"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვემზადოთ იმისათვის, რომ ეს ცუდი პერიოდი მეტ-ნაკლებად რბილად გადავიტანოთ”
გვანცა წულაია
11.11.2021

ევროპაში ენერგოკრიზისი მძვინვარებს. პრობლემა უკვე ჩვენს რეგიონშიც შეიქმნა. იგი უკვე იმდენად მასშტაბურია, რომ არაერთი ქვეყანა მოიცვა. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, აღნიშნულ პრობლემას რამდენად შეუძლია საქართველოზე გავლენის მოხდენა და ჩვენს ქვეყანასაც ხომ არ ელის რაიმე საფრთხე?

სხვა ქვეყნებთან ერთად, ენერგოკრიზისი დაიწყო უკრაინაშიც. ქვეყანა უკვე მასშტაბური პრობლემების წინაშეა. ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება დაფიქსირდა კიევის ოლქის ბევრ ქალაქსა და სიფელში და ეს ცალკეული ფაქტები არ არის. ბოლო 6 თვის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გეგმიური თუ ავარიული გათიშვა ჩვეულ მოვლენად იქცა. ისე დაემთხვა, რომ ენერგოსისტემის მასობრივი რემონტი ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ენერგოკრიზისს პარალელურად მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიამ საწვავისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა. ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან ახორციელებს. ჩამოთვლილ ქვეყნებში ამ მხრივ პრობლემა ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, მაგრამ, როდესაც ევროპაში ენერგოკრიზისი ფეხს იკიდებს, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას სხვა რეგიონებზეც მოახდენს. 

როგორც ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა აცხადებს, არსებულ მოცემულობას უარყოფითი გავლენის მოხდენა საქართველოზეც შეუძლია და ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს, რათა პრობლემა მაქსიმალურად რბილად გადავიტანოთ. 

“საერთოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ახდენს გავლენას, ჩვენზეც და სხვა დანარჩენ ქვეყნებზეც. ის, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება, თანდათანობით ჩვენზეც გადმოდის ხოლმე, ამიტომ, რა თქმა უნდა, გავლენა იქნება უარყოფითი. ენერგოკრიზისი გამოიწვვეს მოხმარების შეზღუდვას, წარმოების შეფერხებას და მთელ რიგ გაურკვევლობას. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვემზადოთ იმისათვის, რომ ეს ცუდი პერიოდი მეტ-ნაკლებად რბილად გადავიტანოთ”, - განაცხადა “რეზონანსთან” ანზორ ჭითანავამ და განმარტა, თუ როოგრ უნდა შეხვდეს საქართველო ევროპაში დაწყებულ ენერგოკრიზისს. 

“პირველ რიგში, ჩვენი სისტემა შედგება მრავალი კომპონენტისაგან, მათ შორის არის წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები, მოდინებაზე მომუშავე სადგურები, თბოსადგურები და ა.შ. ამიტომ რეზერვები, რომელიც შემოდგომისა და ზამთრისთვის უნდა გვქონდეს, უნდა იყოს უზრუნვეყოფილი, ამისათვის კი, წყალსაცავები უნდა იყოს შენარჩუნებული, რა თქმა უნდა, გამართული უნდა იყოს სადგურები, რომელიც თვითდინებაზე მუშაობენ და უზრუნვეყოფილი იყოს მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია. თბოსადგურები უნდა იყოს მზად, იმისათვის, რომ სისტემაში მოთხოვნილებისამებრ გამოვიყენოთ. 

საჭიროა, თბოსადგურებს ჰქონდეს ნედლეულის რეზერვები. ეს, პირველ რიგში, იმაში გამოიხატება, რომ უნდა იყოს გაზსაცავი, არსებობდეს მაზუთის რეზერვი და ა.შ. მკაცრი ზამთარი და კლიმატი თუ იქნება, ამის მიხედვით შევა სარეზერვო სადგურები ექსპლოატაციაში”, - დასძინა “რეზონანსთან” ანზორ ჭითანავამ. 

პრობლემებია ბუნებრივ აირთან დაკავშირებითაც, თუმცა საქართეველოს ამ მხრივ საფრთხე არ ელის, რადგან ტრანზიტის ფუნქციის შესრულება საქართველოსთვის ყოველ მხრივ სასარგებლო აღმოჩდა და ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანისგან გარანტირებულად მიწოდებული “იაფი გაზი” აქვს. საგარეო ფაქტორების გამო, ელექტროენერგიის მხრივ, ამ ეტაპზე, პრობლემას ვერ ხედავს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე.

“უკრაინაში გაზის დეფიციტი შესაძლოა იყოს, მით უფრო, რაც ჩრდილოეთის მაგისტრალი გაკეთდა. ელექტროენერგიის მიმართულებით კი, ქვეყანას რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს, არ ვიცი. ამიტომ ამ თემის საქართველოსთან დაკავშირება არარეალურად მიმაჩნია. ამ ამბავს ელექტროენერგიის დეფიციტთან ვერ ვაკავშირებ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე რაიმე საშიშროებას ვერ ვხედავ”, - განუცხადა “რეზონანსს” ჭიჭინაძემ. 

ახლა უკრაინას, ისევე, როგორც ევროპას, ერთადერთი იმედი აქვს - კარგი ამინდი, თუ როგორი იქნება ზამთრის პერიოდი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული ენერგოკრიზისის მასშტაბებიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×