რუსეთი საექსპორტო გადასახადს აწესებს და პირველ რიგში, ეს საქართველოზე იმოქმედებს
გვანცა წულაია
11.11.2021

საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. ქვეყანა იმპორტდამოკიდებულების გამო მორიგი საფრთხის წინაშეა. ბოლო ორ წელში, ისედაც საგრძნობლად გაძვირებული პროდუქციის ღირებულების კიდევ მომატებით, მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეექმნება. 

ზეთზე ფასის ზრდის მიზეზი რუსეთია. მეზობელ ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი იზრდება და 1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 1 ტონაზე 276,7 დოლარი გახდება. ეს მაჩვენებელი გამოთვლილია ინდიკატორული ფასით, რაც ტონაზე 1395,4 დოლარს შეადგენს. ნოემბერში ეს გადასახადი ტონაზე 194,5 დოლარია.

მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ეს საორიენტაციო და საბაზისო ფასებს (ტონაზე 1000 დოლარი) შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს. 

აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, დიმიტრი რილკო აცხადებს, რომ საექსპორტო გადასახადის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან მზესუმზირის შესყიდვის ფასმა, წინა პერიოდის მსოფლიო ფასების ფონზე, დაიკლო. 

ერთი შეხედვით, ზეთზე ფასი დრო და დრო იკლებს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ცვლილება, ჯერჯერობით, ეხება იაფიან, დაბალი ხარისხის ზეთს, თუმცა რუსეთის მიღებული გატაწყვეტილება ყოველმხრივ უარყოფით შედეგს მოიტანს და ფასის ოდნავ დაკლებასაც გადაფარავს. 

იმის გამო, რომ საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, ცხადია, გაზრდილი საექსპორტო ტარიფი ქართულ საცალო ბაზარზეც აისახება. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ დეკემბრიდან ქვეყანაში მზესუმზირის ზეთი ისევ გაძვირდეს. 

სწორედ ამაზე საუბრობს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია და აცხადებს, რომ რეგიონში არსებული ვითარების გამო, ზეთი საქართველოშიც გაძვირდება. 

“თუ ამხელა გადასახადი იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ზეთი ჩვენთან გაძვირდება და ალბათ, ქვეყანა, ძირითადად, უკრაინულ ნაწარმზე გადაერთვება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ გაძვირება გველის.

ალბათ, გადასახადს სხვა ქვეყნებიც დააწესებენ. როცა ისინი შეხედავენ, რომ რუსეთში გადასახადი გაიზარდა და ჩვენ პროდუქცია იაფად აღარ იშვება, შესაბამისად, იმის ნახევარს მაინც გაზრდის ადგილობრივი მწარმოებელი, მაგალითად, უკრაინა. ჩვენთან კი ზეთი, ძირითადად, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის”, - განუცხადა “რეზონანსს” ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ მომავალ წელს იმაზე უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე წელს. 

“ჯერ ერთი, 2021 წელი ინფლაციის წლად გამოვაცხადეთ. იგივე გაგრძელდება გაისადაც. ვხედავ საშიშროებას, თუ რა ხდება გლობალურ ბაზრებზე და მსოფლიო პოლიტიკაში. სამწუხაროდ, 2022 წელი იქნება რეოკორდული ფასების წელი. რაც ახლაა, მონაგონი და მოსანატრებელი იქნება, 2022 წელს. შესაბამისად, ინფლაციაც მაღალი იქნება”, - დასძინა ფინანსისტმა “რეზონანსთან”. 

მოსახლეობისთვის ფასების მატება ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან ხალხს შემოსავალი არ აქვს და იძულებულია, მოხმარებაც შეამციროს. ეს დასტურდება კიდეც რეალიზაციიდან გამომდინარე, მაგალითად, ზეთისა და მარცვლეულის გაყიდვა, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში არის შემცირებული. 

ამიტომ, ნებისმიერი გაძვირება მოსახლეობაზე მტკივნეულად აისახება და მათთვის დამატებით პრობლემებს წარმოშობს. 

ზოგადად, საქართველოში ზეთის და სხვა ნებისმიერი იმპორტიებული პროდუქციის გაძვირებას ხელს უწყობს ლარის კურსი, გლობალური ფასების გავლენა და გაძვირების ტენდენცია, რომლის შეჩერება პანდემიის პირობებში ვერაფრით მოხერხდება, საქართველოს კი იმპორტდამოკიდებულების გამო, საერთაშორისო მოვლენებთან ფეხის აწყობა უწევს. 

საქართველოში ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ სულ 36,964 მლნ დოლარის ღირებულების 25 257 ტონა ზეთი შეიძინა. აქედან 87,7% რუსეთზე მოდის. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 1 853 ტონით, მესამეზე კი - უკრაინა, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 1 137 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოვიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×