„ოჯახების ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ნაადრევია ხალხისთვის დახმარების შეჩერება“
თიკა სიბოშვილი
10.11.2021

პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული სატარიფო შეღავათი სულ მალე დასრულდება. იანვრიდან მოსახლეობას ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თითქმის სრულიად გაიხსნა, ეკონომიკამ ბოლომდე გამოცოცხლება ჯერ კიდევ ვერ შეძლო. ამას ემატება გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გაზრდილი ფასები, მთავრობაში კი პირდაპირ ამბობენ, რომ 2022 წლიდან მოქალაქეების მხოლოდ მცირე ჯგუფი შეძლებს დაფინანსების მიღებას.

ეპიდემიის პერიოდში კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით ყველა მოქალაქე სარგებლობდა, თუმცა იანვრიდან პირობები იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არ დასრულებულა, უკვე გადაწყდა, რომ ახალი წლიდან სუბსიდირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება, უფრო ზუსტად, სოციალურად დაუცველ მოქალაქებს. მოსახლეობის, დაახლოებით, 80% დახმარების გარეშე დარჩება მაშინ, როცა ყველაფერი გაძვირდა.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, კომუნალური ხარჯების კომპენსირება მომდევნო წელს მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული.

„მომდევნო წელს გათვალისწინებულია მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფის კომპენსირება. რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის თქვენთვის და ჩემთვის გათვალისწინებული არ არის ტარიფის დაფინანსება.

იქნება დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალურ ხარჯებს მომავალში, განსაკუთრებით, როდესაც ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. იქნება წესი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ უწყებებმა, როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი პაკეტის შემუშავება, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს პაკეტი და ა.შ”, - განმარტა კაკაურიძემ „ბი-ემთან“ საუბრისას.

ზამთარს საქართველოს მოსახლეობა 15-25%-ით გაძვირებული კომუნალური ტარიფებით ხვდება. გაზრდილია როგორც ელექტროენერგიის, იმავდროულად წყლისა და გაზის ტარიფები. მოქალაქეების ნაწილი კი ჯერაც შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, თუმცა მთავრობა მათ დახმარებას აღარ გეგმავს. არადა, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ აუცილებელია მოსახლეობის მხარდაჭერა.

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, სოციოლოგი პაატა აროშიძე სწორად არ მიიჩნევს სუბსიდირების პროგრამის კიდევ გაგრძელებას. მისი აზრით, ადამიანები ეჩვევიან დაფინანსებას, ეს კი ცუდია.

„თუ მხოლოდ სუბსიდირებაზე იქნება ადამიანი დამოკიდებული, საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნება მის ირგვლივ. რეალურად, სახელმწიფოს არ ექნება იმის საშუალება, რომ მუდმივად დააფინანსოს ესა თუ ის საქმიანობა, მართალია, იდეა კარგია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს შესაძლებლობა.

ხშირ შემთხვევაში, უსამართლობის გრძნობაც შეიძლება გაუჩნდეს ვინმეს, რადგან შესაძლოა, ნაწილს დაეხმარონ ამა თუ იმ გადასახადით, ნაწილს კი - არა, ამიტომ აუცილებელია, სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფოს ჰქონდეს რეაგირება არასწორ დარიცხვებზე.

ადამიანები ეჩვევიან დაფინანსებას, ამას სჯობს, ეს თანხები მიიმართოს სამუშაო ადგილების შექმნისაკენ ან ბიზნესის ხელშეწყობისაკენ. ასეთ შემთხვევაში გვექნება უფრო მეტი ეფექტი. სუბსიდირება არის ერთჯერადი ღონისძიება და სახელმწიფო ყოველთვის ამგვარ ნაბიჯებს ვერ გადადგამს", - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას აროშიძემ და დასძინა, რომ ახლა ისეთი რთული მდგომარეობა აღარ არის, როგორიც პანდემიის დაწყებისას იყო, შესაბამისად, ადამიანები არ უნდა შეეჩვიონ მუდმივ დახმარებას.

„საზოგადოებამ პანდემიასთან თანაცხოვრება ისწავლა, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ იმაზე მძიმე ვითარებაა, ვიდრე შარშან იყო. სამუშაო ადგილები მეტ-ნაკლებად გაიხსნა და შემოსავლებიც არის. შარშან აპრილ-მაისში, როცა სუბსიდირება განხორციელდა, გაურკვეველი მდგომარეობა იყო, თუმცა დღეს თანდათანობით ჰარმონიული განვითარება მიდის, ამიტომ მოქალაქეებმა უნდა მოძებნონ სტიმული და მიიღონ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას აროშიძემ. 

იანვრიდან  მოსახლეობის დიდ ნაწილს კიდევ ერთი  ფინანსური ვალდებულება დაეკისრება, ეს კი სწორედ მაშინ მოხდება, როცა ოჯახის ხარჯები ყველაზე მაღალია. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ნაადრევად მიიჩნევს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე. როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიხსნა, სუბსიდირების დასრულება ადრეა.

„ვფიქრობ, სუბსიდირების შეწყვეტა ძალიან ადრეა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები არის, მაინც არ უნდა დამთავრდეს კომუნალურების დაფინანსება. მათთვის, ვისთვისაც ეს საკითხი პრობლემური იყო თავის დროზე, დღესაც ასეა. ოჯახების ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მართალია, სახელმწიფო ბიუჯეტშიც ცოტა პრობლემებია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ნაადრევია ხალხისთვის დახმარების შეჩერება“, - აღნიშნა არაბიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მთავრობამ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის, საერთო ჯამში, 118.6 მლნ ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოიცავს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებული თანხიდან, 35.4 მილიონი ლარი ელექტროენერგიაზე იანვრიდან გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოხმარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×