გვანცა წულაია
02.11.2021

შეზღუდვების შემოღების საკითხი დღემდე აქტუალური თემაა. ჯანდაცვის სექტორი, რეგულაციების გამკაცრების გარეშე, პანდემიური სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობას ვერ ხედავს, ბიზნესი კი საფრთხეს გრძნობს. შეზღუდვების საკითხზე ეპიდემიოლოგთა აზრი ორად იყოფა, ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები კი ერთხმად აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა დამღუპველი იქნება.

არსებულ სიტუაციაში, როცა ვაქცინაციის ტემპი, მატების ნაცვლად, იკლებს, ეპიდემიოლოგები კორონავირუსის შესაჩერებლად სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, გარდა შეზღუდვებისა. მათი პროგნოზი ისევ საგანგაშოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან თითქმის გადაწყვეტილია, რომ მორიგი „ლოკდაუნი" აღარ ამოქმედდება.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

„ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ამას ერთვის ისიც, რომ მობილობა არის გაზრდილი. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იტარებს ვაქცინაციას და ტემპი საკმაოდ დაბალია. შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება. ვაქცინაცია წარმოადგენს მთავარ საბრძლო საშუალებას პანდემიასთან და მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციის დაცვა", - განაცხადა გოგინავამ.

შეზღუდვების დაწესებას, ამ ეტაპზე, არ განიხილავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მსგავს რეკომენდაციას არ გასცემენ.

„დამატებით შეზღუდვებზე გადაწყვეტილებები უწყებათშორის საბჭოზე არ განხილულა. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მომზადებული არ არის და არც ჩვენ მიერ გაცემულა მსგავსი ტიპის რეკომენდაციები. უნდა დავიცვათ ის, რაც არის შემოღებული: ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ თუ ღია სივრცეში, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ შეკრებებს და ავიცრათ. აცრაზე მთავარი დღეს არაფერია, თუ გვინდა, რომ ყოველდღიურად არ დაიღუპოს ათობით ადამიანი, უნდა ავიცრათ.

სკოლების 10% გადასულია დისტანციურ სწავლებაზე, ზოგიერთ სკოლაში კლასებია გადასული დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ სკოლები არ იხურება. შესაბამისი რეგულაციებით, სკოლებში დასწრებული სწავლა გაგრძელდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა, ვაქცინაციის ტემპი კი _ დაბალი. ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ მძიმე სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. უნდა შეიქმნას დარგების ჩამონათვალი, სადაც აცრა უპირობოდ მოეთხოვებათ.

„მდგომარეობა მძიმეა და არანარი პერსპექტივა არ გვაქვს, თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება. ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და რაღაცნაირი ფორმა უნდა გამოვძებნოთ, რომ ყოველდღიურად 40-45 ადამიანი არ დავკარგოთ. ამისათვის ერთადერთი გამოსავალი არის აცრა, მაგრამ თუ მოსახლეობა არ აიცრება, მაშინ რაღაც გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფო ორგანიებმა. უნდა შეიქმნას გარკვეული ნუსხა, ჩამონათვალი იმ აუცილებელი სპეციალობებისა და საქმიანობებისა, რომელთა წარმომადგენლებს დაევალებათ, რომ უპირობოდ იყვნენ აცრილი, ანუ მათ აცრის გარეშე აეკრძალებათ სამსახური. ევროპამ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო.

პროფესიებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა, ეს ყველა ის პროფესია უნდა იყოს, რომელთა წარმომადგენლებსაც ხშირი და ყოველდღიური კავშირი აქვთ საზოგადოებასთან. მთავრობასა და ჯანდაცვაზეა დამოკიდებული, რა ფორმით დაავაალდებულებენ ამ ხალხს აცრას", - განუცხადა „რეზონანსს" დევი ტაბიძემ.

თითქმის ბოლო ორი წელია, საქართველოს შეზღუდვების პირობებში უწევს არსებობა, რა დროსაც ეკონომიკური პარამეტრები გაუარესდა. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ შეზღუდვების შემოღება არაფერს არ ცვლის, გარდა იმისა, რომ ეკონომიკასა და მოსახლეობას ძალიან აზარალებს.

„ბოლო წელიწად-ნახევარზე მეტმა დაგვანახვა ერთი რამ, რომ არანაირმა შეზღუდვამ არ იმუშავა და დაზარალდა ეკონომიკა. ყველა პარამეტრი გაუარესებულია, გაიზარდა სიღარიბე, უმუშევრობა, იზრდება ფასები, ეკონომიკური ვარდნა გვქონდა და ა.შ. ამავე დროს ვნახეთ, რომ ხან პლატოზე ვართ, ხან - პიკზე და ასე უცვლელად დავდივართ ზემოთ-ქვემოთ.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ერთადერთი, რაც ეპიდვითარებას უშველის, ვაქცინაციაა და არა _ შეზღუდვები, რადგან ქვეყნის ჩაკეტვა არათუ პრობლემებს აგვარებს, არამედ ვერც კი ანელებს იმ პროცესებს, როგორებიცაა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები. ნებისმიერი შეზღუდვა დააზარალებს ათიათასობით ადამიანს, განსაკუთრებით, თუ დაიწყება სატრანსპორტო შეზღუდვით, კომენდანტის საათით და ა.შ.", - განუცხადა „რეზონანსს" ხორგუაშვილმა.

შეზღუდვების შემოღების წინააღმდეგია ეკონომისტი ოთო აბესაძეც. მისი თქმით, ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვას ვერც ეკონომიკა და ვერც ხალხი ვეღარ გადაიტანს.

„თუ დასაშვებია ერთმანეთის მიყოლებით ათეულობით ათასი ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო აქციები, მაშინ დაშვებულია ჩვენთვისაც, ვიცხოვროთ და გადავაადგილდეთ ადამიანურად.

დაგვანებეთ თავი და გვაცხოვრეთ. ჩვენ ვმუშაობთ, ვქმნით ეკონომიკას, დაგვყავს შვილები ბაღებსა და სკოლებში, ვიხდით გადასახადებს და ამ ჩვენი „გახსნილი" ცხოვრებით ერთმანეთს ვუხდით ხელფასს.

დაგვანებეთ თავი, არ გაბედოთ ქვეყნის ჩაკეტვა. ამას ვერც ადამიანები და ვერც ეკონომიკა ვერ გადაიტანს", - დაწერა აბესაძემ სოციალურ ქსელში.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ შეზღუდვების შემოღების მოლოდინიც კი პრობლემურია ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, ამიტომ უნდა შეწყდეს ახალი ტალღების დაანონსება და მოიხსნას ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომლებიც ეკონომიკასა და ბიზნესს განვითარებაში უშლის ხელს.

ქართულმა ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო. ყოველთვიური მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია, მოლოდინიც უდავოდ დადებითია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყოველთვიური ორნიშნა ეკონომიკის ზრდა წლის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა, თუ შეზღუდვები ისევ დაწესდება, დადებითი პროგნოზი უარესობისკენ შეიცვლება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×