„პრემიერის ბოლო გადაწყვეტილება არის ყველაზე კარგი რამ, რაც კი მსმენია"
თიკა სიბოშვილი
24.11.2021

პრემიერის ახალი ინიციატივით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც შრომისუნარიანია, დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკას განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცემა. ამას ადასტურებენ ეკონომისტებიც. „რეზონანსი“ დაინტერესდა, თუ რა დადებით ეფექტს მოუტანს პრემიერის ინიციატივა ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესს.

საქართველოში საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დახმარებას 600 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, ხოლო აქედან თითქმის ნახევარი - 300 000 _ შრომისუნარიანი მოქალაქეა. ისინი არ მონაწილეობენ ქვეყნის განვითარებაში, ამ დროს კი უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო მუშახელის ნაკლებობას განიცდის. პრემიერის შეთავაზება იძლევა შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ მიიღოს დამატებითი შემოსავალი და, მეორე მხრივ, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, აუცილებელია სისტემის შეცვლა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რადგან მათ დაინახონ მეტი პერსპექტივა და იმედი მომავალში, რაც თავისთავად ქვეყანასაც წაადგება. თანაც, არავის მოეხსნება დახმარება, რომელსაც სახელმწიფო საარსებო შემწეობის სახით გადაიხდის.

„დღეს, დაახლოებით, 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, თითქმის გავაორმაგეთ ეს დახმარება. ჩვენამდე იყო ეს სოციალური სისტემა შექმნილი და უბრალოდ, ასე გაგრძელდა. წლების განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით ამ სისტემას. 

როდესაც აღარ ვიყავი პოლიტიკაში და ვაკვირდებოდი ამ სიტუაციას, ბევრი მიფიქრია ამის შეცვლის ვარიანტებზე და მივედი დასკვნამდე, რომ ეს სქემა უნდა შეიცვალოს. 600 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი – 300 000 - არის შრომისუნარიანი მოქალაქე. ისინი  აბსოლუტურად არ მონაწილეობენ ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველთვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ – ეს ადამიანები გავხადეთ დახმარების მძევლები.

საჭიროა ამ მანკიერი სისტემის შეცვლა. იგი უნდა შევცვალოთ ისე, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა არა უიმედობისა და უპერსპექტივობის, არამედ - უკეთესი მომავლის. განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ, დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური სამსახური, არამედ _ მუდმივი საქმიანობა.

თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას, მინიმუმ, იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა დახმარების მიღების დროს, შეეძლება, სხვა, დამატებითი სამსახურიც ჰქონდეს და სახელმწიფო ამ დახმარებას მას არ გაუუქმებს. შეიცვლება სოციალურად დაუცველი ადამიანების მენტალიტეტი და მათი მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 17%-ს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო შემწეობის შემყურე არიან. ისინი ყოველთვის თავს არიდებენ მუშაობას. შესაბამისად, ეს კვალიფიციური კადრების დეფიციტს ამწვავებს. ამან შესაძლოა, უცხოელი მუშახელის საჭიროება დააყენოს დღის წესრიგში და ადგილობრივი ბიზნესი მათი შემოყვანის აუცილებლობის წინაშე დადგეს.  

აქამდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები დასაქმებისგან თავს იკავებდნენ, რადგან ეგონათ, რომ შესაძლებელი იყო, დახმარება სახელმწიფოსგან ვეღარ მიეღოთ, თუმცა ახლა, როცა ცნობილია გადაწყვეტილება და შემწეობას საფრთხე არ შეექმნება, აუცილებელია რესურსის გამოყენება და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობის მიღება. როგორც ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე მიჩნევს, პრემიერის ინიციატივა რესურსების ეფექტური გამოყენებისკენ არის მიმართული.

„პრემიერის ეს გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ უფრო ფართო კონტექსტში. მსოფლიოში პანდემიის გამო სამეურნეო და კომერციული კავშირების ბევრი სისტემა მოიშალა. ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო რეფორმამ უფრო მეტი უნდა იზრუნოს თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებისათვის. რაც შეიძლება უნდა გაიზარდოს საკუთარი წარმოების წილი. რისი წარმოებაც ადგილზე შეგვიძლია, ამის შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ამიტომ პრემიერის ეს წინადადება სხვა ღონისძიებებსაც ისახავს მიზნად.

ეს არის ქვეყნის შიდა რესურსების ეფექტიანი და რაციონალური გამოყენებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც შემდეგ პრაქტიკული საფეხურები უნდა მოჰყვეს, რადგან შეუძლებელია, დამოკიდებული ვიყოთ გარე ფაქტორებზე, პირდაპირ გვსურდეს უცხოური ინვესტიციების გაზრდა, სესხის აღება ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის მაშინ, როცა ჩვენ ქვეყნის შიგნით რესურსები ბოლომდე გამოყენებული არ გვაქვს. ვფიქრობ, მკვეთრად გაიზრდება დასაქმების დონე, გვექნება საშუალება, რომ სერიოზულად მივუახლოვდეთ უმუშევრობის ქვედა ორნიშნა ზღვარს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას არჩვაძემ.

ბოლო 2 წელიწადში საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ რეკორდული ტემპით მოიმატა. სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, 2020 წლის იანვართან შედარებით, 201 000 ადამიანით არის გაზრდილი, ამიტომაც მოსახლეობის ეს ნაწილიც თუ მიიღებს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობას,  უმუშევრობის სტატისტიკაც გამოსწორდება და სამუშაო ძალის მუდმივი დანაკლისი აღარ იქნება.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, ადამიანს თუ აქვს შრომის შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა იმუშაოს.

„პრემიერის ეს გადაწყვეტილება არის ყველაზე კარგი რამ, რაც კი მსმენია. ეს იქნება მოდელი, როცა ეკონომიკასა და ახალი ღირებულებების წარმოქმნაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, ყველა, ვისაც კი შეუძლია და უნდა, რომ იმუშაოს. როცა ხალხი არის შრომისუნარიანი, რატომ უნდა იღებდეს სოციალურ დახმარებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეუძლია, იმუშაოს და მიიღოს ღირსეული ანაზღაურება. მე ახლა ის უფრო მაინტერესებს, როგორ შეძლებს მთავრობა ამის განხორციელებას“, - აღნიშნა სიმონიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმით ნამდვილად შესაძლებელი იქნება ინიციატივის სისრულეში მოყვანა.

„აქამდე საკითხი ასეთნაირად არასდროს დამდგარა. ადამიანების დასაქმება, ძირითადად, შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც თავისი ბუნებით არის მოქნილი და აქვს ახალი სფეროების სწრაფად ათვისების უნარი. ამ მიმართულებით ნამდვილად შეიძლება დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა. პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია,  თუ რა შედეგს მოიტანს ახალი ინიციატივა, თუმცა სწორი ნაბიჯების გადადგმით რეალურია კარგ დაბოლოებამდე მისვლა“, - დასძინა სოსო სიმონიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×