„სამწუხაროდ, არც მომავლის პროგნოზია დამაიმედებელი. სამწუხაროდ, ხალხზე ეკონომიკური ზრდა არ ისახება"
გვანცა წულაია
16.11.2021

საქართველოში ცხოვრების დონე საკმაოდ გაუარესდა. ბოლო 2 წელიწადში ღარიბთა ფენას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეუერთდა და ქვეყანაში ახლა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმაზე მეტი ადამიანი იმყოფება, ვიდრე 2019 წელს იყო. მდგომარეობა ნამდვილად რთულია და რადგან წლევანდელი ვითარებაც საკმაოდ მძიმეა, ამიტომ არ არის გამორიცხული, ცხოვრების დონე უფრო მეტად გაუარესდეს. 

მხოლოდ ერთ წელში ცხოვრების დონე  თითქმის 2%-ული პუნქტით გაუარესდა. თუ 2019 წელს მოსახლეობის 19.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფებოდა, 2020 წელს ეს მონაცემები 21.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაჩვენებელი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმეა. 

როგორც ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, ვითარება მძიმეა და, დაახლოებით, 70 ათასით გაიზარდა ღარიბი ადამიანების რიცხვი. 

„უკიდურესი სიღარიბე მკვეთრად არის გაზრდილი. დაახლოებით, 70 ათასი ადამიანი დაემატა უკიდურესად ღარიბ ფენას. ეს მკვეთრი მატებაა და, სამწუხაროდ, წინა წლებსაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მონაცემები ზოგჯერ იკლებდა, ზოგჯერ იმატებდა, მაგრამ მკვეთრი ვარდნა არ ყოფილა. ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს ისეთი, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში სიღარიბე არ მცირდება. 

ქვეყანაში ინფლაცია 13%-ზეა ასული და თუ სტატისტიკას ჩავშლით, ვნახავთ, რომ კიდევ უფრო დიდია ფასების ზრდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა პირველადი მოხმარების საქონელი, რითაც, პირველ რიგში, გაჭირვებული ადამიანები სარგებლობენ. ამიტომ მათთვის არა მარტო ზამთარი იქნება მძიმე, არამედ გაზაფხული, ზაფხულიც და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მაღალი ინფლაცია, ვითარება კიდევ მეტად დამძიმდება. ეროვნული ბანკი მომავალ წელს 6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 2022 წელიც ფასების ზრდის მიხედვით ძალიან რთული იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ხორგუაშვილმა და გამოსავლის გზებზეც ისაუბრა.  

„სიტუაციიდან პირველი გამოსავალი არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უნდა გაატაროს, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გაზარდოს ფულის მასა; მეორე - ხელისუფლებამ არ უნდა ხარჯოს დეფიციტურად, მაქსიმალურად შეეცადოს ხარჯების შემცირებას; მესამე - უნდა იყოს მინიმალური ვალი და, ამავე დროს, უნდა შემცირდეს გადასახადები, რადგან გაზრდილ ფასებსა და გაზრდილ სიღარიბეს მოსახლეობა უკეთ მომზადებული შეხვდეს. საჭიროა, მათ ჯიბეში მეტი ფული იყოს და ამიტომ გადასახადების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა გაუქმდეს რეგულაციები“, - დასძინა „რეზონანსთან“ ხორგუაშვილმა. 

ოქტომბერში ინფლაციამ 12.8% შეადგინა. ქვეყანაში ყველა დასახელების პროდუქციაზე ფასები კატასტროფულად გაზრდილია. წინ ზამთარია და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, წლევანდელი ცივი თვეეები საკმაოდ ძნელი გადასატანი იქნება, ეს კი, ბუნებრივია, ცხოვრების დონეზე პირდაპირ აისახება. 

მართალია, ქვეყანაში ყოველთვიურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მაგრამ ეს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ოდნავადაც ვერ მოქმედებს. სწორედ ამაზე საუბრობს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი და აღნიშნავს, რომ არც მომავლის პროგნოზია დამაიმედებელი. 

„შარშან და წელს არსებულმა მაღალმა ინფლაციამ საერთოდ გადაფარა ეკონომიკური ზრდისგან გამოწვეული სარგებელი. ნამდვილად დიდი წინსვლა გვაქვს, მაგრამ მისგან სარგებელს უმეტესწილად იღებს ის სექტორები, რომლებიც ახლოს იყო ფულთან, ეს არის ბანკები და სახელმწიფო ტენდერების მომგები კომპანიები. მოსახლეობის მდგომარეობა კი საკმაოდ გაუარესდა, ფასები ისევ გაიზარდა და, სამწუხაროდ, არც მომავლის პროგნოზია დამაიმედებელი. სამწუხაროდ, ხალხზე ეკონომიკური ზრდა არ ისახება. 

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნორმალურია, მაგრამ, პარალელურად, გაისადაც მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი. თუ აქამდე იყო საუბარი, რომ 2021 წლის დასაწყისიდან შემცირდებოდა ინფლაცია, ახლა გამოვიდა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და თქვა, რომ მათი მოლოდინი შეიცვალა და ინფლაცია ისე არ შემცირდება, როგორც მოსალოდნელი იყო. 2019 წლის შემოდგომიდან, რაც ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა, იმის მერე გვესმის ცენტრალური ბანკისგან, რომ მომავალი კვარტალიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება, მაგრამ არასდროს მართლდება.

ქვეყანაში მეხუთე პლანზეა გადაწეული ადამიანის პრობლემები. ამ საკითხზე მსჯელობა არ მიდის და ყურადღებაც არ არის გამახვილებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, პრობლემები უფრო იწელება და უკეთესის გაკეთების საფუძველი, ჯერჯერობით, არ არის“, - განუცხადა „რეზონანსს“ ჯანიაშვილმა. 

ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოს ფინანსური დახმარების იმედად არიან. დღეს ქვეყანაში საარსებო შემწეობას 633 586 ადამიანი იღებს, რაც პირდაპირ  მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე მიუთითებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×