თითქმის მთელი ზამთარი იქნება ლარის სტაბილურობისა და გამყარების პერიოდი, კურსი 3,0-ის ნიშნულისკენ წავა
გვანცა წულაია
23.11.2021

ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას ახერხებს. ლარმა კრიტიკული პერიოდი გამოიარა და ახლა პოზიციებს თითქმის ყოველდღიურად იუმჯობესებს. მოლოდინიც საკმაოდ დადებითია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ლარს სტაბილიზაციის შენარჩუნებასა და გამყარებას უწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, კურსი 3,0-ის ნიშნულისკენ დაიძრას.

გაცვლითი კურსი ბოლო პერიოდში სტაბილიზაციიდან გამყარებისკენ შეიცვალა. მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზრისთვის ყველაზე კრიტიკული თვე ნოემბერი უნდა ყოფილიყო, ლარმა პოზიციების საგრძნობი გაუმჯობესება მოახერხა. გამოდის, რომ პროცესები სასიკეთოდ შემობრუნდა და ახლა უკვე ნაკლებად სავარაუდოა მდგომარეობის გაუარესება.

როგორც ეკონომიკის დოქტორი, ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ მეტყველებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა გაუფასურდეს. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი ინფლაციის მამართულებით ნაბიჯებს გადადგამს, ლარი პოზიციებს კიდევ უფრო მეტად გაიუმჯობესებს. 

„ლარის გამყარება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის გარემოება, თუ როგორ ფისკალურ პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, ფულადი ტრანსფერების ზრდა ქვეყანაში მაღალია, ექსპორტ-იმპორტის ბალანსში დეფიციტი, ჯერჯერობით, 4 მლრდ-მდეა და ეს იფარება სწორედ ფულადი ტრანსფერებით და ა.შ. 

ფუნდამენტური ფაქტორები არ მეტყველებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა გაუფასურდეს, მაგრამ მთავარი ფაქტორია ის, თუ ახალ წლამდე დარჩენილ პერიოდში როგორი იქნება სამთავრობო ხარჯები, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა და ასევე, ეროვნული ბანკი რას იზამს ინფლაციასთან დაკავშირებით. თუ სებ-ი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, ლარის გამაყრების ტენდენცია გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ გოჩა თუთბერიძემ და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელთა გამოც უკვე რამდენიმე თვეა, ლარი ეტაპობრივად მყარდება და სტაბილიზაციას ინარჩუნებს. 

„ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე იმპორტი, ამ კუთხით მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ვაჭრობის უარყოფითი სალდო არ არის ძალიან დიდი. გაიზარდა ფულადი ტრანსფერები და ამ მიმართულებით საკმაოდ მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდა. უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეებისგან გამოგზავნილმა აღრიცხულმა თანხებმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არც წელს გვქონდა და არც შარშან იყო, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამ ყველაფერს რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დამატებოდა, მაშინ ლარის მეტად გამყარების ტენდენცია გვექნებოდა, თუმცა ეს კომპონენტი ამოვარდნილია და სხვა დანარჩენი კრიტერიუმები დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე“, - დასძინა „რეზონანსთან“ თუთბერიძემ. 

ლარის კიდევ უფრო გამყარების შემთხვევაში, რაც უახლოეს პერიოდში გამორიცხული არაა, ქვეყანაში სხვა მიმართულებითაც ვითარების გამოსწორების შანსი გაჩნდება. ახლა კურსი 3.11-ის ფარგლებში ტრიალებს. დიდი ეკონომიკური რეცესიის შემდეგ, არსებული მდგომარეობა საკმაოდ პოზიტიურია და გაუარესების ფაქტორი ამ ეტაპზე არ იკვეთება.  

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი მიიჩნევს, რომ ზამთრის პერიოდში ლარის სტაბილურობის გაგრძელება მოსალოდნელია. 

„ამჟამად, ლარის სტაბილურობაზე მოქმედებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. არათუ 10%-იანი, თუნდაც 6%-ზე მაღალი მაჩვენებელი უკვე დადებითი ფაქტორია ლარის სტაბილიზაციის მხრივ. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია  შენარჩუნდება. შეიძლება, ცოტათი დაიკლოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სხვა პერიოდთან შედარებით, იქნება მაღალი, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ზამთრის განმავლობაში ლარის სტაბილიზაცია გაგრძელდეს, მაგრამ ზუსტი პროგნოზის გათვლა რთულია. 

ლარის მეტად გამყარება არ არის მოსალოდნელი. ამისათვის ეკონომიკაში გარკვეული ცვლილებები უნდა მომხდარიყო ანდა სავალუტო ფონდიდან კიდევ ერთი ვალი უნდა აგვეღო, რაც არ მოხდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ თოქმაზიშვილმა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებისა და სტაბილიზაციისთვის წელს რამდენიმე ინტერვენცია განახორციელა, თუმცა, ძირითადად, წლის პირველ კვარტალში. ბოლოს, სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიტანა, რაც ბოლო ინტერვენცია აღმოჩნდა მიმდინარე წელს. ეს იყო მეცხრე აუქციონი, ხოლო სებ-ის მიერ ბაზრისთვის მიწოდებული დოლარის მასამ 332.9 მილიონი შეადგინა. ინტერვენცია ლარის სტაბილიზაციის შენარჩუნების ერთ-ერთი ბერკეტია. 

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ახლა ნორმალურად იქცევა. მან, როგორც იქნა, გაითვალისწინა ბიზნესმენთა რჩევა და ახორციელებს იმ პოლიტიკას, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. 

„მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ლარის კურსი გამყარებისკენაა... რომ ამბობდნენ, თურქეთში ლირა გაუფასურდა და ჩვენც უნდა მივყვეთო, ვხედავთ, რაც ხდება თურქეთში, ჩვენთან კი ლარი საკმაოდ კარგადაა.

პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებდა, შევაცვლევინეთ და მთავრობაც ჩვენ მხარეს დადგა... როდესაც ჩვენი პრეზენტაციები, მიდგომები, საბანკო რეგულაციები მოისმინა (პრემიერ-მინისტრმა), ადეკვატურად გაიგო და გამოჰყვა ჩვენს იდეას. არადა, სებ-ი განუზომლად და გაუთავებლად ყიდულობდა დოლარს. შეუძლებელი იყო ამის ასე დატოვება, ამიტომ ვიაქტიურეთ და ასე გამოვიდა. როგორც იქნა, ეროვნული ბანკი ცოტათი გამოგვყვა და ახორციელებს იმ პოლიტიკას, რაც ამ ქვეყანას სჭირდება.

უამრავი ბერკეტია, რომლებიც ცენტრალურ ბანკს გააჩნია. საბანკო რეგულაციების კუთხით ბევრი რამ გაუკეთებელი დარჩა, მაგრამ აშკარად მნიშვნელოვან ნიუანსებში გამოგვყვა... როდესაც მსოფლიოში კატასტროფული მდგომარეობაა და რეზერვები უნდა გამოიტანო, არაფერი გაუყიდია და ვთხოვეთ, რომ ზემოდან მაინც არ დაემატებინა, ანუ არ შეესყიდა. ბევრს თავისი რეზერვები პანდემიის გადასალახად სჭირდება და მიმართა კიდევაც“, - განუცხადა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნეს მედიას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×