თუკი პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკურ აქტიურობას შეზღუდავენ, უძრავი ქონების ბაზარი შეიძლება საერთოდ ჩამოიშალოს
ირაკლი ლომიძე
04.11.2021

სამშენებლო ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში სიტუაცია უცვლელია. მართალია, ფინანსური ორგანიზაციების კვლევებში უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთ სტაბილურ სექტორად მიიჩნევა, თუმცა დეველოპერები საპირისპირო ტენდენციაზე საუბრობენ. მიმდინარე პერიოდს ისინი ნეგატიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ მდგომარეობა, ზაფხულიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, იკლო გაყიდვებმა და ვერც მასშტაბური პროექტები ხორციელდება.

რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, დეველოპერების ინფორმაციით, მშენებარე ობიექტების რეალიზაცია თითქმის განახევრებულია, ხოლო უკვე დასრულებულში - გაყიდვის მაჩევენებელი 2019 წლის იდენტურია. მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის და ამიტომ როგორც კომპანია ,,ივერონის" დამფუძნებელმა არჩილ ჯაყელმა ,,რეზონანსთან" აღნიშნა, სანამ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, ბიზნესი მასშტაბურ პროექტებზე უარს ამბობს.

რაც შეეხება გასაყიდი ობიექტების ღირებულებას, ჯაყელის ინფორმაციით, შექმნილ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი არსებული ფასების შენარჩუნებაა, გაიაფება კი გამორიცხულია. პანდემიისა და ამოქმედებული რეგულაციების პარალელურად, დეველოპერული სექტორი ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად სამშენებლო მასალებზე გაზრდილ ფასს ასახელებს.

,,ახლა ისეთი სიტუაციაა, როცა ბიზნესი ფინანსური სახსრების კლებას განიცდის, მსხვილი კომპანიებისთვის დიდად არაფერი შეცვლილა. ვისაც დიდი რესურსი და გავლენაც აქვს, პანდემიური მდგომარეობა შედარებით უმტკივნეულოდ გადააქვს, არც მსხვილი პროექტები შეუჩერებიათ, მაგრამ კომპანიების 90%-ს რეალურად ამ პროცესებთან გამკლავება უჭირთ.

ყველაზე დიდი პრობლემა გაზრდილი ხარჯია. წარმოიდგინეთ, არმატურის ფასი გასამმაგდა, მაგალითად, ახალი სამშენებლო ფანერა თუ ღირდა 90-100 ლარი, ახლა ღირს 170-200 ლარი. ის დრო აღარ არის, ყველა რომ აშენებდა, მომდევნო 6 თვეში სამუშაოების შესრულება შეიძლება სახვეწარი გახდეს იმდენად გაძვირებულია ყველაფერი და ისეთ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუ ასე გაგრძელდა და მშენებელს სურვილი აღარ ექნება მშენებლობა წამოიწყოს. ამას თუ ნებართვების გართულებული გაცემა და რეგულაციები დაემატება, მერწმუნეთ, კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით," - აღნიშნა ჯაყელმა.

დეველოპერული კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სამშენებლო ბიზნესის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს სახელმწიფო ეპიდემიასთან გამკლავებას და რამდენად ნაკლები დანაკარგით გამოვა სიტუაციიდან.

არსებულ ვითარებაში შეზღუდვების დაწესებას მშენებლები გამორიცხავენ. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, თუკი პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკურ აქტიურობას შეზღუდავენ, უძრავი ქონების ბაზარი შეიძლება საერთოდ ჩამოიშალოს.

,,სამშენებლო სექტორში არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება. კორონავირუსის გამო მოსახლეობის შემოსავლები შემცირებულია და ეს რეალიზაციაზეც აისახება. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად იკლო. შარშანდელი წელი ისედაც არ გამოდგება შედარებისთვის, რადგან უძრაობის პერიოდია ეკონომიკაში. მცირე პროექტები არც მაშინ შეჩერებულა, მაგრამ მსხვილი დეველოპერული პროექტები არ განხორციელებულა და ვერც ახლა ხერხდება.

რაც შეეხება რეგულაციებს, სამშენებლო ბიზნესი 2020 წელსაც მუშაობდა, შეზღუდვები არ შეხებია, მაგრამ ირიბად უარყოფითი გავლენა მოახდინა და შეგვიქმნა სერიოზული პრობლემები. ახლაც ასე იქნება, თუკი შეზღუდვებს დააწესებენ და ხალხის აქტიურობა შესუსტდება, მცირე დონეზე არსებული გაყიდვებიც გაჩერდება. ხალხი თუ ვერ ივლის სამსახურში, შემოსავლები შეუმცირდება, შესაბამისად, მისი მსყიდველუნარიანობაც დაიკლებს. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ამ გზაზე წავიდეს მთავრობა, არ უნდა შეგვზღუდონ თუნდაც იმიტომ, ეკონომიკას ხელი არ შეუშალონ, მსხვილი პროექტები ისედაც არ არის და დარგი რეალურად დიდ გასაჭირშია", - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

ამდენად, დეველოპერულ ბაზარზე მდგომარეობა საკმაოდ მძიმე ჩანს, რაც ოფიციალური სტატისტიკისგან აშკარად განსხვავებულია. „საქსტატის" ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7425 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით მეტი) 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36,9 პროცენტით მეტი).

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×