გვანცა წულაია
09.11.2021

საქართველოში კერძო სექტორისთვის ბუნებრივი აირი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. ენერგეტიკოსთა ნაწილი კომერციული გაზის გადასახადის მორიგ ზრდას არ გამორიცხავს. მართალია, შესაძლო მატება მხოლოდ კომერციულ აირს შეეხება, თუმცა ეს გარემოება საბოლოოდ მაინც მოსახლეობაზე აისახება.

უკვე ცნობილია, რომ ბიზნესისთვის რეგიონებში პირველი დეკემბრიდან გაზი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდება. ეს ფაქტი ოფიციალურად დადასტურებულია, მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება სახელდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია, ქართული ფული სტაბილურია და სავალუტო რყევას ადგილი არ აქვს.

მართალია, პირველი დეკემბრიდან გაზრდილი ტარიფი და სამომავლოდ მისი კიდევ გაძვირება მხოლოდ ბიზნესს ეხება, თუმცა, საბოლოოდ, ისევ მოსახლეობა იზარალებს, რადგან გადასახადის ზრდა სამომხმარებლო ფასებზეც ნეგატიურად იმოქმედებს და მოიმატებს ყველა იმ პროდუქტის ღირებულება, რომელთა წარმოების ხარჯშიც ენერგომატარებლებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ ბიზნესისთვის გაზი ახლო მომავალში კიდევ გაძვირდეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ტარიფის მატების მიზეზები არ არსებობს.

„გაზის დამატებით გაძვირებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ რა არის ისეთი გარე ფაქტორები, რომლებმაც გაზის გაძვირება უნდა გამოიწვიოს? მე, მაგალითად, ვერაფერს ვხედავ. გაძვირების ლოგიკური ფაქტორი არ არსებობს და ისე კი შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ, გამორიცხული არაფერია. დღეს ამ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ, ყველანაირ კაპრიზსა და მოთხოვნას უსრულებენ.

გაზის გაძვირებას არაერთი პრობლემა სდევს თან, რაც შემდგომ მოსახლეობაზე სერიოზულად აისახება. მაგალითად, პირველადი მოხმარების პროდუქცია გაძვირდება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პურის ფასიც მაღლა წავა, რომელიც დღეს, ასე თუ ისე, ხელმისაწვდომია.

გაზის გაძვირებამ ასევე შესაძლოა, გამოიწვიოს ელექტროენერგიის ღირებულების მომატება, რადგან თბოსადგურებზე ბუნებრივი აირის მოხმარება არის გარკვეულწილად გაზრდილი. ეს ყველაფერი თავისთავად ინფლაციაზე მნიშვნელოვნად აისახება", - განუცხადა „რეზონანსს" თემურ ჭიჭინაძემ.

ბუნებრივი აირის კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავს „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი მურმან მარგველაშვილიც. ევროპაში გაზრდილი მოთხოვნისა და რუსეთის მიერ შემცირებული მიწოდების გათვალისწინებით, საქართველოში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირების საფრთხე მართლაც არსებობს.

„გაზის ფასი ევროპაში ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ობიექტური ფაქტორი ცივი ზამთარია, რასაც უკვე ელიან წელს ევროპაში. სუბიექტური ფაქტორია „ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის გარშემო არსებული დაპირისპირება. ამ გაზსადენის სერტიფიცირების დასაჩქარებლად რუსეთი იყენებს თავის ხელთ არსებულ ბერკეტს და არ აწვდის ევროპას საჭირო რაოდენობის გაზს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე. როგორც ცნობილია, ჩვენ თითქმის სრულად აზერბაიჯანის გაზს ვიყენებთ, თუმცა აზერბაიჯანსაც გააქვს ბუნებრივი აირი ევროპაში და, სავარაუდოდ, ისიც ასწევს ფასს. შესაბამისად, შესაძლოა, ჩვენთანაც გაიზარდოს გაზის ღირებულება. საუბარია იმ კომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებსაც თავისი შეხედულებით უწესებს „სოკარ ჯორჯია გაზი" ტარიფს", - განაცხადა „ბიზნეს ფორმულის" ეთერში მურმან მარგველაშვილმა და დასძინა, რომ აუცილებელია, საქართველომ გაზის ალტერნატიულ წყაროებზე იფიქროს.

„აუცილებელია ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთარი წყაროების მოძიება. ცოტა ხნის წინ 20 თეთრით გაუძვირა კიდეც „სოკარ გაზმა" ბუნებრივი აირი კომერციულ საწარმოებს საქართველოში. ეს შეიძლება არ იყოს მთლიანი სურათი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნახევრად გაუმჭვირვალე ხელშეკრულებით ვართ დაკავშირებული მომწოდებელთან.

აუცილებელია, გაზსაცავის მშენებლობასთან ერთად, მივაღწიოთ ბაზრის გამჭვირვალე რეგულირებას. უნდა ვცადოთ, რომ რუსული და აზერბაიჯანული გაზი მაქსიმალურად კონკურენტულ პირობებში ჩავაყენოთ. გარდა ამისა, უნდა გადაიჭრას ე.წ. სოციალური გაზის საკითხი და ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული ბუნებრივი აირი უფრო ყაირათიანად გამოვიყენოთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტში 138.1 მილიონი დოლარი გადაიხადა, რუსული გაზის იმპორტი კი 39.9 მილიონი დოლარი დაუჯდა.

რაც შეეხება გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფს, იგი მომხმარებლებისათვის სემეკ-მა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაადგინა, შესაბამისად, ამ პერიოდში მოქალაქეებისთვის გაზი არ გაძვირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×