პრემიერი: "შეეძლებათ ორი-სამი სამუშაო ადგილი იშოვონ პარალელურად და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში"
რეზონანსი
22.11.2021

მთავრობის ახალი ინიციატივით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ და ისინი სახელმწიფოსგან თანხას ხელფასის სახით მიიღებენ. გამოდის, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის „ამუშავება“ იგეგმება. ინიციატივას ყველა ერთხმად მიესალმება. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ არსებული რეალობა შეიცვლება, რაც სახელმწიფოს, მოსახლეობას და ეკონომიკას ერთობლივად წაადგება.

დღეს, საქართველოში საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დამხრებას 633 000 ადამიანი იღებს, რაც მოსახლოების 17 პროცენტია. მათგან თითქმის, 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც დასაქმებისგან თავს იმ მიზეზით იკავებენ, რომ  დახმარებას ვეღარ მიიღებენ, ამიტომ მათი ნაწილი ჩრდილოვან ეკონომიკაში (ჩუმად საქმდება) გადადის.  ინიციატივის რეალობად ქცევის შემდეგ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებში ეს შიში გაქრება და ისინი დასაქმებას თავისუფლად შეძლებენ. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,  უნდა შეიქმნას ახალი პროგრამა, რომელიც ამ მოქალაქეებს სხვადასხვა სახით დასაქმების შესაძლებლობას ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას მისცემს, რათა სოციალური დახმარება ხელფასებით ჩაანაცვლონ. 

„ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მე ვიტყოდი მანკიერი სისტემა. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა -  საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობით თითოეული ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის.

ამაზე მუშაობა და საუბარი დაწყებული გვაქვს მთავრობის წევრებთან ერთად და მჯერა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის გამოცდილი და დამტკიცებული.

უამრავი მაგალითი ვიცით იმისა, რომ მაგალითად, ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება; ან თუ სეზონური სამუშაოებია ბაზარზე ხელმისაწვდომი, ისინი არ არიან დაინტერესებული, რომ სხვაგან დასაქმდნენ და მეტი შემოსავალი მიიღონ, რაც კატასტროფაა.

ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც ერთი მხრივ, ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამმსახური. მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება.

შეეძლებათ ორი-სამი სამუშაო ადგილი იშოვონ პარალელურად და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში. იყიდონ ტელევიზორიც, მაცივარიც, სახლები გაარემონტონ და აშ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და დიდი სურვილი მაქვს, იანვრიდან დავიწყოთ ახალი პროგრამა, რომელიც მთლიანად შეცვლის რეალობას და ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ.

მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ განცდას, პერსპექტივას, მოტივაციას, რომ რეალური საქმით დაინტერესდნენ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს სამუშაოს შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო პირობებს არ უქმნის, რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ბარიერია. ამ პროგრამის ფარგლებში შევიმუშავებთ, ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შეიძლება ერთობლივად შევიმუშაოთ რამდენიმე კვირიანი პროგრამები, ამაზე საუბარი გვქონდა და რეალურად შევცვლით ამ სტატიკურ, გაყინულ მდგომარეობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინიციატივა ნამდვილად საინტერესო და მისასალმებელია, მაგრამ ჩნდება ერთი კითხვა, რომ თუ შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე სამსახურზე უარს იტყვის, შეუწყდება, თუ არა დახმარება? ამაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ლევან დავითაშვილიც ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლება:  

„სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს გარკვეული არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ, სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შორის. თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა, სამუშაო არსებობს და ის ამ სამუშაოზე უარს ამბობს, ეს მოდელის ნაწილი ვერანაირად იქნება. ამგვარი სისტემის არსებობა არსშივე არალოგიკურია. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილება გავითვალისწინეთ, რამდენიმე მოდელი უკვე გვაქვს, თუმცა არ მინდა ყველა დეტალზე ახლა გესაუბროთ, ზუსტად ამისთვის იქმნება უწყებათშორისო კომისია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. იგი ირწმუნება, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა შემოსავლები არათუ შემცირდება, არამედ გაიზრდება კიდეც.

„რამდენი იქნება საშუალო ხელფასი ახლა ვერ გეტყვით. ერთი უკვე გითხარით, რომ შემოსავლები არ შემცირდება და გაიზრდება და ამაზე დეტალური ინფორმაცია პროექტის დამუშავების შემდეგ გვექნება“, - დასძინა ლევან დავითაშვილმა და მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას მომდევნო 2 წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების უდიდესი ნაწილის დასაქმება სურს. 

ინიციატივას მიესალმებიან თბილისის მერიაში. როგორც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ, ჰქონდეთ ხელფასი და იყვნენ დასაქმებულნი. 

