ცნობილია დეტალები თუ როგორ მოხდება აზარტული საქმიანობის დაბეგვრა და ვინ ვეღარ შეძლებს კაზინოებში თამაშს
ირაკლი ლომიძე
29.11.2021

სათამაშო ბიზნესის საქმიანობა საქართველოში მაქსიმალურად იზღუდება.  საზოგადოების მოთხოვნას, რომ რეგულაციები უკიდურესად გამკაცრდეს და ქვეყნის მოსახლეობა აზარტული თამაშების მავნებლობისგან საბოლოოდ გათავისუფლდეს, მხოლოდ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაეწია ანგარიში. პრემიერმა პირადად გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზს ბრძოლა გამოუცხადოს. 

ახალი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმი, ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღება, რეკლამის შეზღუდვა, ონლაინ თამაშების აკრძალვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის საქმიანობას ძირფესვიანად შეცვლის. პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე,  1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეადგენს. 

დეტალურად განისაზღვრა, ჩვენი მოქალაქეების  კონკრეტულად რომელ სეგმენტს შეეხება აკრძალვა. ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე, პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით და სხვა. 

გუშინ, მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების საფუძველზე ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა წარადგინა.  

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების პროექტი ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ. როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა 10%-იანი მოგების გადასახადით. მისი თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება, როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე). 

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. ასევე მკაცრდება კონტროლი უცხოურ სათამაშო ვებ-ვერდებზე და საქართველოში რეგისტრირებულ საგადასახდო ბარათების პროვაიდერებს, ეკრძალებათ თანხების გადარიცხვა იმ ანგარიშებზე, რომლებიც ასოცირებულია უცხოური აზარტული თამაშების სისტემებთან.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ასევე იკრძალება თანხის ერთი პირიდან მეორე პირზე გადარიცხვის შესაძლებლობაც. რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი. ეს გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ფიზიკურ კაზინოებზე.

სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებულ რეგულაციებს მიესალმებიან სპეციალისტებიც, თუმცა აქვთ გარკვეული შენიშვნაც, მათ შორის ონლაინ თამაშების სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ სრული აკრძალვა ვერ იქნება გამოსავალი.

„მთავრობამ სერიოზული ნაბიჯი გადადგა, როცა გადაწყვიტა, რომ ონლაინ კაზინოები ერთხელ და საბოლოოდ მკაცრ კონტროლს დაუქვემდებაროს. წლებია, ამას ვითხოვთ. რეგულაციები სექტორში მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაშია და ზომები ჩვენც გაცილებით ადრე უნდა მიგვეღო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, ინიციატივა ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვასთან დაკავშირებით ნაჩქარევია.  ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებისგან კეთილგანწყობის მიღებას ისახავს მიზნად. შეიძლება, ამაზე კიდევ იმსჯელონ და რაღაც ცვლილება გატარდეს, რადგან აკრძალვა ამ შემთხვევაში ვერ იქნება გამოსავალი.  უფრო ა სწორი და ეფექტური რეგულირების მექანიზმება შესამუშავებელი  კონკრეტულად ამ ნაწილში. 

საერთო ჯამში, ცვლილება აუციელებლია,  რათა  ერთი მხრივ, გაიზარდოს   ამ სექტორისგან  ბიუჯეტში შეტანილი თანხების მოცულობა,  ხოლო მეორე მხრივ, შეამციროს მოთამაშეების რაოდენობა,  ხოლო  სწორი რეგულირების პირობებში ონლაინ თამაშების მასშტაბები  ისედაც შემცირდება. ვადასტურებთ, რომ  დიდი ზიანის მომტანია სათამაშო ბიზნესი საქართველოს მოსახლეობისთვის, სხვადასხვა გზით მასზე მომხმარებელთა ძალიან დიდ არმიას აქვს წვდომა, მათ შორის არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდებს, სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო კიდევ უფრო ღარიბდებიან. არაერთი შემთხვევაა, რომ თავს იკლავენ ადამიანები, ჩვენ ამ ყველაფრისგან უნდა გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა ბაირახტარმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის სისტემაა, რომელიც ასევე ცვლილებას დაექვემდებარა. სამართლიანი დაბეგვრით ბიუჯეტში თანხები გამოთავისუფლდება.

,,აზარტული კომპანიების წლიური ბრუნვა თითქმის ორჯერ აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან მოცულობას (32 მილიარდი), ხოლო მის მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები, საკმაოდ მოკრძალებულია და საერთო ჯამში 240 მლნ არ აჭარბებს. ცხადია,  ამ სექტორის სამართლიანი დაბეგვრის შემთხვევაში ცენტრალურ ბიუჯეტში შესაძლებელია თანხების გამოთავისუფლება, ისეთი სოციალური პროდუქტებისთვის, როგორიცაა ნავთობპროდუქტების აქციზი, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს სოციალურ ტვირთს, ინფლაციურ წნეხს და სხვა, რაზეც ეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კანონონმდებლები ცვლილებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფულადი სანქცია დაუწესდებათ სათამაშო ბიზნესის იმ ოპერატორებს, რომლებიც რეგულაციას დაარღვევენ. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ოპერატორებზე, რომლებსაც აეკრძალებათ ამ სერვისის მიწოდება კონკრეტული პირებისთვის.

„ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის, რომლებსაც ეკრძალებათ ამ სერვისის მიწოდება კონკრეტული პირებისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ბიზნესის ოპერატორები შესაბამის რეგულაციას დაარღვევენ, გათვალისწინებული იქნება მათთვის შესაბამისი სანქცია“, - განაცხადა ხუციშვილმა. ფულადი სანქციის ოდენობა მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×