„ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა, ბიზნეს მომხმარებელი შეუმცირდეს, სავაჭრო ცენტრებთან სიმცირე იყოს"
გვანცა წულაია
04.11.2021

საქართველოში მალე „მწვანე ბარათები" ამოქმედდება. მთავრობა ამ საკითხზე უკვე მუშაობს. ამ დროისთვის, სისტემის დანარგვის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ეპიდემიოლოგები საუბრობენ, რომ ეს უმოკლეს ვადაში მოხდება.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეები „მწვანე პასპორტის" წარდგენის შემთხვევაში ვერ მოხვდებიან, თუმცა ცნობილია ინდიკატორები, რა შემთხვევაშიც საშვი „მწვანედ" ჩაითვლება.

სწორედ ამის შესახებ საუბრობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, რომლის ინფორმაციითაც უწყებათშორის საბჭოზე განხილული იყო 10-მდე ადგილი, სადაც „მწვანე საშვის" გამოყენება მოხდება.

„პასპორტში შედის ოთხი ინდიკატორი - აცრიდან 15 დღის გასვლა, ინფექციია გადატანილი გაქვს თუ არა ბოლო 6 თვეში, ბოლო 72 საათში ნეგატიური "პისიარ-ტესტი" ან 24-საათიანი ნეგატიური სწრაფი ტესტი. აქედან ერთ-ერთ ინდიკატორს უნდა აკმაყოფილებდე, რომ შენს პასპორტს ერქვას მწვანე. სად გამოიყენება ეს, ვერ გეტყვით, ჩვენგან წარდგენილია 10-მდე გამოყენების არეალი. დღეს იყო მსჯელობა ზოგიერთზე, იყო სერიოზული ბჭობა, გარკვეულ საკითხებზე არის კონსესუსი, ზოგიერთზე - ჯერ არა.

ეს არის მხოლოდ ერთი რამისკენ მიმართული, რომ ქვეყანაში გააქტიურდეს აცრები. ნებაყოფლობით ასაცრელად მოვიდა 33%, წამახალისებელ ღონისძიებებს აქტიურად დავნერგავთ და ამით ალბათ, კიდევ მოიმატებს. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება 5-6 თვე, რომ ვაქცინაციით მოცვის 75%-ზე გავიდეს. ჩვენც ამის ნაწილი ვართ", - განაცხადა გამყრელიძემ.

„მწვანე ბარათების" შემორებით ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდება, თუმცა მეორე მხარეს ბიზნესია. კერძო სექტორის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში ე.წ. მწვანე საშვები ამოქმედდება, ამისთვის ბიზნესიც უნდა მოემზადოს და შრომის ინსპექციაც.

„ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და ქვეყანაში დანერგვა, ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რომ აღსრულების ნაწილში არ შევფერხდეთ და ამან არ გამოიწვიოს ფალსიფიკაცია, გაყალბება დოკუმენტის ან წესის დარღვევა.

ვიდრე ბიზნესი თავად მზადყოფნას რა გამოხატავს იმაზე, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა, ვერ მოხვდება გარემოში, სადაც ბიზნეს აქტივობა წარმოებს და არ იქნება გარანტიები შრომის ინსპექციის მხრიდან იმისა, რომ აღსრულება მოხდება შესაფერისად, ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. ახლა გარანტიებზე მიდის მუშაობა და როგორც კი საბოლოო სურათი გვექნება, გადაწყვეტილების მიღებაც არ დააყოვნებს", - განაცხადა გაბუნიამ.

ბიზნესი სისტემის დანერგის მომხრეა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ კერძო სეტორის მხრიდან სისტემაში ჩართვის და წესების დაცვის სურვილი დიდი იქნება.

„ასოციაციის წევრები, ვისთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ვისი პოზიციაც ვიცი, ამ სისტემის დანერგვას მიესალმება და მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება, რაც შეიძლება ახლა გაკეთდეს ქვეყანაში. რაღაც ტიპის ვალდებულებების და შეზღუდვების შემოღება აუცილებელია იმათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული. შეიძლება ისეთი სავალდებულო მოდელი ვერ გავაკეთოთ, როგორიც იტალიაშია, მაგრამ ის, რომ გაკრვეული შეზღუდვები არსებობდეს და დამატებითი სტიმული გავაჩინოთ, რომ ხალხის აიცრას, იქნება ძალიან სწორი.

ვფიქრობ, კომპანიების მხრიდან ამ პროცესში ჩართვის და სტანდარტების დაცვის სურვილი არის მაღალი. ალბათ, დამატებითი მეთვალყურეობა და შემოწმება საჭირო იქნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ კომპანიებს მსგავსი მიდგომა თავადვე უნდა აწყობდეთ", - განუცხადა "რეზონანსს" ვეფხვაძე.

მწვანე ბარათების შემოღების შემდეგ, ბიზნესს მომხმარებელთა რაოდენობა შეუმცირდება, რადგან სისტემა მოქალაქეების გარკვეულ სეგმენტს მოიცავს. ვეფხვაძე აცხადებს, რომ დიდი არ იქნება ის ზიანი, რომელიც ბიზნესმა შესაძლოა, ამ ყველაფრის შემდეგ მიიღოს.

