ამიერიდან საქართველოს გაცილებით ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდება და ზამთარში დეფიციტის საფრთხეც მოიხსნება
ირაკლი ლომიძე
25.11.2021

აფხაზეთის ენერგომომარაგებაში საქართველოს მთავრობამ ბოლოს და ბოლოს მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღო და უკვე ამ ზამთრიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება. უკვე გადაწყდა, რომ ,,ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება ძველ სტანდარტს დაუბრუნდება და საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის 60/40-ის პროპორციით გაიყოფა. ენერგეტიკოსების განცხადებით, ქართული მხარისთვის აფხაზეთის ელექტრომომარაგება ბოლო წლებში დიდი პრობლემა იყო და სხვა გამოსავალი რეალურად ვერ გამოინახა. ახლა ჩვენი ენერგოსისტემა ცოტათი ამოისუნთქებს.

გარდა იმისა, რომ საქართველო ამ ცვლილებით საგრძნობ შეღავათს მიიღებს, ,,ენგურის“ მიერ გამომუშავებული დენი მუქთად აღარ წავა აფხაზეთში, ვინაიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სწორედ ამ უკანასკნელი ფაქტორის გათვალისწინებით არის განპირობებული. რაც მთავარია, არც დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა დაგვჭირდება აფხაზეთისთვის, რასაც აქამდე ვაკეთებდით.  სეპარატისტულ რეგიონს თავად მოუწევს დანაკლისის შევსება.

,,ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს შორის ,,ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება იმ პროპორციას დაუბრუნდება, რაც ზეპირი შეთანხმებით დადგინდა.

,,აფხაზები ელოდებიან რუსეთიდან იმპორტს და ეს შეამცირებს დატვირთვას “ენგურჰესზე”. მათ ასევე შეზღუდვა დაიწყეს და მოხმარებაც ცოტა შეამცირეს. წლის ბოლოსთვის, "ენგურჰესის" ელექტროენერგიის განაწილება იქნება 60/40-ზე, როგორც იყო მოლაპარაკებული. ეს პროპორცია დაცული იქნება მათი შეზღუდვებისა და ჩვენს მიერ გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე", - განუცხადა მებონიამ "ბიზნეს მედიას" და იქვე დასძინა, რომ იმპორტის გარეშეც, ზემოთ დასახელებული პროპორციის დაცვა, მცირე ცდომილების ფარგლებში შესაძლებელი იქნება.

ენეტრგეტიკოსი გია არაბიძე  ცვლილების შედეგად ენერგოსისტემაში იმპორტის საგრნობ კლებას ელოდება. აქამდე ,,ენგურის“ მიერ გამომუშავებული დენი არამიზნობრივად იხარჯებოდა და ამ პრობლემას ერთხელ და საბოლოდ დაესმება წერტილი.

,,მცდელობა არის, რომ  პროპორცია 60/40-ზე წლიურ ჭრილში მაინც დავიცვათ, თუ ყოველთვიურად მისი დაცვა სირთულედ იქცევა. გარკვეული ბერკეტი გაჩნდა უკვე, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. ,,ენგურჰესის“ წყალსაცავი განსხვავებული რეჟიმით დავამუშავეთ წელს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ არსებული მარაგი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% ჩვენია, 40%-ს აფხაზეთი წაიღებს. 

მთელი ზაფხულის პერიოდში ვინახავდით წყალს და ვცდილობდით ზამთარში მეტი ელექტროენერგია გამოგემუშავებინა. ბოლო 5 წლის განმავლობაში მიმდინარე წლის 3 თვის - სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის გარეშე, 170-175 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოგვქონდა თვეში, ახლა ეს რაოდენობა მინიმუმზე დავიდა - 20 მლნ კვტ/სთ-მდე ყოველთვიურად. ეს შესაძლებელი გახდა იმით, რომ ,,ენგურმა“ ჩვენი მხარის სასარგებლოდ იმუშავა.  

აფხაზეთიც თუ უფრო ყაირათიანად მოიხმარს დენს, მას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება ენერგომომარაგებაში. პრობლემა ისაა, რომ მიწოდებული დენის დიდი ნაწილი კრიპტოვალუტის გამომუშავებას ხმარდება. ალბათ, ამას უკვე უფრო მკაცრად გააკონტროლებენ და საკუთარ ბაზარს დაიცავენ“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ არაბიძემ.

სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგეტიკული პოლიტიკის შეცვლა გაცილებით ადრეც იყო შესაძლებელი, რადგან მან ქვეყანა ძალიან დააზარალა. რაც შეეხება მხარეთა შეთანხმების ცნობილ პირობას (60/40), მისი გათვალისწინება ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს შექმნილ სიტუაციაში ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

,,აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი ნაბიჯი გადაიდგა. ამდენი ხნის განმავლობაში  ,,ენგურის“ გამომუშავებუილი ელექტროენერგია არამიზნობრივად იხარჯებოდა. კრიპტოვალუტაზე მიდის მთელი რესურსი, როცა საყოფაცხოვრებო სეგმენტს უნდა ხმარდებოდეს. ბოლოს იქამდეც მივიდა საქმე, რომ თბილისთან შედარებით 3-4-ჯერ მეტ ელექტროენერგიას აფხაზეთი მოიხმარდა. 

ზომები დიდი ხნის წინაც უნდა მიეღოთ. ცვლილება ჩვენ ფინანსურად და ენერგეტიკული კუთხითაც დიდ მოგებას მოგვცემდა. იყო შემთხვევა, როცა აფხაზებს არ ყოფნიდათ დენი, ჩვენ ვყიდულობდით და ვამარაგებდით. აფხაზეთი ჩვენი ნაწილია, გვესმის რა პასუხისმგებლობაც გვმართებს, მაგრამ მორალურადაც გაუმართლებელია, რაც იქ ხდებოდა ენეგომოხმარებასთან დაკავშირებით - რუსეთის ბაზას მიჰქონდა ჩვენი დენი, ცალკე კრიპტოვალუტების გამომუშავებისთვის იყენებდნენ., სეპარატისტების  მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად  სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ თემურ ჭიჭინაძემ.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2 მლრდ 371.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.5%-ით მეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×