"მწვანე ბარათების" გაკონტროლება ძალიან რთული იქნება და დროთა განმავლობაში შეუძლებელი გახდება
გვანცა წულაია
24.11.2021

„მწვანე პასპორტების” სისტემის ამოქმედებასთან ერთად, ქვეყანაში შეზღუდვებიც მოიხსნება. სულ მალე ეკონომიკური საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ასეთია საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა იწონებს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულია.

შეზღუდვები პირველი დეკემბრიდან უქმდება. უფრო კონკრეტულად, რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ და ისინი სტუმრების მიღებას 23:00 საათის შემდეგაც შეძლებენ. 

საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50%-მდე გაიზრდება. 

მარტივდება სახმელეთო საზღვრიდან შემოსვლის წესიც. საქართველოში ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას „პისიარ ტესტის" წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ. 

გამოდის, რომ პირველი დეკემბრიდან სარესტორნო ბიზნესს მუშაობის სრულფასოვნად გაგრძელების საშუალება ეძლევა, რასაც სექტორი დიდი ხანია, ითხოვს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც „მწვანე ბარათების” სისტემის დანერგვის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა რესტორნები მხოლოდ „მწვანე სტუმრების” გამასპინძლებას შეძლებენ. 

ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა ეკონომიკას წაადგება და ამ გზით ბიძგი მიეცემა. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი. მისი აზრით, გადაწყვეტილება უდავოდ დადებითად შესაფასებელია.  

„შეზღუდვების შემსუბუქება, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია, თუმცა იმ ფონზე, როდესაც შემოსავლები დაბალია და ტურიზმიც მაინცდამაინც მაღალ დონეზე არ არის, ეს მნიშვნელოვან გარდატეხას არ მოახდენს. რასაკვირველია, შეზღუდვები ყველა შემთხვევაში უნდა მოხსნილიყო, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია. მთავრობის ნაბიჯი დადებითად უნდა შევაფასოთ. რასაკვირველია, სიფრთხილის ნორმების დაცვა აუცილებელია, თუმცა ის, რომ შეზღუდვა უნდა მოხსნილიყო, ფაქტია”, - განუცხადა „რეზონანსს” გერლიანმა, რომელმაც „მწვანე ბარათების” შემოღებაზეც ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ სისტემის ამოქმედება ბიზნესისთვის გარკვეული თვალსაზრისით ტვირთი იქნება, კონტროლი კი გაჭირდება. 

„მწვანე ბარათების“ ამოქმედება ბიზნესისთვის გარკვეული ტვირთი იქნება, თუმცა რეალურად გამოდის, რომ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები იყო გადასადგმელი. ის, რომ მოსახლეობის სრულად, მასობრივად ვაქცინირება არ მომხდარა, მენეჯმენტის სისუსტედ მიმაჩნია. თუ ადამიანს რაღაცის გაკეთების სურვილი აქვს და მომსახურების მიღებას ვერ შეძლებს, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ორივე მხარეს ექნება მოწოდება, როგორმე მათი გარიგება შედგეს, რაც ჩრდილოვან ნაწილს გაააქტიურებს. 

სამწუხაროდ, კონტროლის შესაბიმისი რესურსი არ გვაქვს. შეუძლებელია, რომ, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი გააკონტროლო, თუ ვის აქვს „მწვანე პასპორტი” და ვის – არა. წერტილოვნად შესაძლოა, ვიღაცასთან მიხვიდე, მაგრამ ყველასთან ამას ვერ შეძლებ, ამიტომ მეორე საკითხია, თუ რამდენად ქმედითი იქნება ეს სისტემა”, - დასძინა „რეზონანსთან” გერლიანმა. 

ქართული ეკონომიკა ყოველთვიურად ორნიშნა მაჩვენებელზე გადის. სტატისტიკური მონაცემები აშკარად პოზიტიურია, რაც, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ასეთია მთავრობის პროგნოზი. მისი ყველა წევრი აცხადებს, რომ 2021 წელს მშპ 10%-ზე მეტით გაიზრდება. 

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ნამდვილად დადებითია, მაგრამ დაგვიანებული ქმედებაა. 

„რა თქმა უნდა, რეგულაციის მოხსნა მისასალმებელია. რაც უფრო მეტ შეღავათსა და შესაძლებლობას მივცემთ ბიზნესს, ცხადია, ეს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს, მაგრამ პრობლემა არის ის, აქამდე რატომ არ მოხსნეს ეს შეზღუდვა? ერთი წელია, აკრძალვის ქვეშ ცხოვრობდა სარესტორნო ბიზნესი და თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს შედეგს არ მოიტანდა. შედეგი უნდა ყოფილიყო ის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურებულიყო და გამოსწორებულიყო, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა. სამაგიეროდ, ეკონომიკა შემცირდა, გვქონდა ორნიშნა კლებაც, ეკონომიკური სექტორი გაჩერდა, უმუშევრობა გაიზარდა, ცხოვრების დონე გაუარესდა და ეს უნდა იყოს მთავარი აღიარება. 

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გვექნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შედარება ხდება 2020 წელთან, როდესაც იყო ეკონომიკური კოლაფსი. ამიტომ ბუნებრივია, რომ ორნიშნა მაჩვენებელი გვექნება, მაგრამ მოსახლეობის ცხოვრების დონეზე რამდენად დადებითად აისახება, ეს უკვე მეორე საკითხია, რადგან რეალური ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში არ არის”, - განუცხადა „რეზონანსს” მაკალათიამ, ვინც „მწვანე პასპორტების” სისტემის ამოქმედებას არ ემხრობა. 

„არ ვეთანხმები, რადგან ეს ბიზნესის შეზღუდვაა. რეგულაცები რომ დაცული უნდა იყოს, ეს, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელი საკითხია, მაგრამ მხოლოდ კოვიდპასპორტი პრობლემას ვერ გადაჭრის, პირიქით, ბიზნესს დააზარალებს. გაკონტროლებაც ძალიან ძნელად მოხერხდება. რეგულირების აღსრულება იქნება რთული, სადღაც შეძლებენ, სადღაც – ვერა, რის გამოც სფეროს წარმომადგენლები იქნებიან არათანაბარ პირობებში”, - დასძინა მაკალათიამ „რეზონანსთან” საუბრისას. 

პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები” ამოქმედდება. მოქალაქეებს მწვანე სტატუსის წარდგენა დასჭირდებათ: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სპა ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×