ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა მიზეზით დაღუპული ადამიანების მიწერა ხდება კოვიდსტატისტიკაში სიტუაციის ხელოვნურად დასამძიმებლად
რეზონანსი
09.11.2021

საქართველოში სულ მალე „მწვანე ბარათების" სისტემა ამოქმედდება. ბიზნესი, რომელიც დიდი ხანია, ქვეყანაში მსგავსი სიახლის დანერგვას ითხოვს, ახლა აცხადებს, რომ „მწვანე ბარათების" სისტემა დასახვეწია. ახალ რეგულაციას ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნაწილიც და მისი ამოქმედების გასაპროტესტებლად აქციაც კი დაიგეგმა.

ბიზნესთან ერთად, „მწვანე ბარათების" სისტემას მოსახლეობის უმრავლესობა თითქოს ემხრობა, თუმცა თითქმის არავის აქვს მოლოდინი, რომ აღსრულების ნაწილი გამართული იქნება. მსგავსი დამოკიდებულების საფუძველს იძლევა აქამდე მოქმედი ის რეგულაციები, რომლებსაც, ფაქტობრივად, არავინ ასრულებდა.

კერძო სექტორი ახლა იმაზე ალაპარაკდა, რომ სისტემა დასახვეწია და ვერ იმუშავებს. ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთიულიშვილი თანახმაა, რომ იყოს „მწვანე სივრცეები", „მწვანე პასპორტები", მაგრამ შესაძლოა, სრული ქაოსი მივიღოთ.

„მწვანე პასპორტები" დახვეწილად აქამდეც რომ მიგვეღო, არც ეს შეზღუდვები იქნებოდა და არც ამდენი ფატალური შემთხვევა. მე პირადად თანახმა ვარ, რომ იყოს „მწვანე სივრცეები", „მწვანე პასპორტები", მაგრამ დასახვეწია ფორმა, რადგან ახლა სრულ ქაოსს მივიღებთ.

არსებული ფორმით „მწვანე ბარათების" ამოქმედებით რას გვეუბნებიან? - გასართობ ცენტრში მოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვო პასპორტი, მაგრამ თუ ჩემთან მოსვლამდე სტუმარი ჩაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან შევა მოლში, სადაც არაა სავალდებულო „მწვანე პასპორტი" და იქ დაინფიცირდება, ვამბობთ - მერე რა მოხდაო. ასევე გვეუბნებიან, თანამშრომლებში სავალდებულო არ არის, მაგრამ სტუმარს „მწვანე პასპორტი" უნდა ჰქონდესო. აქაც ძალიან ვცდებით ლოგიკას. რა აზრი აქვს, თუკი დახურულ სივრცეში ვირუსის შემოტანას ვერ შევაჩერებთ?

„მწვანე სივრცეები" აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რესტორანი, გასართობი ცენტრი თუ სხვა ობიექტები მაინც ფუფუნების საგანია ადამიანებისთვის. ამიტომ თუ გამოვტოვეთ ისეთი ობიექტები, როგორებიც არის სავაჭრო ცენტრი და სხვა, სადაც ყოველდღიურად გვიწევს შესვლა, მაშინ ბალანსი როგორ მოხდება და როგორ გადაეფარება ეს დამცავი ფენა საქართველოს, რათა ამხელა სიკვდილიანობა აღარ გვქონდეს? მსგავსი წერტილებიც უნდა ამოევსოთ, რომ გავრცელება აღარ მომხდარიყო ", - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა გადაცემა „საქმეში".

რესტორატორთა ასოციაციის მოთხოვნაა, რომ ე.წ. მწვანე ზონებში, მათ შორის რესტორნებში, დამატებითი შეზღუდვები მოიხსნას. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ რესტორნებში ქორწილისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება, ღონისძიების მონაწილეებიც იძულებულნი იქნებიან, „მწვანე სტატუსი" ჰქონდეთ.

„იდეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის, რეალურად სწორად გასაკეთებელია. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება უკვე საჭიროებს გარკვეულ კორექტირებას. „მწვანე ზონას" ვქმნით იმისთვის, რომ ადამიანებმა აცრა ვალდებულებად გაიხადონ. ეს „მწვანე ზონა" ვრცელდება რესტორნებზე, კაფე-ბარებზე, ფიტნესდარბაზებსა და თეატრებზე. ეს არ არის იმის საბაბი, რომ მოსახლეობის 70%-მა, რომელიც აუცრელია, სწრაფი, რადიკალური ნაბიჯი გადადგას და აიცრას.

ჩვენი სფერო დღეს არის შეზღუდული ოპერირების მდგომარეობაში. „მწვანე ზონა" რომ შევქმნათ, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, რომ რესტორნებში შეზღუდვები გაუქმდეს და ადამიანებმა უფრო თავისუფლად მიიღონ მომსახურება.

მაგალითად, დღეს აკრძალულია ქორწილების, დიდი წვეულებების გადახდა. თუ გადავწყვეტთ ქორწილის გადახდას და სიძე-დედოფალი ან მეჯვარეები აუცრელი იქნებიან, ეს დამატებითი იმპულსია, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეძლოს ქორწილის გადახდა. ეს გამოადგება არა მხოლოდ საზოგადოების ამ ნაწილს, არამედ ეკონომიკასაც, რომელიც დღესდღეობით ამას მოკლებულია", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მომხრეებთან ერთად, „მწვანე ბარათების" სისტემას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. „ერი და სახელმწიფოს" თავმდჯომარე ზვიად ტომარაძე დაანონსებული რეგულაციის წინააღმდეგ აქციის გამართვას აპირებს.

„ეს არის პირდაპირი ტერორი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრას თუ - არა. პრემიერმა არჩევნებამდე პირობა დადო, რომ იქნებოდა სავალდებულო ვაქცინაცია და ეს პირობა გატეხა. ეს სიტყვებით თამაშია, ამბობს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, მაგრამ ჩამოთვალა მთელი რიგი ობიექტები, სადაც მოსახლეობას ელემენტარულად არ შეუშვებენ. სწორედ ეს არის იძულება, რაც მიუღებელია.

ჩვენ ამას გავაპროტესტებთ შაბათს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. უკვე ოთხი აქცია ჩავატარეთ და ხალხის ის რაოდენობა მოვიდა, რომელსაც ძალიან ბევრი პარტია ვერ კრიბავს. აქციაზე, საშუალოდ, 1500-200 ადამიანი სულ დადის. ეს სრულიად საკმარისია აქციისთვის, რომ ხელისუფლების ყურადღება მივიპყროთ, თუმცა შედეგისთვის გაცილებით მეტია საჭიროა და იმედი მაქვს, უფრო მეტი ადამიანი დაიცავს თავის უფლებას", - განუცხადა „რეზონანსს" ზვიად ტომარაძემ და დასძინა, რომ ვაქცინაციის წახალისებისთვის ხდება ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.

„ჩვენ პირდაპირ ვხედავთ სიკვდილიანობის მანიპულაციას. საქართველოში სტატისტიკურად წელიწადიში, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი იღუპებოდა. დღეში, საშუალოდ, 137 ადამიანი გამოდის. ჩვენს ორგანიზაციას ძალიან სერიოზული ეჭვი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ვაქცინაციის წახალისებისთვის სჭირდებათ როგორც ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდა, ისე სიკვდილიანობისა და სხვადასხვა მიზეზით დაღუპული ადამიანების მიწერა ხდება კოვიდსტატისტიკაში.

თუ ვარაუდები სწორია, მაშინ ცნობილი ინფექციონისტების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და თუ მართლები არ ვართ, მაშინ ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამდენი ადამიანი თუ იღუპება, მათი „დამსახურებაა", ვინც სიტუაციას მართავს", - დასძინა ტომარაძემ „რეზონანსთან".

ასეა თუ ისე, პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი" ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი ექნება, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად - ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პი-სი-არ" ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა _ იქ მომუშავე ადამიანებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×