ვარლამ გოლეთიანი: "უცნაურია, კომპანიამ თქვა, რომ მიდის და მისი ტექნიკა კვლავ რჩება ხეობაში. არავინ არაფერი იცის…"
ნინა გარდაფხაძე
08.11.2021

თვენახევარი გავიდა, მას შემდეგ რაც კომპანია ,,ენკამ" რიონის ხეობიდან გასვლა გადაწყვიტა, ხეობის მცველების 6-თვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ. მაშინ ხელიუფლებამ თქვა, რომ 1 თვის თავზე დაზუსტდებოდა ნადვილად ტოვებდა თუ არა კომპანია ქვეყანას და გაწყვეტდა თუ არა კონტრაქტს. მიუხედავად ამისა, არავითარი კონკრეტული პასუხი საზოგადოებას დღემდე არ მიუღია. ამიტომ"`ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, რა ხდება ხეობაში და რას გეგმავს კომპანია.

კომპანია "ენკამ" სექტემბერში საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა განცხადება, ფორსმაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება. შესაბამისად, პროექტი, რომელიც საქართველოში 800 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავდა, სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება.

"ნამოხვანჰესის" პროექტს საქართველოში შპს "ენკა რენეიუბელსი" ახორციელებდა. კომპანიის 2020 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად შარშან, პროექტის განვითარების შეჩერებამდე, მასში 98.1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღესაც ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო "ენკასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„არბიტრაჟი არ არის სასურველი, არც ჩვენთვის და იმედია, არც "ენკასთვის". აქედან გამომდინარე, შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს პროფესიულ დონეზე, თუმცა არა - ჩემს დონეზე; ხდება იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე კომუნიკაცია.

რაც შეეხება ერთთვიან ვადას და ხელშეკრულებიდან გასვლას, ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასე და რა შემთხვევაში სხვანაირად. ცალმხრივად მოიწეროს და გავიდეს ინვესტორი, ასე არ ხდება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემები. არის კომუნიკაცია, გამოყოფილია სამუშაო ჯგუფები ჩვენი და მათი მხრიდან და მიმდინარეობს პერიოდული შეხვედრები", - განაცხადა თურნავამ.

ასეთია ბოლო, ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ენკა" აღარ გეგმავს სამართლებრივ დავას, თუმცა ნამდვილად გადის ხეობიდან. რეალურად, რა ხდება ახლა ხეობაში, იქ სადაც კასკადური ჰესის მშენებლობა 5 ადამიანით დაწყებულმა მრავალათასიანმა პროტესტმა შეაჩერა? ,,ბიზნეს-რეზონანსმა" პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს ვარლამ გოლეთიანს ჰკითხა.

,,ბიზნეს-რეზონანსი": პირველ რიგში, როგორია ახლა სიტუაცია ხეობაში, სადაც უკვე 376-ე ღამეა კარვებში აპროტესტებთ ნამოხვანჰესის პროექტს?

ვარლამ გოლეთიანი: მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "ენკა" ტოვებს საქართველოს, ხეობაში არაფერი შეცვლილა. პოლიცია ისევ დგას, ისევ მიმდინარეა ჩვენი პროტესტი და ჩვენთვის გადაადგილების პრობლემა კვლავ რჩება. უბრალოდ, კომპანიის მანქანების შეყვანიც მცდელობა აღარ აქვს პოლიციას. სხვა ყვეაფერი ისევ ისეა.

,,ბ-რ": როგორია თქვენი ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც "ენკას" მიერ გაცხადებული ქვეყნის დატოვებიდან 1 თვე გავიდა. როგორია ამჟამად მიმდინარე პროცესი?

ვ.გ: ჩვენთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე არავის აქვს. პრინციპში, რჩება განცდა, რომ არავინ არაფერი იცის უფლებამოსილი პირებიდან. უცნაურია, კომპანიამ თქვა, რომ მიდის და მისი ტექნიკა კვლავ რჩება ხეობაში. მეორე მხრივ, არავინ არაფერს ამბობს იმაზე, გადაინაცვლებს თუ არა არბიტრაჟში დავა. მოარული ხმებით ვიცით, რომ იყო კომპანიის წარმომადგენლობა ჩამოსული, მაგრამ ამასაც კი არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ ხელისუფლებაში მყოფი პირები.

"ბ-": იმ შემთხვევაში, თუ გაწყდება კონტრაქტი და არბიტრაჟის გარეშე გავა კომპანია ქვეყნიდან, ანუ კონტრაქტის შესწავლა აღარ მოხდება, ეს საკმარისი იქნება თქვენთვის?

ვ.გ: აქ ჩვენზე საერთოდ არ არის საუბარი. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ხელშეკრულების ძირეული შესწავლა, ვიტრიალებთ ერთ წრეზე. აუცილებელია რომ კონტრაქტის დეტალებს ჩავუღრმავდეთ და გავიგოთ სად არის დათმობილი სახელმწიფო ინტერესი. ამის გარეშე, გამოვა, ტყუილად ვიდექით 1 წელი გარეთ. მედიაცია, რომელშიც ვმონაწილეობდით, გეგმავდა დასკვნის წარმოდგენას, როცა "ენკამ" გასვლა გადაწყვიტა. გავიგეთ, რომ შეჩერდა ეს პროცესიც, არადა ენერგოგაერთიანების მიერ დადებული ეს დასკვნაც მნიშვნელოვანი იქნებოდა შემდგომში, რომ მათ ეთქვათ თავისი სიტყვა კონტრაქტთან მიმართებით.

"ბ.რ": დაბოლოს, გავრცელდა ინფორმცია, რომ ონიჰესის კასკადთან დაკავშირებულ პროცეშიც ჩართული ხართ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ვ.გ: იქ პროცესი ჯერ კიდევ არ არის დაძრული და არც კონკრეტული კონტურებია გამოკვეთილი თუ რა ხდება. მეც, სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ ამ პროტესტს ვმეთაურობთ. ცხადია, სადაც იგივე პრობლემაა, რაც ნამოხვანში იყო, ყველა პროტესტის თანაზიარი ვართ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ონში ჯერ პროექტი არ არის ქმედით ეტაპზე.

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში პროტესტი 376 დღის წინ დაიწყო და მას შემდეგ, ფორმა არ შეცვლილა. გაზაფხულზე, მაისის ბოლოს ფართომასშტაბიანმა პროტესტმა უკვე დედაქალაქში გადმოინაცვლა და 5 დღის განმავლობაში რესპუბლიკის მოედანზე აქციები იმართებოდა.

ხეობის მცველები დღემდე ითხოვენ, გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ." გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×