"რამდენადაც ვიცი, მთავრობა ამაზე მუშაობს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული"
ირაკლი ლომიძე
22.11.2021

აუცრელი მოქალაქეების ტესტირებისთვის მთავრობა, სავარაუდოდ, სპეციალურ გადასახადს დააწესებს. სწრაფი ტესტირების მსურველთათვის იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებისთვის მთავრობა აგრესიულ კამპანიას მიმართავს და ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს, რომ ადამიანები აიცრან. გარდა იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად მოქალაქეებს გარკვეულ წამახალისებელ აქციებს სთავაზობენ, არც მკაცრი ღონისძიებების გატარებაზე ამბობენ უარს, მაგალითად, როგორიცაა აუცრელი მოქალაქეებისთვის კოვიდ19-ზე ფასიანი ტესტირება, რაზეც საკანონმდებლო პაკეტი მზადაა და ცვლილება ძალაში პირველი იანვრიდან შევა. 

მართალია, ვალდებულება უშუალოდ ბიზნესს შეეხება, სამაგიეროდ ზომების გატარება მოუწევთ კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებიც, თავის მხრივ, დასაქმებულებს მოსთხოვენ თანხის გადახდას, ცხადია, ბიზნესი ამ ფულს საკუთარი ჯიბიდან არ გადაიხდის.

მთავრობის ასეთი მიდგომის მთავარი  პრინციპია, რომ ნელ-ნელა ტესტირება გახდეს ფასიანი, რომელიც მინიმუმ 5 დღეში ერთხელ არის ჩასატარებელი. თუკი ,,პისიარ“ ტესტის ღირებულება 50-75 ლარია, სწრაფი ტესტის შემთხვევაში, გადასახადი  20-30 ლარი შეიძლება იყოს, რისი გადახდაც მოსახლეობისთვის სერიოზული ფინანსური წნეხი იქნება. 

ცხადია, გადასახადის შემოღება  დიდი დარტყმა იქნება მოქალაქეებისთვის, რასაც ბევრი რეალურად ვერ გაუძლებს და აცრა მოუწევს თუნდაც იმისთვის, რომ სამსახური შეინარჩუნოს. თუმცა სპეციალისტები ამ გადაწყვეტილებას ამართლებენ იმით, რომ სსხვანაირად ვაქცინაციის ტემპი არ დაჩქარდება. 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე მთავრობის ამ გადაწყვეტილებას იწონებს. მისი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმუნიზაციის ტემპის დასაჩქარებლად, საჭირო თუ გახდება, იძულებითი ზომებიც გაამკაცრონ, რის გარეშეც სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირება რეალურად შეუძლებელია.

,,ვხედავთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, ვისმენთ ყოველდღიურად საგანგაშო ციფრებს და ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებთ. ჩვენი მოქალაქეები გვიკვდებიან, ძირითადად, იმის გამო, რომ არ არიან აცრილები. ყველა შესაძლო გზით - წახალისებით ან თუნდაც დროებითი დისკომფორტის შექმნით უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობა ავცრათ. თუკი ვინმე ვერ ახერხებს ამას, უნდა დაასაბუთოს, რატომ არ იცრება. ხშირ შემთხვევაში უარი არგუმენტირებული არ არის, ამიტომ ვინც არ წარადგენს სამედიცინო დოკუმენტს, რომ მისთვის აცრა არ შეიძლება (ასეთი ცოტაა), მორალურად, სამართლებრივად და ყველა ღონით უნდა ვცადოთ, რომ იმუნიზაციის პროცესში ჩავრთოთ. 

წახალისებით ბევრი პენსიონერისთვის მოიხსნა ბარიერი და  20 000-მდე 60 წელს გადაცილებული ადამიანი აიცრა. მომავალშიც ყველაფერი უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის დასაჩქარებლად და ტესტირების საფასურიც შეიძლება ამ გეგმის ნაწილი გახდეს. რამდენადაც ვიცი, მთავრობა ამაზე მუშაობს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ არის გარკვეული, როგორ და რა ფორმით გატარდება ცვლილება, საამისოდ რომელ მოდელს გამოიყენებენ“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ზოიძემ.