"ადამიანების ძირითადი ნაწილი აცრილია, ვინ დღეს, მაგალითად, რესტორნებით სარგებლობს, ან ფიტნეს კლუბებში დადის. ამ კუთხით მგონია, რომ ბიზნესისთვის ის პოტენციური ზიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილების საწყის ეტაპზე კერძო სექტორმა შესაძლოა, მიიღოს, არ იქნება მნიშვნელოვანი. თუმცა, ბიზნესს ექნება ხარჯი, რომელი უნდა გაიღოს იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ მეტი სტაბილურობა იყოს. თუკი კომპანიებს რაიმე დანაკარგი ექნებათ, ჩავთვალოთ, რომ ეს არის ინვესტიცია, რომელსაც კერძო სექტორი გრძელვადიანი სტაბილიზაციისთვის გადაიხდის", - განუცხადა "რეზონანსს" ვეფხვაძემ.

სისტემის დანერგვას მიესალმება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის დირექტორი გიორგი კაპანაძეც, რომელიც აღნიშნავს, რომ სტაბილური ვითარება ყველაზე მეტად ბიზნეს აწყობს, ამიტომ კერძო სექტორი "მწვანე ბარათების" შემოღების მომხრე უნდა იყოს.

"საჭიროა, რომ ქვეყანაში ამოქმედდეს მწვანე ბარათები, უბრალოდ, გააჩანია, რას გულისხმობს ეს ყვალაფერი. თუ იქნება რესტორნებთან, მოლებთან, გასართობ სივრცეებთან დაკავშირებით, მაშინ სწორი და საჭიროა, მაგრამ პრეზიდენტის მხრიდან რა ინიციატივაც გაჟღერდა, რომ მაგალითად, აუცრელი მოქალაქეებისთვის მკურნალობის ხარჯები არ დაფინანსდეს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჯანდაცვის მიმართულებით ზედმეტად მკაცრი მიდგომაა.

ზოგადად, მწვანე ბარათების ამოქმედებას ვემხრობი, რადგან საკმაოდ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაქვს და სხვაგვარად კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავვარდებით. გადაწყვეტილება ბიზნესისთვის კარგი იქნება. პირველ რიგში, მათ აწყობთ სტაბილური მდგომარეობა, რათა შეძლონ შეფერხებების გარეშე მუშაობა და ქვეყანას არ დასჭირდეს ლოქდაუნი", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ აღსრულების მხრივ შეიძლება დარღვევის შემთხვევები იყოს, თუმცა გაკონტროლება დიდად პრობლემური არ იქნება.

"აღსრულება შესაძლებელია. პანდემიის პირობებში უკვე გვქონდა სხვადასხვა შეზღუდვები და აკრძალვები და გარკვეულწილად ამის აღსრულება ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქელეხები და ქორწილები მაინც ტარდებოდა, ძირითად შემთხვევაში ბიზნესი მაინც ცდილობდა, რომ წესები დაეცვა და ვალდებულებები შეესრულებინა. პრობლემები შესაძლოა, მწვანე ბარათების შემთხვევაშიც გვქონდეს, როდესაც მაინც დაუშვებენ პირებს, რომელთაც არ ექნებათ კოვიდ პასპორტი, მაგრამ დიდწილად ბიზნესი დაიცავს ამ რეგულაციას", - განუცხადა "რეზონანსს" კაპანაძემ და დასძინა, რომ უმჯობესია, კერძო სექტორს მომხმარებელი ამ ფაქტორის გამო შეუმცირდეს, ვიდრე ქვეყანა ჩაიკეტოს.

"ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა, ბიზნეს მომხმარებელთა რაოდენობა შეუმცირდეს. მოლებთან და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით სიმცირე იყოს, მაგრამ თუ ჩვენ არ შემოვიღეთ კოვიდ პასპორტი და ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, ისედაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება ბიზნესს. მისთვის ქვეყნის ჩაკეტვა უფრო დამაზარალებელია, ვიდრე კოვიდ პასპორტის გამო შემცირებული მომხმარებელი", - აღნიშნა "რეზონანსთან" კაპანაძემ.

ბიზნესის ნაწილი უკვე მზადაა. სავაჭრო ცენტრებში აცხადებენ, რომ „მწვანე ბარათების" შემოღების გადაწყვეტილებას „დაემორჩილებიან". „თუ მთავრობა მიიღებს „მწვანე ბარათების" ამოქმედების გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, დავემორჩილებით და აღვასრულებთ," - აცხადებენ „გალერია თბილისში".

მზადყოფნაშია „სნეპ ფიტნესიც". ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი მიიჩნევს, რომ სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში არ არსებობს.

„დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფინანსურად „მწვანე ბარათების" სისტემის ამოქმედება ძალიან წამგებიანი, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ეფექტური იქნებოდა. ამიტომ ველოდებოდით მთავრობის მხრიდან რაიმე სახის ინიციატივას, რათა ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება. მოხარული ვიქნებით, თუ ამის ინიციატორი მთავრობა იქნება და ჩვენზე, ბიზნესზე არ წამოვა აგრესია," - თქვა სოფო სოლოღაშვილმნა „ბიზნესპატრნიორთან".

ეპიდემიოლოგები იმეოდოვნებენ, რომ „მწვანე ბარათების" სისტემის ამუშავების შემდეგ, ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება, ბიზნესი კი აცახდებს, რომ პროცესის დაწყებისთვის მზადაა. მათი მხრიდან წესები მაქსიმალურად იქნება დაცული, მიღებული ზარალი კი არ იქნება დიდი, რაც კერძო სექტორს პრობლემას შეუქმნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×