„შეიძლება, გაზარმაცებაში სახელმწიფოც იყოს დამნაშავე, რადგან ადამიანს უხდი სოციალურ დახმარების თანხას და იმავდროულად ის შეშინებულია, რომ ოფიციალურად სადმე მუშაობა არ დაიწყოს, რადგან შეიძლება, სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოერთვას. ამიტომ ამ ადამიანებს შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, ხელფასი ჰქონდეთ და არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ბოლო 2 წელში საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ რეკორდული ტემპით მოიმატა. სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2020 წლის იანვართან შედარებით 201 000 ადამიანით არის გაზრდილი, რაც გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობაზე მეტყველებს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებენ. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ სოციალურად დაუცველი ადამიანები ეკონომიკუ საქმიანობაში ჩაერთვებიან და მცირე დახმარების იმედად არ იქნებიან. 

„სწორი ინიციატივაა, რადგან ეს ნამდვილად სამწუხარო რეალობად იქცა, როდესაც შრომისუნარიანი ადამიანები, ფაქტობრივად, სოციალური დახმარების იმედად არიან დარჩენილები და დასაქმებისგან ყოველთვის თავს იკავებენ. ისინი კმაყოფილდებიან მცირედით, რასაც სახელმწიფოსგან იღებენ და ვერ ვითარდებიან. ამიტომ კარგია, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს მიხვდა და უფრო ქმედით ნაბიჯებს ველოდები მომავალში, რათა ეს ადამიანები ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში და არ იყვნენ იმ მცირედი დახმარების იმედად, რომელიც ალბათ, მხოლოდ საარსებოდ ყოფინით და სხვა არაფერში.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუდმივად ჰქონდათ იმის შიში, რომ სამსახურის დაწყების შემთხვევაში დახმარებას დაკარგავდნენ. თუკი მათ საშუალება მიეცემათ, რომ უფრო მეტი თანხა მიიღონ და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერა ექნებათ, მაშინ შიშიც გაქრება. სახელმწიფომ შეიძლება შეიმუშავოს გარკვეული მექანიზმები, მაგალითად, რაღაც პერიოდით შენარჩუნდეს სოციალური დახმარება ან ზღვარი დაწესდეს, რომ თუ 1000 ლარზე მეტი ექნებათ ხელფასი, არ დარჩეს სოციალური დახმარება და თუ დაბალი ხელფასი ექნებათ, გარკვეული პერიოდით  შეუნარჩუნდეთ. შეიძლება მთავრობამ ბევრი მექანიზმი შეიმუშავოს, რომელიც ადამიანებს გაუქრობს შიშს და აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართავს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ. 

პროგრამის შემუშავება ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დაავალა, რომლის კონკრეტული დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. იქამდე კი, პროფესორი, სოციოლოგი პაატა აროშიძე ხაზს უსვამს, რომ ამ ინიციატივის განხორციელება სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია, რათა ის ფულადი დახმარება, რომელსაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეები იღებენ, სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდეს. 

„სოციალური სფეროსადმის ყურადღების მიქცევა, არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი და განსაკუთრებით პანდემიური ვითარების დროს, როდესაც სოციალური პრობლემები წინა პლანზეა წამოწეული. ეს ინიციატივა, რომელიც რეალობად იქცევა, უმნიშვნელოვანესია. სოციალურად დაუცველებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დასაქმების სექტორი და ადგილი აირჩიონ. ფაქტია, რომ თუ სახელმწიფო ამ პროექტის ამუშავებას დიდი სტიმულს მისცემს, დაინტერესება უფრო დიდი იქნება, რაც ისევ მისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან დროთა განმავლობაში მოიკლებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და გასაცემი თანხა, რომელიც შეიძლება შემდგომში სხვა მიმართულებით გადანაწილდეს. 

ის მითი უნდა დაიმსხვრეს, რომ ადამიანს დასაქმება სოციალურ შემწეობას დააკარგვინებს. დღეს ასეთი რეალობაა: სოცდაუცველმა დასაქმებით შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს, მაგრამ „უშრომელი შემოსავალი“ ურჩევნია, თავისი შრომით გამომუშავებულს. ამ გზით ჩრდილოვანი დასაქმების მაჩვენებელიც შემცირდება და საშემოსავლო გადასახადიც უფრო მეტი რაოდენობით შევა ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველის სტატუსი ადამიანს შეიძლება მოსწონს, მაგრამ მის მომავალ თაობას - არა. შეიძლება ეს უმნიშვნელო პრობლემაა, მაგრამ იმაზეც საფიქრალია, თუ რამდენად აისახება იგი მომავალი თაობის ფსიქიკაზე“, - განუცხადა პაატა აროშიძემ „ბიზნეს-რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×