დავით ტყემალაძე: ,,წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, ღვინის საელჩო გვაქვს შვეიცარიაში“
ირაკლი ლომიძე
10.11.2021

ქართული ღვინის ახალ საექსპორტო ბაზრებს შვეიცარია დაემატება.  ევროპის უმაღლესი დონის ქვეყანასთან თანამშრომლობა უკვე დაწყებულია. ამ მხრივ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ბერნში ,,ქართული ღვინის ფორუმი“, რომელიც  ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში გაიმართა. ერთი წლის წინ დაწყებული კავშირი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რაც დიდ მხარდაჭერას გაუწევს როგორც ქართული ღვინის მწარმოებლებს, საქართველოს ეკონომიკასაც გარკვეულ სარგებელს მოუტანს.  

როგორც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს  თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემელაძე აცხადებს, შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია და ის ქართული ღვინის ცნობადობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ცხადია, გამოფენის მასშტაბს ბევრად სცილდება და ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის სრულიად  ახალი შესაძლებლობაა.

შვეიცარიის კონფედერაციის დედაქალაქ ბერნში „ქართული ღვინის ფორუმის“  გამართვას წინ უძღოდა ქართველი ემიგრანტის მიერ ქართული ღვინის გალერეის და საკვირაო სკოლის გახსნა ქალაქ ციურიხში, რომელიც ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 17 ოქტომბერს, ღვინის გალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი  დაესწრო.

,,შვეიცარია არ წარმოადგენს ქართული ღვინისთვის ტრადიციულ ბაზარს, შესაბამისად,  პრიორიტეტად არც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგულ ღონისძიებებში მიიჩნეოდა. თუმცა, ბევრი რამ იცვლება და  დღეს შეიძლება თამამად ითქვას  რომ ქართული ღვინის ექსპორტში შვეიცარია თავის ნიშას აუცილებლად დაიკავებს. ამის ყველა წინაპირობაა.  

ამ საქმის იდეის ინიციატორი შვეიცარიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ზვიად არაბიძეა, რომელიც წლებია ქართული ღვინის რეალიზაციას და პროპაგანდას ეწევა შვეიცარიაში.  ქართველმა ემიგრანტმა შეძლო, ექირავებინა ფართი და გაეხსნა ქართული ღვინის მაღაზია და საკვირაო სკოლა. ხოლო ბერნში პროექტი - ,,ქართული ღვინის ფორუმის“, ჩატარება მან ასევე ქართველ ემიგრანტებთან - ელიზბარ და ფატი მამარდაშვილებთან ერთად დაისახეს მიზნად. აღნიშნული ღონისძიება დაფინანსებული  იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან, რომელშიც 15-მდე ქართული ღვინის კომპანია იყო ჩართული. პროექტს მხარი დაუჭირა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქართულ ღვინოსთან ერთად, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაც გაკეთდა. ამდენად,  კომუნიკაცია მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ დავით ტყემალაძემ.

 ,,წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, ღვინის საელჩო გვაქვს შვეიცარიაში, სადაც ღვინის კულტურაა, აფასებენ ხარისხიან ღვინოს და აქვთ თავიანთი ენდემური ჯიშებიც, ღვინის ფასი იციან! მართალია, იგი დიდი მწარმოებელი არ არის, მაგრამ რაც მთავარია,  ტრადიციული მეღვინე ქვეყნების გარემოცვაშია,  როგორიცაა იტალია და საფრანგეთი. ამ შემთხვევაში შვეიცარელების ქართული მეღვინეობით დაინტერესება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენი სურვილია ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასთან ქართული ღვინის სექტორის თანამშრომლობა ფორუმით არ შემოიფარგლება, მომავალში კავშირი უფრო გაფართოვდება. გააქტიურდება მარკეტინგული ღონისძიებები. კოვიდსიტუაცია თუ მოგვცემს საშუალებას, 2022 წელს ვგეგმავთ ქალაც ციურიხში, ღვინის ისტორიის მუზეუმში საქართველოს მეღვინეობასთან დაკავშირებული რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას. რაშიც ჩვენი საელჩოც აქტიურად გვეხმარება. ცნობადობის გაზრდა კი თავისთავად მხარს დაუჭერს ახლადგახსნილ  ქართული ღვინის მაღაზიას და შექმნის საშუალებას, ყველამ იცოდეს, რომ ქართული ღვინო შვეიცარიაში უკვე ხელმისაწვდომია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დააგემოვნოს, დაესწრო დეგუსტაციას და შეიძინოს იგი. 

პარალელურად  გრძელდება სამუშაოები, სახელმწიფო პროექტ ,,საქართველო - ღვინის სამშობლოს“ განსახორციელებლად რომელიც 2017 წელს დაიწყო ქ. ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში. ასე რომ, პროექტები გვაქვს და აქტიურად ვართ ჩართული ქართული ღვინის პოპულარიზაციაში.  შვეიცარია კი აღმოჩნდა ადგილი, სადაც უკვე ფეხს ვიკიდებთ და ვეძებთ ჩვენს უნიკალურ ნიშას. მსგავსი ღონისძიებები ფინანსურად აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მეწარმეებს და აუცილებელია  როგორც ზოგადად ეკონომიკისთვის, ასევე ღვინის ინდუსტრიისთვის“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, ქართული ღვინის მარკეტინგული ღონისძიებები პრაქტიკულად არ გაჩერებულა და ონლაინ ფორმატში გრძელდებოდა. შესაბამისად, ამან შესაძლებლობა მისცა ინდუსტრიას, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მოეხდინათ და ტრადიციული საექსპორტო ბაზრების გეოგრაფიული არეალი გაფართოებულიყო. კავშირები გაფართოვდა  გერმანიის,  დუბაის,  იტალიის, აზიის ქვეყნების, ამერიკის ბაზრებზე და ახლა უკვე შვეიცარიაშიც. მართალია, ამ მხრივ ინტერნეტი დიდ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, როგორც კი პანდემია გადაივლის, ამ ქვეყნებთან მყარი კავშირი გაგრძელდება და ქართული ღვინის ექსპორტიც ბევრად მეტ შედეგს მოიტანს.

,,კომუნიკაცია არ შეწყვეტილა, მაგრამ კოვიდის გამო თავშეყრა გამოფენებზე ლიმიტირებულია. ხალხი კი საქართველოსა და მსოფლიოში მოწყურებულია კომუნიკაციას, მით უმეტეს,  ღვინო არის ცოცხალი ორგანიზმი  და მას სჭირდება პირდაპირი ადამიანებს შორის. როგორც კი პანდემიაც უკან დაიხევს,  ჩვენც საგამოფენო ცხოვრებას დავუბრუნდებით და  ძალიან ბევრს გავაკეთებთ, რომ ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს“, - დასძინა დავით ტყემალაძემ.

 შვეიცარიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეის“ და შვეიცარიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.  

ქ. ბერნში, ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ღვინოს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფორუმში კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „შილდა“, „ჯივიესი“, „წინანდლის მამული“, „კონჭო და კომპანია“, „ნაბერაული“ და „ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი“ მონაწილეობდნენ.

ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×