"იმპორტიორ ქვეყნებს შორის, საქართველოში ყველა სახის საწვავი გაცილებით იაფად იყიდება"
ირაკლი ლომიძე
22.11.2021

საწვავის ბაზარზე საქართველო რეგიონში აშკარად დაბალი ფასით გამოირჩევა, ვიდრე იმპორტდამოკიდებული სხვა რომელიმე ქვეყანაა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემიდან ირკვევა, ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანსა და რუსეთშია, რომლებიც მწარმოებლები არიან, ხოლო იმპორტიორი ქვეყნებიდან ნავთობპროდუქტების შედარებით დაბალი ფასით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. მართალია, აზერბაიჯანში საწვავი შედარებით იაფად იყიდება, ვიდრე ჩვენთან, თუმცა  ,,სუპერი", რომლის იმპორტიც იქ ხორციელდება, უფრო მაღალ ფასშია საცალო ქსელში, ვიდრე მისი ღირებულება საქართველოშია.

ტენდენცია კარგად ჩანს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც მეზობელ და ახლომდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნავთობის ფასის შედარებით ანალიზს ასახავს.

როგორც ჩანს, კრიტიკულად ცუდი ვითარება მაღალი ფასების გამო მ ხოლოდ საქართველოში არ არის.

შედარებისათვის ორგანიზაციას მოჰყავს საწვავის საშუალო საცალო ფასი რიგ ქვეყნებში უშუალოდ ავტოგასამართ სადგურებზე, რომელიც ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანში "რეგულარის" მარკის ბენზინი - 0,51 ევრო ღირს , "პრემიუმის" მარკის ბენზინის ფასი - 0,82 ევროა, "სუპერის" მარკის ბენზინისა - 0,97 ევროს;  ხოლო დიზელის საწვავი  0,41ევროდ იყიდება.

რუსეთში "რეგულარის" მარკის ბენზინი - 0,57 ევრო ღირს, "პრემიუმის" მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევროა , "სუპერის" მარკის ბენზინი - 0,71 ევრო, ხოლო დიზელის საწვავი  0,63 ევროდ იყიდება.

საქართველოს შემთხვევაში,  "რეგულარის" მარკის ბენზინი - 0,84 ევროა, "პრემიუმის" მარკის ბენზინის ფასი - 0,88 ევრო , "სუპერის" მარკის ბენზინისა 0,91 ევრო ღირს, დიზელის საწვავის ფასი კი 0,84 ევროს შეადგენს.

სომხეთში 1 ლიტრი "რეგულარის" მარკის ბენზინის ფასი  0,92 ევროა, "პრემიუმის" მარკის ბენზინი 0,97 ევრო, "სუპერის" მარკის ბენზინისა 1,04 ევრო, ხოლო დიზელის საწვავი - 0,91 ევროდ იყიდება.

მოლდოვა "რეგულარის" მარკის ბენზინი - 1,04 ევრო ღირს, "პრემიუმის" მარკის ბენზინის ფასი - 1,06 ევრო, "სუპერის" მარკის ბენზინი - 1,12 ევროა, დიზელის საწვავის ფასი 0,92 ევროს შეადგენს.

უკრაინაში "რეგულარის" მარკის ბენზინი  1,02 ევროა, "პრემიუმის" მარკის ბენზინის ფასი  1,06 ევროა, "სუპერის" მარკის ბენზინისა 1. 13 ევრო, დიზელის საწვავი  1,02 ევრო ღირს.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, საწვავის ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაშია. ჩვენთან  შედარებით დაბალი ფასი ამ ბაზრებზე ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული ქვეყნები წარმოადგენს მსოფლიოში მნიშვნელოვან ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქვეყნებს:

 ,,აზერბაიჯანსა და რუსეთში   ფასები ყოველთვის დაბალია ჩვენთან შედარებით.  როდესაც ამ ქვეყნებიდან ხდება ნავთობპროდუქტების ექსპორტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, აღნიშნული პროდუქტი იყიდება  საერთაშორისო ფასის მიხედვით "პლატცის" თანახმად. თუმცა უნდა დავაზუსტოდ, რომ აზერბაიჯანში "სუპერის" ტიპის საწვავის ფასი (0,97 ევრო/ლიტრზე) საქართველოს (0,91 ევრო/ლიტრზე) შედარებით ძვირია,  ვინაიდან აზერბაიჯანი არ აწარმოებს  აღნიშნული კატეგორიის პროდუქტს და ის ევროპის ქვეყნებიდანაა იმპორტირებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მსგავსად დიდწილად დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე, მათთან შედარებით ჩვენთან ყველა სახის საწვავი გაცილებით იაფია. მათ შორის ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რეალიზებული პროდუქტის საშუალო ფასი სომხეთთან მიმართებით 1 ლიტრზე, საშუალოდ, 0,07 ევროთი, ანუ 7,7%-ით იაფია. 

აქვე ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ სომხეთში აქციზის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 40 ათას დრამს (დაახლოებით 208 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში - 500 ლარს/ტონაზე. დიზელის საწვავის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 13 ათას დრამს (დაახლოებით 68 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში - 400 ლარს ერთ ტონაზე“, - აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×