მედიკამენტების ფასზე ზედა ზღვრის დაწესება კარგი პრაქტიკაა და საქართველოშიც უნდა არსებობდეს
გვანცა წულაია
10.11.2021

საქართველოში მედიკამენტები კატასტროფულად ძვირია. წამლების ღირებულება გამუდმებით მატულობს, შემაჩერებელი მექანიზმი კი ამ დრომდე ვერ გამოინახა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ ფარმაცევტულ სექტორში რეგულაციების დაწესებით მოსახლეობას ჯანდაცვის ხარჯი მნიშვნელოვნად შეუმცირდება. პროცესი უკვე დაწყებულია. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა მექანიზმი არსებობს და როგორ შეიძლება მთავრობამ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასებთან დაკავშირებული საკითხი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტოს? 

მთავრობის გაანგარიშებით, ახალი რეგულაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება, წამლების ფასი 40-50%-ის ფარგლებში შემცირდეს, რაც თითო ოჯახს ჯანდაცვის ხარჯს, მინიმუმ, 15%-ით შეუმცირებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სამედიცინო პროდუქციის, მოწყობილობებისა და აპარატურის ფასი გაზრდილია 12.7%-ით. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 17%-ით, გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტები 16%-ით გაძვირდა. 

როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ აღნიშნა, „ახალი ველოსიპედის გამოგონება“ სულაც არ არის საჭირო, რადგან ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი გზები, რომლებითაც პრობლემის მოგვარება იგეგმება. ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა და დაიდო რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის.

„ხელისუფლებისთვის წინასწარ არის ცნობილი, რაც უნდა გაკეთდეს. ამ საკითხზე ადრეც იყო ყურადღება გამახვილებული. მას შემდეგ, რაც უნივერსალური ჯანდაცვა შემოვიდა, პრობლემად რჩება მოსახლეობისთვის სწორედ მედიკამენტებზე დანახარჯები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ხალხის გაღარიბებას იწვევს. ჯანდაცვის კომიტეტში ჩემი მუშაობისას ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა, ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, დაიდო რეკომენდაციები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ხარისხიან წამლებზე ხელმისაწვდომობა. 

ვფიქრობთ, რეგულაციით შესაძლებელი გახდება, ადმინისტრაციული ბარიერები მოიხსნას, კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და წამლის ფასი მისაღები გახდეს. სასიცოცხლოდ აუცილებელია, სიმბოლურ ფასში იყიდებოდეს წამლები ქრონიკული ავადმყოფებისთვის, ხოლო თუ მოქალაქე სოციალურად დაუცველია, თანაგადახდის მექანიზმი არსებობდეს. ასე სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, შევძლებთ, ჯანდაცვაზე დანახარჯი ოჯახს 15%-ით შეუმცირდეს, ხოლო წამლებზე ფასმა, მინიმუმ, 40-50%-ით დაიკლოს, ეს სავსებით რეალურია“, - განაცხადა ზოიძემ. 

ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული მედიკამენტებისთვის შესაძლოა, რეალიზაციის ღირებულების ჩარჩოები დაუწესდეთ. ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია - მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილი არიან ქსელური აფთიაქებით (ჰორიზონტალური ინტეგრაცია), თავად ახორციელებენ პროდუქტის იმპორტს, წარმოებასა და საბითუმო მიწოდებას (ვერტიკალური ინტეგრაცია), ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს, ეს კი კონკრეტულ ჰოლდინგურ ჯგუფს/ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიოს/იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე, რის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა, არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნესის ინტერესებს.

კონკურენციის სააგენტოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ ფასწარმოქმნა გენერიკულ მედიკამენტებზე და ასევე იმ მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ქვეყანაში ხდება გენერიკული დასახელებით და საცალო ბაზარზე შემდეგში ხელმისაწვდომია კონკრეტული სავაჭრო დასახელებით, შესაძლოა, იყოს პრობლემური. საკითხის აქტუალურობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გენერიკულ მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ამ მიმართულებით სასურველია ფასის რეგულირების ევროპული პრაქტიკის გაზიარება.

მედიკამენტების მაღალი ფასი მოსახლეობას განსაკუთრებულად აწუხებს, ამიტომ საკითხზე მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთებით _ პანდემიის პირობებში, როცა კოვიდინფიცირებულების უმეტესობა მკურნალობას სახლის პირობებში, საკუთარი სახსრებით გადის. 2020 წელს საქართველოში მედიკამენტების ფასმა, დაახლოებით, 14%-ით მოიმატა და განსაკუთრებით ის წამლები გაძვირდა, რომლებსაც ექიმები პაციენტებს კოვიდპანდემიის პერიოდში უნიშნავენ.

კომპანიის „გახსოვდეს ჰიპოკრატე” ხელმძღვანელი მარინა ბერიძე აცხადებს, რომ ახლა სისტემური ცვლილებაა საჭირო და იმ მექანიზმების ამუშავებაზე საუბრობს, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს. 

„საჭიროა რეგულაციები. სახელმწიფო ფასწარმოქმნის პროცესში უნდა ერეოდეს. ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ჩვენი სახელმწიფო კი ამაში არ მონაწილეობს. საჭიროა ძლიერი საკანანმდებლო ბაზა და რა ცვლილებებიც უნდა შეიტანონ, ჩემზე უკეთესად იციან პარლამენტის წევრებმა.Aაუცილებელია განისაზღვროს და პრაქტიკაში განხორციელდეს ის, რომ არ იყოს ერთი სუბიექტის ხელში ყველა სამედიცინო ინსტიტუცია, დაწყებული პირველადი ჯანდაცვიდან და გაგრძელებული პოლიკლინიკებით, სადაზღვეო კომპანიებით და ა.შ. უნდა არსებობდეს კონკურენტუნარიანი გარემო, იყოს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, გაიმიჯნოს საცალო და საბითუმო ვაჭრობა. 

პოლიტიკური ნება, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლანდელი მთავრობის პერიოდშიც, არ არის. არადა, უკვე ძალიან ძლიერ სისტემას უნდა ვებრძოლოთ და უნდა მოხდეს სისტემური ცვლილებები”, - განუცხადა „რეზონანსს” მარინა ბერიძემ და დასძინა, რომ მედიკამენტებზე ზედა ზღვრის დაწესება კარგი მიდგომაა და უნდა არსებობდეს კიდეც. 

„რა თქმა უნდა, ზედა ზღვარი უნდა არსებობდეს. ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მარტივად და არა იმ სირთულეებით, რომ ავადმყოფი ადამიანი დადიოდეს ათას ადგილას და ისე ეძებდეს დაფინანსებას, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოსგან. უფასოდ გასაცემი წამლების რაოდენობა ჩვენთან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უცხოეთში. საერთოდ, ფარმაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ბიზნესი”, - დასძინა „რეზონანსთან” მარინა ბერიძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკური მონაცემი ამაზე მეტყველებს.

„არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება~, - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის _ სექტორის მონაწილეებთან. წამლების ფასი მოსახლეობას ძალიან აწუხებს და საზოგადოებაში არსებობს კითხვები, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის შესწავლა და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით დაიწყება აქტიური შეხვედრები და მჭიდრო დიალოგი სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს უპასუხოდ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×