სპეციალისტების აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ აღსრულება რთული იქნება
რეზონანსი
08.11.2021

,მწვანე ბარათების" სისტემის ამოქმედებას ყველა მიესალმება, მაგრამ თითქმის არავის აქვს მოლოდინი, რომ რეგულაციები აღსრულდება. ასეთი დამოკიდებულების საფუძველს იძლევა ამ დროისთვის გაუქმებული რეგულაციები, რომელიც ისე მოიხსნა, რომ ფაქტობრივად არავინ ასრულებდა და არც კონტროლი მიმდინარეობდა. ქორწილები, ქელეხები და თავყრილობები, რაც ინფიცირების მაღალ რისკად არის შეფასებული, მთელი პანდემიის პერიოდში მაინც ტარდებოდა, არც სასტუმროებსა და რესტორნებში შესულ მოქალაქეებს ითვლიდა ვინმე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ახლაც, როცა ახალი რეგულაციები შემოდის, ყველაზე მეტ პრობლემას ანალიტიკოსები სწორედ აღსრულების ნაწილში ხედავენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციიტ, ეს ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან `პისიარ~ ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობას.

,,პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში, ეს არის კვების ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, გასართობი ცენტრები, სათამაშო ბიზნეს-ობიექტები და ასე შემდეგ. მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა დასაქმებულ პერსონალზე" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალ გადაწყვეტილების მიზეზი დააზუსტა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც და აღნიშნა, რომ ამით მთავრობას საშუალება ეძლევა, მომავალში ბიზნესს კიდევ უფრო შეუმსუბუქდეს არსებული შეზღუდვები.

,,კოვიდ-პასპორტების სისტემის გაფართოება და გავრცელება იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ეს სისტემა სწორად იმუშავებს და არ მოხდება თავის არიდება, რესტორნებთან დაკავშირებით საათებთან დაკავშირებული შეზღუდვებს შევამსუბუქებთთ", - განაცხადა თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილების მიღმა სერიოზულ პრობლემას ხედავენ ანალიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იმუნიზაციის ტემპს ვერც პენსიონერებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი ვაუჩერი დააჩქარებს და ვერც ,,მწვანე პასპორტების" სისტემა, რადგან მისი დაცვაც და აღსრულებაც რეალურად ვერ მოხერხდება.

ეკონომისტი გივი მომცელიძე აცხადებს, რომ მოწინავე ქვეყნებიც შეზღუდვებზე არიან გადასული, რადგან პანდემიის დამარცხების სხვა შესაძლებლობები არ არის, თუმცა კარგი იქნება თუ კონტროლის ზომებიც გამკაცრდება, გარკვეულ ეჭვს აქედანვე იწვევს.

,,რეგულაციის შემოღების მიზანი არის, რომ მოსახლეობის 70% აცრან. მოტივაციის ამაღლებას ცდილობენ 200-ლარიანი ვაუჩერით ასაკოვანი მოსახლეობისთვის, მაგრამ ვეჭვობ, ამ მიდგომამ გაამართლოს. თუმცა მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია. პანდემია მძვინვარებს და ასეთ დროს ყველა მოწინავე ქვეყანა შეზღუდვებზეა გადასული. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებაც აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ რთული იქნება აღსრულება.

სავარაუდოდ, მკაცრად დაიწყებენ მწვანე ბარათების გაკონტროლებას, მაგრამ მერე მოეშვებიან, ამის გამოცდილება არსებობს. ,,კომენდანტის საათი" ისე გაუქმდა, რომ ბოლოს მოსახლეობა ამ რეგულაციას სისტემატურად არღვევდა, ყველა ფიქრობდა, რომ ჯარიმებს ჩამოაწერდნენ და სანქცია არავის აშინებდა. იყო ქაოსი ღია სივრცეში პირბადის წესის აღსრულებასთან დაკავშირებითაც, ფაქტობრივად არავის ეკეთა და ლამის ნახევარი თბილისი არ იცავდა რეგულაციას. ახლაც ასე იქნება. 1-2 თვე მოჩვენებით კონტროლს განახორციელებენ და მერე მოეშვებიან", - განაცხადა გივი მომცელიძემ.

ფაქტს, რომ სავაჭრო ცენტრებზე ახალი ტიპის შეზღუდვა არ გავრცელდება, სპეციალისტების ნაწილი ბიზნესის დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სეგმენტის მომხმარებელთა დიდი ნაწილი აუცრელია, არის საფრთხე, რომ ბიზნესს მომხმარებლის დიდი ნაწილი შემოეცლება, რაც პრობლემას შექმნის.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ფიქრობს, რომ ტანსაცმლის ბიზნესი ამ წნეხს ვერ გადაიტანდა და ამიტომ არ გავრცელდა ამ სექტორზე მწვანე ბარათის რეგულაცია. ზოგადად კი უკვე დაწესებული რეგულაციები შედეგს მოიტანს, თუკი აღსრულება მოხდება, თუმცა წარმოუდგენელია კონტროლი სრულად განხორციელდეს.

,,ჩემი აზრით, ,,მწვანე პასპორტების" შემოღება მოსალოდნელი იყო, რადგან ვაქცინაციის ტემპი ძალიან შესუსტდა. მოსახლეობა უარს ამბობს აცრაზე და ხელისუფლებას რაღაც ზომა უნდა მიეღო. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილება, კოვიდპასპორტების შემოღება მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი გახდა, რათა უფრო მეტად დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი და შექმნან მოტივაცია.

ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ აღსრულების მხრივ იქნება პრობლემა. ვფიქრობ, კონტროლი გაუჭირდებათ. თუმცა ბიზნესი თუ გამოიჩენს მეტ ყურადღებას და დაიცავს იმ მოთხოვნებს, რაც ევალება, შედეგი ნამდვილად გვექნება. რეგულაციების 100%-ით აღსრულება წარმოუდგენელია, მაგრამ თუნდაც 60-70%-ით რომ შესრულდეს, გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვანს პანდემიასთან ბრძოლაში. ამ საკითხს ბიზნესი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. შეზღუდვებსა და რეგულაციებში მუშაობას მეტწილად მიჩვეულია და არ უნდა გაუჭირდეს", - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას, რომ რისკჯგუფებისთვის ვაქცინა სავალდებულო, ხოლო აუცრელთათვის მკურნალობა ფასიანი გახდეს, აფბას ხელმძღვანელი უარყოფითად აფასებს.

,,არ შეიძლება აუცრელმა ადამიანებმა თვითონ გადაიხადოს მკურნალობის ხარჯები, ეს გადაწყვეტილება არც ახლა და არც მომავალში არ უნდა მიიღოს მთავრობამ, მით უმეტეს, როცა აცრა ავალდებულო არ არის. ასეთი ზომების გატარება დაუშვებელია, საბოლოოდ სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს და ამაზე მთავრობა კარგად უნდა დაფიქრდეს" - დასძინა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×