"მსოფლიოშიც და საქართველოშიც ეკონომიკის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს იმაზე სწრაფად, ვიდრე მოლოდინი იყო და შედეგიც უკვე სახეზეა"
ირაკლი ლომიძე
08.11.2021

ნავთობპროდუქტებიდან საავიაციო ნავთის იმპორტი ყველზე მეტად გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკაში მომხდარმა პროცესები, განსაკუთრებით შეზღუდვების მოხსნა, ავიამიმოსვლის გააქტიურება და ტურისტული ნაკადების ზრდა მთავარი ფაქტორია, რაც საავიაციო ნავთის იმპორტსა და მოხმარებაზე პოზიტიურად აისახა. იმპორტმა მარტო ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერი) შედარებით, 54,7%-ით მოიმატა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 113,6%-იანი ზრდაა. ასევე დამაიმედებელია პროგნოზი ტურიზმთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდის. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთავრალაშვილის შეფასებით, საავიაციო ნავთის იმპორტში ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა და ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა, რაც სტატისტიკურ მონაცემშიც დასტურდება.

კერძოდ, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,4 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით, ანუ 13,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) და 5 ათასი ტონით, ანუ 113,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა)  შედარებით. 

მათ შორის, 2021 წლის ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტის 64,9%  (6,1 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,2% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 14,9%  (1,4 ათასი ტონა) - იტალიიდან. 

2021 წლის იანვარ-ოქტომბრის  განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 73,5 ათასი ტონა, რაც 26 ათასი ტონით, ანუ 54,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (47,5 ათასი ტონა) შედარებით და 9,5 ათასი ტონით, ანუ 11,4%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83  ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 54,9%  (40,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,3% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 14,9% (10,5 ათასი ტონა) - იტალიიდან, 11,2% (8,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 2,0% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 0,7% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან და სხვ.

როგორც ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, საავიაციო ნავთის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა უკავშირდება მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის შედეგად ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვნად მომატებულ ოდენობას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ პირდაპირაა დაკავშირებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.

,,მიმდინარე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს იმაზე სწრაფად, ვიდრე მოლოდინი იყო. ფასის მატება დაკავშირებულია მოხმარების ზრდასთან, რის საფუძველიც ეკონომიკაც პროგრესს განიცდის. ამასთან, ვაქცინაციის გარეშე ეს პროცესი ვერ იქნებოდა ასეთი აქტიური, როგორც დღესაა. 

როცა საავიაციო ნავთის იმპორტის ზრდაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია დღეს გამოქვეყნებული ანგარიშები, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში საავიაციო ნავთზე მოთხოვნის ტემპს განაპირობებს საავიაციო ნავთის გამოყენება მსოფლიოში“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა და დასძინა, რომ არასრულფასოვნად, მაგრამ თითქმის მიუახლოვდა პანდემიამდელ ნიშნულს საჰაერო მიმოსვლა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან, გადაზიდვების ზრდასთან და სხვა. 

,,ვინც საქართველოში შემოდის, უმეტესობა ვაქცინირებულია და ეს განაპირობებს, რომ ავიაციის სფერო აღდგენის გზას დაადგა. პანდემიამელ მაჩვენებელს ჩამორჩება, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, ნახტომისებური ზრდაა. ამ ეტაპზე იშვიათად, რომ რომელიმე ქვეყანა იყოს ჩაკეტილი. ინგლისში პრემიერლიგის თამაშებია და სტადიონები გადავსებულია. ხალხს თითქმის არ უკეთია პირბადე, რადგან ,,ფაიზერით“ არის აცრილი. 

ჩვენთანაც მასობრივად რომ მიმდინარეობდეს ვაქცინაცია, ბევრად კარგი შედეგი გევქნებოდა, ამას დღეს ალტერნატივა არ აქვს და თუ იმუნიზაციის ტემპი გააქტიურდება, საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესიც, ბევრად კარგ შედეგს მოიტანს“, - განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×