მათზე უფრო მეტად დაზარალდება მოსახლეობა, რომელსაც სამომხმარებლო პროდუქტი მალევე გაუძვირდება
ირაკლი ლომიძე
02.11.2021

რეგიონებში ბუნებრივი აირის გაძვირებას სპეციალისტები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. გაზგამანაწილებელი კომპანიის არგუმენტს, რომ ტარიფი ლარის გაუფასურების გამო იზრდება, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი აბსოლუტურად სტაბილურია და სავალუტო რყევას ადგილი არ აქვს. მეტიც, თუკი გლობალური გაძვირების ფონზე ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტი უფრო მეტად არ ძვირდება, სწორედ ლარის კურსის დამსახურებაა, თუმცა ეს ფაქტორი არც კომპანიამ გაითვალისწინა და არც მარეგულირებელმა ორგანიზაციამ, რომლის პირდაპირი ვალდებულება მომხმარებლის დაცვაა.

საბოლოოდ, ისევ მოსახლეობა ზარალდება, რადგან გადასახადის ზრდა სამომხმარებლო ფასებზეც ნეგატიურად იმოქმედებს და მოიმატებს ყველა პროდუქტის ღირებულება, რომელთა წარმოების ხარჯიც გაიზრდება ტარიფის გაძვირების გამო. ასეთ სცენარს ადასტურებს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე.

„თვითღირებულებაში ბუნებრივი აირის წილი საკმაოდ მაღალია. ამას ბიზნესი საკუთარ თავზე ვერ აიღებს, მოხდება პროდუქციის გაძვირება. ასე რომ, ეს ბიზნესს არ დააზარალებს, რადგან ყველას მოუწევს გაზრდა და რეალიზაცია ამიტომ არ შემცირდება. მხოლოდ ერთ, რომელიმე საწარმოს ხომ არ შეეხება.

ეს იქნება დარტყმა იმ მომხმარებლის ჯიბეზე, რომელსაც ისედაც გაზრდილი ფასების პირობებში უწევს პანდემიის დროს ცხოვრება", - განაცხადა ჭელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან".

ამდენად, ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა თუკი გაზგამანაწილებელი კომპანიების გადაწყვეტილებას ჩუმად გაატარებენ და არ მოახდენენ რეაგირებას, დასახელებული არგუმენტით კომპანიებს მუდმივად შეეძლებათ ლარის კურსით მანიპულირება, ტარიფის შეუზღუდავი ზრდა და არც ხელის შემშლელი ეყოლებათ.

გადასახადის მატებას ხელოვნურ პროცესს უწოდებს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ კომპანიების გადაწყვეტილება მოსახლეობის საზიანოდ არის მიმართული.

„გადასახადის გაზრდის საჭიროება ამ ეტაპზე რეალურად არ არის. ვხედავთ, რომ გაზი ძვირდება და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი. ბიზნესს ეს დიდად არ დააწვება, მოუმატებს პროდუქციაზე ფასს და ამით შეეცდება, მომხმარებლის ხარჯზე გადაიფაროს სხვაობა. ცხადია, ბუნებრივი აირის გაძვირება ინფლაციას ერთბაშად გაზრდის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ან რის საფუძველზე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, როცა ლარი სტაბილურია, უკვე რამდენიმე თვეა, სავალუტო რყევები არ არის და ლარმა მდგრადობა აჩვენა საკამოდ გრძელვადიან პერიოდში, თვეებია, არ გაუფასურებულა.

რასაკვირველია, სწრაფადვე გაძვირდება ყველა ის პროდუქცია, რომელთაც გაზის მეშვეობით ამზადებენ. ნებისმიერი მატება მოსახლეობას დააწვება ტვირთად და ამაზე არავინ ფიქრობს. სწორედ ასეთ დროს ხდება ინფლაციის ზრდაც და, სამწუხაროდ, მომავალშიც მივიღებთ ძალიან მაღალ ინფლაციას", - განაცხადა „რეზონანსთან" ჭიჭინაძემ.

ანალოგიური მოსაზრება აქვთ ეკონომისტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გაზის გაძვირების მოტივად ლარის კურსის დასახელება საკმაოდ სუსტი არგუმენტია. როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე აღნიშნავს, დაზარალდება მომხმარებელი და შეიძლება, ეს პროცესი სოციალური ფონის გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდეს. მარტო პურის საცხობებისთვის გადასახადის შენარჩუნება დიდი შეღავათი არ არის, რადგან სანაცვლოდ ადგილობრივი წარმოების ყველა დანარჩენი პროდუქტი გაძვირდება.

„გაზგამანაწილებელი კომპანიების საქმიანობას რასაც ვუყურებ, გაძვირებას ველოდი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვუშვებდი აზრს, რომ ფასების კორექტირებას ეკონომიკისთვის ასეთ მძიმე პერიოდში განახორციელებდნენ. ცხადია, ეს ძალიან დიდი ტვირთი იქნება მრეწველობისთვის, პრობლემა მყისიერად არ აისახება, მაგრამ რამდენიმე ხანში გადასახადის სიმძიმეს ბიზნესიც იგრძნობს და მოსახლეობაც.

უნდა გამოკვეთილიყო სახელმწიფო პოზიცია და არ მიეცათ კომპანიებისთვის ტარიფზე სპეკულირების საშუალება. სახელმწიფო ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესზე და გადასახადი გააძვირეს. ახალაც ასეა, ლარის კურსი ყოველთვის ქმნის მოტივაციას კომპანიებში, რომ ტარიფი გაზარდონ. ეს არგუმენტი გამოიყენეს ახლაც, როცა, სინამდვილეში, ლარი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და გაუფასურების პროცესი შეჩერდა. ეს ყველაფერი კორპორაციული გარიგებებია, რაც მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ არის მიმართული. კომერციული სექტორისთვის გადასახადის ზრდა ხარჯს მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც საბოლოოდ ხალხს დააწვება, ყველაფერი გაძვირდება და სოციალური ფონიც დამძიმდება ", - განაცხადა „რეზონანსთან" გივი მომცელიძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. შპს „ინტერ გაზის" საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1 კუბმეტრი ბუნებრივი აირის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ის ჩათვლით. გარდა ამისა, „სოკარ ჯორჯია გაზის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1 კუბმეტრი ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი 1.15 ლარი გახდება. ტარიფის ცვლილება არ ეხებათ ფიზიკურ პირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×