„ახალი რეგულაციით, ჩვენ მომხმარებელთა დიდ ნაწილს დავკარგავთ“
ირაკლი ლომიძე
16.11.2021

„მწვანე პასპორტების“ ამოქმედების გადაწყვეტილებამ სარესტორნო ბიზნესში გარკვეული პროტესტი წარმოშვა. ობიექტების ნაწილი უკვე ღიად აცხადებს, რომ რეგულაციებს არ დაემორჩილება. უკმაყოფილონი არიან „მწვანე ბარათების“ მომხრეებიც, რადგან ფიქრობენ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა შეუმცირდებათ დაბალი ვაქცინაციის გამო. მოკლედ, ბიზნესი დიდ გასაჭირშია. მთავრობის გადაწყვეტილება და რეგულაციები იმ ფორმით, როგორითაც ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს წარმოუდგენია, სექტორის წარმომადგენლებს აშკარად არ მოსწონთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 16 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს  დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესის მხრიდან „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები გაიწერება.

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში უზენაესი კანონია. ხომ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და გვინდა, რომ ნამდვილად სამართლებრივი სახელმწიფო იყოს? კანონი და რეგულაცია თუ არსებობს, რას ნიშნავს არ ვემორჩილები? თუ არ დაემორჩილებიან, ამ დროს შესაბამისი სანქციები წესდება ხოლმე. დღეს ერთ-ერთი დავალება საკოორდინაციო საბჭოზე იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაცია იყოს. როგორც ამ კვირას, ისე მომავალშიც მსხვილ ბიზნესთან შეხვედრები იგეგმება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

რესტორნების ნაწილმა ახალი რეგულაციების მიმართ აშკარა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ისინი მიიჩნევენ, რომ შეზღუდვა დისკრიმინაციულია. 

„ჰოლიზეუმის“, „პლანეტარიუმისა“ და „მე-10 აუდიტორიის“ დამფუძნებელმა ლევან ბახიამ საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა და ჩამოთვალა ის ობიექტები, რომლებიც რეგულაციას არ დაემორჩილებიან და მისულ მომხმარებელს კოვიდ პასპორტს  არ  მოსთხოვენ: 

,,Holoseul- Audio Visual Museum“;  „Museum of Illusions თბილისი“; „პლანეტარიუმი“ მთაწმინდაზე; „მე-10 აუდიტორია“; „Pოდცასტჰუბ“-მა ეს ბრძოლა საერთოდაც ერთი წლის წინ დაიწყო და წელს მეორე სეზონით იბრძოლებს.

ვისაც ეშინია კოვიდის, ნუ მოვა ჩვენთან. აცრის რამე ფორმით დაძალება არის ბოროტება, მათ შორის, როცა შენ დააძალებ ორგანიზაციებს, რომ მათ დააძალონ მომხმარებელს. ბოროტებას შანსი არ აქვს ჩემთან. თქვენი არ ვიცი, თუ გინდათ, შეშინდით“, - დაწერა სოციალურ ქსელში ბიზნესმენმა.

მიუხედავად იმისა, რომ „მწვანე პასპორტების“ შემოღებას რესტორატორთა ასოციაცია მხარს უჭერს, ამ ფორმით რეგულაციებს ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე არ მიესალმება. 

„იმუნიზაციის ტემპი დაბალია და ახალი რეგულაციით, ჩვენ მომხმარებელთა დიდ ნაწილს დავკარგავთ. კარგი იდეაა, მაგრამ შედეგს ვერ გამოიღებს, სანამ სისტემურად არ მოხდება ცვლილება და მოქალაქეების დიდი ნაწილი არ იქნება აცრილი. სხვა მხრივ, იდეა კარგია, ამის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ პანდემიური მდგომარეობის გამოსწორება ქვეყანაში სწორედ „მწვანე პასპორტის" შემოღებით არის შესაძლებელი, მაგრამ არა ამ ფორმით. სისტემური ცვლილებაა საჭირო, რომ ბიზნესი გადაეწყოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ბურჯანაძემ.

პრობლემას ამჩნევენ სპეციალისტებიც, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ „მწვანე ბარათების" შემოღება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სხვა ზომები, ამიტომ, ჯერჯერობით, ეს ერთადერთი საშუალებაა, რაც მთავრობასა და ეპიდემიოლოგებს ეკონომიკის შეზღუდვის დაწესებაზე ხელს ააღებინებთ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მდგომარეობის გათვალისწინება, რომელშიც დღეს იმყოფება ქვეყანა. სიტუაცია არის ასეთი: საზოგადოება, რომელიც მზად იყო აცრისთვის, უკვე აიცრა. ამავე დროს, რჩება ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც არ არის მოწოდებული ვაქცინაციისთვის. აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები, რაც მდგომარეობას გამოასწორებს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კონკრეტული ეკონომიკური შეზღუდვების ფორმით. 

„ლოქდაუნი“ მაშინაც დიდი შეცდომა იყო და არც ახლა გვმართებს. ასეთ ზომებზე საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი. ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა, უნდა გავიმეოროთ და გადმოვიღოთ ბევრი განვითარებული ქვეყნის მაგალითი, რომლებმაც „მწვანე პასპორტის“ პოლიტიკა გამოიყენეს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს იმუნიზაციის პროცესი. მოსახლეობის 60% თუ აიცრება, ეკონომიკურ შეზღუდვებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები საერთოდ მოიხსნება. კოვიდპასპორტების მოდელი ისეთია, რომ თითქმის ყველა უპრობლემოდ აიღებს, თუმცა რამდენად წაახალისებს ის ვაქცინაციის პროცესს, ჯერჯერობით, საეჭვოა“, - აღნიშნა აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა და მოსალოდნელ სანქციებზეც ისაუბრა.

„გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები მათთვის, ვინც რეგულაციებს არ დაემორჩილება. რამდენადაც ვიცი, ეტაპობრივი სანქციებია, კონკრეტული შეზღუდვით იწყება, მერე მატულობს და საქმე ორგანიზაციის დალუქვამდეც მიდის. ალბათ, ასეთ მექანიზმს გამოიყენებენ, თუმცა მაინც არ ვიცი, საბოლოოდ რა ზომებს გაატარებენ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ბაირახტარმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან  ძალაში შედის „მწვანე პასპორტების“ სქემა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულნი არ იქნებიან ან კორონავირუსი არ ექნებათ გადატანილი, გარკვეულ ბიზნესობიექტებზე არ დაიშვებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×