ბოლო თვენახევარში 1 ტონა საწვავი 100 დოლარით გაძვირდა, რაც საცალო ქსელში მინიმუმ 25-თეთრიან მატებას ნიშნავს
გვანცა წულაია
03.11.2021

საქართველოში საწვავის ფასმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის საწვავი გაძვირდა და 1 ლიტრის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა. რადგანაც საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული, გამოსავალი ქვეყნის შიგნით უნდა მოინახოს. სპეციალისტები ნავთობპროდუქტების გაიაფების ერთადერთ გზად აქციზის გადასახადის შემცირებას ასახელებენ.

მსოფლიო ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია და მინიმუმ, წლის ბოლომდე არაფერი გამოსწორდება. შესაბამისად, საქართველოშიც მოხდება საგარეო ფაქტორების ასახვა, ამიტომ გამოსავლის პოვნა აუცილებელია.

ნავთობიმპორტიორები საწვავზე ფასის შემცირების ერთადერთ ბერკეტს აქციზის გადასახადის შემცირებაში ხედავენ, რომელიც მთავრობის 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, გაორმაგდა (ბენზინზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე).

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, მიმდინარე ეპაზე, ამ თემის განხილვა არ მიმდინარეობს.

„საწვავის გაძვირება განპირობებულია საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდით, რომელზეც სამწუხაროდ, ჩვენ არავითარი გავლენა არ გვაქვს. მეორე ფაქტორი, რომელიც საწვავის გაძვირებაზე მოქმედებს არის ლარის კურსი. ბოლო პერიოდში, ეს ფაქტორი, გამოირიცხა, რადგან კურსი სტაბილურია, თუმცა, თუ ლარი გამყარებას დაიწყებს, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება საწვავის ფასზე და შეიძლება დააბალანსოს გაზრდილი საერთაშორისო ფასი და რაღაცნაირად სტაბილიზაციას მივაღწიოთ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საწვავის ფასზე მოქმედებს, არის გადასახადები. მედალს ორი მხარე აქვს, აქციზის განაკვეთის შემცირებით ფასს კი დავიჭერთ, მაგრამ მეორე მხრივ, გარანტირებულ საბიუჯეტო შემოსავლებს ვერ მივიღებთ და თავის მხრივ, ქვეყნისთვის ესეც პრობლემაა, რადგან გადასახადები გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, სოციალური კუთხით.

ეს საკითხი, მიმდინარე ეტაპზე, განხილვის თემა არ არის, რადგან ბიუჯეტის პროექტი პარლამენტი უკვე წარდგენილია, სადაც აქციზის თემა არ არის ნაგულისხმები. იქ მთლიანი აქციზური გადასახადია გათვალისწინებული", - განუცხადა „რეზონანსს" ვანო მთვრალიშვილმა.

ბოლო დროს, მსოფლიოში ფასები მუდმივად მზარდია. გუშინდელი მონაცემებით, საერთაშორის ბაზარზე ერთი ტონა ბენზინი 810.25 დოლარი ღირდა, ხოლო დიზელი - 716.25 დოლარი. ნავთობპროდუქტების ღირებულება რეკორს ხსნის საქართველოშიც. ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ღირებულება კარგა ხანია 3 ლარს გასცდა, ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია.

„სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტების გაიაფების ერთადერთი ბერკეტი აქციზის გადასახადის შემცირებაა.

„დღეს ნავთობპროდუქტებზე ფასმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შემცირების ერთადერთი ბერკეტი აქციზის კლებაა. 2017 წელს ბენზინზე აქციზის გაორმაგდა. კიდევ უფრო მასშტაბური იყო ფასის ზრდა დიზელზეც 150-დან 400 ლარამდე. ახლა მართლა ისეთ ნიშნულზეა ფასი, რომ თუ არსებობს რამე გზა, უნდა მოხდეს აქციზის შემცირება. ეს უნდა გაკეთდეს, რაც დაახლოებით 25 თეთრით გააიაფებს საწვავს.

ამგვარ ნაბიჯს ექნება მყისიერი ეფექტი, თუმცა რამდენადაც აქციზი ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ეს არის ძირითადი მიზეზი რატომაც არ მცირდება განაკვეთი. ახალს არაფერს ვამბობ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მეტად აუცილებელია", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ გადაცემა „საქმეში".

აქციზის გადასახადის შემცირებაში ხედავს გამოსავალს „ვისოლ პეტროლიუმის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავაც.

„თუ თვენახევრიან პერიოდს ავიღებთ, ჩვენ გვაქვს სტაბილური ლარი, მაგრამ არის საშინელი არასტაბილურობა საერთაშორისო ბაზარზე. ფასი ტონაზე ერთ ტონაზე 100 დოლარით გაიზარდა. ლიტრებში გადაყვანილი ეს არის 25-30 თეთრამდე ცვლილება, ანუ მხოლოდ ამ კომპონენტის გამო 25-თეთრიანი ცვლილება უნდა განხორციელდეს ბაზარზე. ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ გითხრათ, ოქტომბრის მეორე ნახევარში მხოლოდ მცირედი ცვლილება გავაკეთეთ, 10 თეთრის ფარგლებში.

აქციზის საშუალებით შესაძლებელია ფასზე ზემოქმედება. არის მოდელი, როცა მზარდი ნავთობპროდუქტების ფასის პირობებში აქციზი მცირდება და აქციზი იზრდება მაშინ, როცა იაფდება ნავთობპროდუქტები. ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. ამაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ცალმხრივად ბიზნესი ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვასილ ხორავამ „ბიზნეს მედიასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×