თუმცა ის არგუმენტები,  რაზეც ყოფილი დეპუტატი საუბრობს ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ნაწილისთვის მიუღებელია. ისინი ყველა საშუალებით ცდილობენ, ვაქცინაციას გაექცნენ და ბევრი მათგანი პროტესტის ფორმასაც მიმართავს. ფაქტობრივად, საზოგადოება ორ ნაწილად იხლიჩება და პროცესები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მთელ მსოფლიოში, რასაც ვაქცინაციის მიმართ განსხვავებული ხედვა იწვევს.

რიგით მეშვიდე საპროტესტო აქციას აანონსებს მოძრაობა ,,ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მთავრობის მიდგომა დისკრიმინაციულია და მათი ქმედება არაფრით განსხვავდება იმ ზომებისგან, რასაც დიდი ხნის წინ ქვეყნების განსხვავებული რასისა და მრწამსის მქონე ადამიანების მიმართ იჩენდნენ.

,,ყველგან მიმართავენ ზომებს, მაგალითად,  ავსტრიაში გამოაცხადეს, რომ პირველი თებერვლიდან იქნება სავალდებულო ვაქცინაცია არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის, არამედ ყველასთვის. რუსეთში ჰიპერმარკეტებსა  და დიდ სავაჭრო ცენტრებში ვერ შედიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ეს ერთიანი სქემაა, რითაც მოქმედებენ. 

ჩვენ ვამბობდით რამდენიმე თვის წინ, რომ არჩევნების შემდეგ ,,მწვანე პასპორტებს“ შემოიღებდნენ და ასეც მოხდა. როგორც მკურნალობის გაიდლაინები, ასევე პანდემიის მართვის ფორმა ერთი სცენარით ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს დისკრიმინაციულია და მე მას ვადარებ სხვა ქვეყნებში დიდი ხნის წინ მომხდარ მოვლენებს, როცა შავკანიან მოქალაქეებს უწესებდნენ შეზღუდვებს, ფაშისტები - ებრაელებს და სხვა. ახლაც თითქმის ანალოგიურ პროცესებთან გვაქვს საქმე. 

დიდი პროტესტი იმართება ბელგიაში ავსრტიაში, ხორვატიაში, იტალიაში და სხვაგანაც. პროტესტს ვაცხადებს ჩვენც - საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელსაც არ სურს ბრმად დაემორჩილოს წესებს და აიცრას. ამ დროისთის 6 აქცია გვაქვს ჩატარებული და ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანების რაოდენობა სულ ორმაგდება. ვფიქრობ, საქართველოშიც აგორდება საპროტესტო მუხტი, რადგან ამ შეზღუდვას მედიცინასთან არანაირი კავშირი არ აქვს, შედეგად კი მივიღებთ უფრო მეტად შეჭირვებულ მოსახლეობას. 

ხალხს ისედაც არ აქვს ფული და მათი ფინანსური მდგომარეობა დამძიმდება. ეკონომიკურადაც წამგებიანი ნაბიჯია, რადგან ,,მწვანე პასპორტის“ დაწესებით სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლების დიდ ნაწილს დაკარგავს“, - განაცხადა ტომარაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“. მას სჯერა, რომ კოვიდი არსებობს და ადამიანები იღუპებიან, მაგრამ მანიპულაციები ხდება და სტატისტიკას აყალბებენ, რაშიც უკვე ეჭვი არ ეპარებათ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოში აცრა სავალდებულო არ გახდება, თუმცა ფაქტია ეპიდვითარება რთულია, ვაქცინაციის მაჩვენებელი - არასასურველი. ასე რომ, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მაღალ ეშელონებში, მალე გაირკვევა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×