"არაერთი შემთხვევაა, რომ თავს იკლავენ ადამიანები და წინასწარ ტოვებენ შეტყობინებას, სადაც სუიციდის მიზეზად სწორედ თამაშებზე დამოკიდებულებას ასახელებენ"
ირაკლი ლომიძე
22.11.2021

საზოგადოება ონლაინ თამაშების შეზღუდვას არასაკმარსიად მიიჩნევს და ღიად აცხადებს, რომ კაზინოების საქმიანობა საბოლოოდ უნდა აიკრძალოს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას სხვადასხვა სექტორში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. იქიდან გამომდინარე, რომ აზარტული თამაში ხელს უწყობს მოსახლეობის გაღარიბებას, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე და ახალგაზრდების ჯანმრთელობის თუ მატერიალური პრობლემის მთავარი მიზეზია. მისი მოგვარების ერთადერთი სწორი გზა სწორედ ონლაინ თამაშების აკრძალვაზე გადის, რაზეც საზოგადოებრივი აზრი ერთიანია. 

საუბარია ეკონომიკისთვის უდიდეს დანაკარგზე, რასაც საქართველოში ამ ბიზნესის არსებობა ქმნის და ადამიანების ცხოვრების დონეზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამ თვალსაზრისით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმედისმომცემია, რომ ერთხელ და საბოლოოდ პრობლემა მოგვარდება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველწლიურად ქვეყნიდან მათი  მეშვეობით 1,5 მილიარდი ლარი გაედინება. პირველ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილი ასაკობრივი შეზღუდვისა და რეკლამის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, ხოლო მეორე ეტაპზე, ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება ფინანსთა მინისტრის მხრიდანაც გაკეთდა. ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ონლაინ თამაშების რეგულირების მიზნით სამინისტრო საკუთარ გეგმას ერთ კვირაში წარადგენს. დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა აშკარად იკვეთება , რომ მთავრობის ჩანაფიქრი ონლაინ თამაშების სრულ აკრძალვას ეხება და ქვეყანა რეალურად აზარტული თამაშების რეგულირების ახალ ეტაპზე გადავა.

,,პირველი ეტაპი, რაზეც 1 კვირის ვადაში წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას, გულისხმობს საგადასახადო დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რაც გახმოვანებულ პრინციპებთან იქნება შესაბამისობაში. მოხდება ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას და ასევე რეკლამის აკრძალვას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც მიმზიდველობის, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართულებით გარკვეულ შეზღუდვებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტში არაერთხელ ჩავარდნილა. ჯერ კიდევ 2018 წელს ექვსმა დეპუტატმა საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და წარმდგენი ქართული ოცნების ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი იყო. მან ახლა უკვე ყოფილი დეპუტატის სტატუსით, ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ განაცხადა, რომ პრემიერის ინიციატივას მხარს უჭერს და 100%-ით ეთანხმება გადაწყვეტილებას. 

ნაცვლიშვილის შეფასებით, სათამაშო ბიზნესი დიდ დაბრკოლებას უქმნის ეკონომიკას და მოსახლეობის ფინანსურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზეც ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს:

,,მრავალმხრივ ზიანის მომტანია სათამაშო ბიზნესი საქართველოსთვის. ეკონომიკურადაც დამღუპველია ამ ინდუსტრიის არსებობა, განსაკუთრებით ონლაინ კაზინოების სფერო, რომელზეც წვდომა დღეს შეუზღუდავია. სხვადასხვა მაქინაციის შესაძლებლობა აქვს მომხმარებელთა ძალიან დიდ არმიას, მათ შორის არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდებს. 

ვისაც შემოსავალი არ აქვს  ცდილობს რაღაც თანხა მოიპოვოს და შემოსავალი ,,გაუჩნდეს“. საბოლოოდ, მათი ფინანსური მდგომარეობა უარესდება და იფლობა ვალებში, რაც უამრავი ოჯახის გაღარიბების მიზეზი ხდება და მოქალაქეების ფსიქიკაზეც ახდენს უმძიმეს გავლენას. არაერთი შემთხვევაა, რომ თავს იკლავენ ადამიანები და წინასწარ ტოვებენ შეტყობინებას, სადაც სუიციდის მიზეზად სწორედ თამაშებზე დამოკიდებულებას ასახელებენ. ამ ყველაფრისგან უნდა გავთავისუფლდეთ. 

თავის დროზე ბევრი ვიბრძოლე, რომ საქართველოში ონლაინ თამაშები აკრძალულიყო და თუ ეს ახლა გახდება შესაძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. აუცილებელი რეგულაციაა, შეიძლება დაგვიანებულიც, რადგან დიდი დრო დავკარგეთ“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ბექა ნაცვლიშვილმა.

არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ სათამაშო ინდუსტრია და მასში გათეთრებული ფულია ქვეყანაში დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის და შესაბამისად, გაუფასურებული ლარის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც, რაც, როგორც წესი, გაუფასურების მიზეზებში არასოდეს მოიხსენებოდა და მასთან ბრძოლაც არ მიიჩნეოდა საჭიროდ. 

,,არ შეიძლება სათამაშო ბიზნესი არ რეგულირდებოდეს, იგი გასართობი არ არის ჩვენთან, არაერთი ადამიანის ,,იმედია", რომ სოციალურ სიდუხჭირეს შეიმსუბუქებენ და ამ დროს უფრო დიდ ჭაობში ეფლობიან. ამიტომ აუცილებელია, ვინც უკვე ჩართულია, იმ ადამიანების შველაც. 

ცალკე საკითხია თვითონ ამ ინდუსტრიაში წასული თანხა, რომელიც რეალურ ეკონომიკას აკლდება და ახალი სამუშაო ადგილის შექმნას არ ემსახურება. მას მხოლოდ ნეგატიური გავლენა აქვს ეკონომიკაზე, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს ფული ქვეყნიდან გაედინება და საბოლოოდ, ლარის გაუფასურებას იწვევს. ჩვენ დიდი ხანი ვიბრძოდით პარლამენტში, რომ რამენაირად ეს საკითხი გაგვეტანა. ახლა სრულიად ვუჭერ მხარს, სწორი და საჭირო გადაწყვეტილებაა, რაც ბევრ სარგებელს მოიტანს როგორც ეკონომიკისთვის, აცალკეული ოჯახებისთვისაც“ - დასძინა ბექა ნაცვლიშვილმა.წლების განმავლობაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას ითხოვდა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“. ორგანიზაცია პრემიერის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა. მათი პოზიცია განსხვავებულია, ვინაიდან აფბა სექტორის სრული აკრძალვის წინააღმდეგია.

"აფბა მრავალი წელია აქტიურად სწავლობს აზარტული თამაშების სექტორს და მისგან მომდინარე უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით  საგანგაშო სახე მიიღო. ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, ეკონომიკის პარაზიტად იქცა და ქვეყნანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. ქვეყნის განსაკუთრებულ პრობლემად იქცა რეგულაციების მიღმა მყოფი ონლაინ აზარტული თამაშები, სადაც არასრულწლოვანები მარტივად რეგისტრირდებიან და თამაშობენ. აქ არსებობს ფულის გათეთრების რისკიც. 

გარდა ამისა, სექტორი ბიუჯეტში მიზერულ თანხებს იხდის, ბრუნვის მაჩვენებელი კი წლიდან წლამდე მილიარდობით ლარით ეზრდება. პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც შენობაში მდებარე სამორინეები თითქმის მთელი წელი დაკეტილი იყო, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 6 მილიარდით გაიზარდა და  32 მილიარდ ლარს მიაღწია. 

აკრძალვა ამ შემთხვევაში ვერ იქნება გამოსავალი. საჭიროა სწორი და ეფექტური რეგულირების მექანიზმების შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ, გაზრდის ამ სექტორისგან ბიუჯეტში შეტანილ თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეამცირებს მოთამაშეების რაოდენობას, რაც წლიდან წლამდე მაზულობს ქვეყანაში. სწორი რეგულირების პირობებში ონლაინ თამაშების მასშტაბები თავისთავად შემცირდება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერის განცხადების შემფასებლებს შორის არის საპატრიარქოც. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამ საკითხს მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

,,მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია, დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან," - აღნიშნა მამა ანდრიამ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებვ ყურადღების მიღმა არც პოლიტიკოსებს დარჩენია. ამ მხრივ პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე პირველია, რომელმაც პრემიერის ინიციატივა შეაფასა.

 „3 წლის წინ ჰქონდა შანსი ამ ხელისუფლებას მიეღო ზომები ამასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ეს მაინც ძალიან სწორი და კარგი ნაბიჯია. ხალხნო, ეს აუცილებელია, დაიღუპა თაობები. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ჩვენი თაობის პანდემია. ასაკრძალია ონლაინ-აზარტული თამაშები. რეკლამაც, რომლითაც გამოჭედილია ტელევიზიები, უნდა აიკრძალოს. ასაკიც ასაწევია სამორინეებში მოთამაშეებისათვის", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის 10 თვეში აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში, ჯამში 55,9 მლნ ლარი შევიდა. მათ შორის, აქედან ონლაინ კაზინოებზე 9,819 მლნ ლარი მოდის.

რაც შეეხება გასულ წელს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 16 მლნ ლარი შევიდა, მათ შორის, ონლაინ თამაშებიდან -  9,461 მლნ ლარი.

პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 97,492 მლნ ლარი გადაიხადა, აქედან 9,305 მლნ ლარი ონლაინ თამაშებიდან.

ამავე დროს, პანდემიის პერიოდში სამორინეების მოგება გაიზარდა. 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32,091 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 6.231 მლრდ ლარით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 28%-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×