტიკური პროცესების დასრულებას. პოლიტიკის გავლენა დიდი ხანია, მილევადია, მაგრამ მზარდია მოქალაქეებისა და ბიზნესსაზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება მართვისა და პოლიტიკის სტანდარტების მიმართ. ფასი არ მცირდება, ინფლაცია არაპროგნოზირებადია, ეკონომიკური პოლიტიკა ელიტურია, მიდგომები ვერ ზრდის ინვესტორის ნდობას, რაც არასახარბიელო მოლოდინებს იწვევს. მრავალრიცხოვანი პოლიტიკოსის ფონზეც კი პრობლემების შეჩერებისთვის ვერავინ ვერაფერს აკეთებს. ამიტომაც, მრავალჯერადი პოლიტიკოსების ფონზე გვაქვს ერთჯერადი სოციალური დახმარებები. საჭიროა, პროცესები პირიქით იყოს. ერთჯერადი (პოლიტიკაში ერთი ან ორი ვადით მყოფი) პოლიტიკოსების ფონზე უნდა გვქონდეს მრავალჯერადი ეკონომიკური პროგრამები, რაც ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების საფუძველია", - აღნიშნა რატი აბულაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, მიმდინარე წელი ორნიშნა მაჩვენებლით დაასრულოს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღებას დაიწყებს და 2022-2025 წლებში, საშუალოდ, 5.5%-ით გაიზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×