გია არაბიძე: `არსებული ხელშეკრულებით მეტის მიღება შეუძლებელია~
გვანცა წულაია
03.11.2021

საქართველო, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, მომავალ წელს იაფი გაზის რაოდენობა გაეზრდება. ასეთი შესაძლებლობა ქვეყანას 2022 წლსიდან უკვე გაუჩნდება. ტრანზიტის ფუნქციის შესრულება საქართველოსთვის საკმაოდ სარგებლიანი აღმოჩნდა. ეს უდიდესი შესაძლებლობა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანიესია აღნიშნული კონტრაქტით სარგებლობა, მით უფრო ევროპაში დაწყებული ენერგოკრიზისის ფონზე.

2022 წლისთვის შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ვინაიდან ამ მილსადენის მაქსიმალური დატვირთვა ჯერჯერობით 22 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს. შესაბამისად, საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა მომდევნო წელს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტიდან კიდევ უფრო მეტ დაბალფასიან ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგალითად, თუ მიმდინარე წელს ჯამურად საქართველომ 1.014 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.500 კუბურ მეტრს მიაღწევს.

აზერბაიჯანული გაზის ევროპაში გასვლით, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში დაბალი და შეღავათიანფასიანი გაზი შემოდის. გარდა ამისა, არსებული კონტრაქტი ფასზე ახდენს გავლენას, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

ტრანზიტის ფუნქციით მიღებულ სარგებელზე საუბრობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე და აცხადებს, რომ აღნიშნული კონტრაქტი საქართველოსთვის საციცოცხლოს მნიშვნელოვანია.

`ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვახერხებთ და საერთო ქვაბში ვყრით, არის ე.წ. სოციალური გაზი, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ მოსახლეობას და თბოელექტროსადგურებს, რათა საგდურებში შევინარჩუნეთ ისეთი ტარიფი, რაც ძალიან მძიმედ არ იმოქმედებს ელექტროენერგიის ტარიფზე და მოსახლეობასაც ჰქონდეს ისეთი გადასახადი, რისი გადახდაც მათ არ გაუჭურდებათ. ამიტომ ეს კომპონენტი უაღრესად მნიშნველოვანი გახლავთ ჩვენთვის.

ახლა ე.წ. სოციალური გაზი, სადღაც 1-1.1 მლრდზე მეტი რაოდენობისაა. ეს რომ იყოს, დაახლოებით 1.8-2 მლრდ, მაშინ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ჩვენი მდგომარეობა - აღარ ვიყიდდით ელექტროენერგიას, ჩვენს თბოსადგურებს დავტვირთავდით ელექტროენერგიის გამომუშავებით და ა.შ. ანუ, ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციალური გაზი, რომლითაც ჩვენ ახლა ვარსებობთ", - განაცხადა "რეზონანსთან" გია არაბიძემ და დასძინა, რომ საქართველო ხელშეკრულებაში ასახულ ყველა სარგებელს იღებს.

"არსებული ხელშეკრულებით მეტის მიღება შეუძლებელია. უფრო მეტის მიღების შესაძლებლობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, და ალბათ, მივიღებთ კიდეც, თუ ახალი გაზსადენი 16 მლრდზე ავიდა. ჩვენმა სამხრეთ კავკასიურმა გაზსადენმა თუ მოახერხა შაჰ-დენიზიდან ევროპისაკენ მიმავალი გაზის რაოდენობა გაზრდა, (დღეს საუბარია 11 მლრდზე, შემდეგ 16 მლრდზე) მაშინ ბუნებრივია წილობრივად გაცილებით მეტი დაგვრჩება და ჩვენ სოციალური გაზის რაოდენობა მეტი გვექნება", - დასძინა "რეზონანსთან" გია არაბიძემ.

ამრიგად, საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ კარგ სარგებელს იღებს, რასაც ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხების ექსპერტის თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"საქართველოსთვის ამ ფუნქციის შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ყველაფერი დაბალანსების საშუალებას იძლევა. საბაზრო ფასებთან შედარებით, გაცილებით იაფი გაზია, რომელსაც დღესდღეობით საქართველო იყენებს", - განუცხადა "რეზონანსს" გოჩიტაშვილმა.

დღეისთვის საქართველო-აზერბაიჯანს შორის ორი ტიპის კონტრაქტი მოქმედებს - ოფციური გაზისა და დამატებითი გაზის. ოფციური გაზის კონტრაქტი საქართველოს საშუალებას აძლევს, ყოველწლიურად, სამხრეთ კავკასიურ მილსადენში გატარებული ბუნებრივი აირის 5% დაბალ ფასად შეისყიდოს. ეს კონტრაქტი 2066 წლამდეა ძალაში. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტს კი ვადა 2026 წელს ეწურება, მანამდე ჩვენი ქვეყანა მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.

2024-2025 წლებში სამხრეთის დერეფნის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა 30 მლრდ კუბურ მეტრამდე იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს იაფი გაზის მოცულობაც გაეზრდება.

სამხრეთის გაზის დერეფნის 3500-კილომეტრიანი მილსადენი სათავეს სანგაჩალის ტერმინალიდან იღებს და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი იტალიაა. თუმცა მანამდე, აზერბაიჯანულმა გაზმა საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიები, ასევე ადრიატიკის ზღვა უნდა გადაკვეთოს. იტალიიდან კი, აზერბაიჯანული გაზი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში განაწილდება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის როლი, როგორც ტრანზიტული ქვეყნისა სამხრეთის გაზის კორიდორში, საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×