„შეტევა იმ ძალების მხრიდან წამოვიდა, რომლებიც ამ სარფიან ბიზნესთან უშუალო კავშირში არიან“
გვანცა წულაია
30.11.2021

საქართველოს მთავრობა სათამაშო ბიზნესის რეგულირებას შეუდგა. დეტალები უკვე გაირკვა, თუ რა ბერკეტებს დაუწესებს მთავრობა ონლაინ კაზინოებს. ერთ-ერთი რეკლამის შეზღუდვაა, რაც, პირველ რიგში, სატელევიზიო არხებთან იქნება დაკავშირებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება, თუმცა უკვე გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც. პარტია „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, მედია 3 წლით გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან ტელეკომპანიები, სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვის შემდეგ, სოლიდურ შემოსავალს დაკარგავენ. სპეციალიტების აზრით, ეს გაუგებარი და უაზრო ინიციატივაა, რომელიც არ არის მიმართული მედიის დასახმარებლად. 

მალე ქვეყანაში ონლაინ კაზინოების ბიზნესი მაქსიმალურად დარეგულირდება. სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღება. ჯამში, პირთა წრე, რომელსაც სახიფათო თამაშებზე წვდომა შეეზღუდება, 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს მოიცავს. გარდა ამისა, აიკრძალება ონლაინ კაზინოების ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსებაც. ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.  

სწორედ ბოლო საკითხია ოპოზიციური პარტიისთვის მიუღებელი. რადგანაც ონლაინ კაზინოების რეკლამირება აიკრძალება, „ლელოს“ ინიციატივით, მედია სამი წლით გადასახებისგან უნდა გათავისუფლდეს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, მათი ინიციატივა საზოგადოებისა და მედიის ინტერესებს დააბალანსებს.

„ზუსტად იმას ეხმიანება ჩვენი ინიციატივა, რომ დაბალანსდეს საზოგადოებისა და მედიის ინტერესები და მედიამ ამ ფორმით არ მიიღოს ზარალი. უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მედია გათავისუფლდეს გადასახადებისგან და არ მიიღოს ზიანი სარეკლამო შემოსავლების შემცირებით. 

ბევრი მედიასაშუალებისთვის აზარტული თამაშებიდან სარეკლამო შემოსავლებში შესული თანხები წარმოადგენს მთლიანი კომერციული შემოსავლის 20%-ს, ამიტომ აუცილებელია, დავაბალანსოთ ინტერესი და კრიტიკულ მედიას არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ პრემიერისგან პრობლემები შეექმნას“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

„ლელოს“ აღნიშნულ ინიციატივას მთავრობა არ ეთანხმება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, ეს ინიციატივა საღ აზრს საერთოდ მოკლებულია. 

„ლელოს“ შეფასება ღარიბაშვილის ინიციატივაზე მოწყვეტილია ყველანაირ, არა მხოლოდ ლეგალურ საფუძველს, არამედ საღ აზრსაც იმიტომ, რომ თუ ვინმე დღეს ვერ ხედავს, რომ აზარტული თამაშები უქმნის პრობლემას ჩვენს მოსახლეობას და ახალგაზრდობას განსაკუთრებით, მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ასეთი ადამიანი. მგონია, რომ მედია საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია და, შესაბამისად, არ მგონია, რაიმე შეღავათის დაწესება იმ საბაბით, რომ პრობლემა შეექმნას მედიას, საფუძვლიანი იყოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მთავრობის წევრებთან ერთად, „ლელოს“ მიერ შემუშავებულ ინიციატივას არც ექსპერტები ეთანხმებიან. მათი თქმით, ოპოზიცია მთავრობის რეგულაციებს ეწინააღმდეგება და მათი ინიციატივა საერთოდ გაუგებარია, რას ემსახურება. ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ „ლელო“ ისეთ წამოწყებას უპირისპირდება, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სასარგებლოა.

„პირველ რიგში, მთავრობის ინიციატივა, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. სათამაშო ბიზნესი 100-ათასობით ადამიანსა და 10-ათასობით ოჯახს აზარალებს. თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ოჯახისა და მთლიანობაში, საზოგადოებისთვის არის პრობლემა. ადამიანები ხშირად თამაშობენ ვალით ანდა სახლიდან წაღებული ფულით და ეს საშინელებაა. 

ქვეყანამ როგორღაც მოახერხა ის, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და ახლა რას ვხედავთ? როგორც ყოველთვის, ჯიბრში ჩადგომა ხდება და არ აქვს მნიშვნელობა, სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუ არა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ მთავრობის წინააღმდეგ წავა, მაშინ არის ოპოზიციონერი. „ლელოს“ სხვაგვარად რომ დაესაბუთებინა, თუ რატომ გამოდის ამ ინიციატივით, მაშინ გავიგებდი, მაგრამ კონკრეტულად ისეთ გადაწყვეტილებას უპირისპირდება, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არის სასარგებლო. 

მე მედიისთვის შეღავათების წინააღმდეგი კი არ ვარ, პარტიის იდეოლოგიას ვერ ვხვდები. წესით, ისინი ხალხს, კარგი გაგებით, თავს უნდა აწონებდნენ სასარგებლო ინიციატივებით, რომლებიც მათ პროგრამაშიც უნდა ყოფილიყო, თუმცა საპირისპიროდ იქცევიან. მათი ინიციატივა ეწინააღმდეგება ახალ, მნიშვნელოვან მიდგომებს. ეს აბსურდული სიტუაციაა და პოლიტიკური უკულტურობაც“, - განუცხადა „რეზონანსს“ ამირან სალუქვაძემ და დასძინა, რომ „ლელოს“, ამ ინიციატივის შემოღების ნაცვლად, უკეთესი ვერსია უნდა შეემუშავებინა.  

„არ შეიძლება, იმის გამო, რომ მედიას შემოსავალი მოაკლება, ოჯახები გაუბედურდნენ. ამ მავნე დამოკიდებულებას ხალხი თვითმკვლელობამდე მიჰყავს. მთავრობას კრიჭაში კი არ უნდა ჩაუდგნენ, არამედ საკუთარი ვერსია უნდა წარმოადგინონ, რომელიც სხვა მიდგომებით იქნება გამორჩეული და პირველ ეტაპზე ნაკლებად დააზარალებდა იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც ჰქონდათ შემოსავლები აზარტული ბიზნესისგან, მაგრამ იქვე შეზღუდავდა სათამაშო ბიზნესსაც და მოთამაშეების დამოკიდებულებასაც შეამცირებდა. 

მესმის, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისთვის ეს შემოსავლების ნაწილია, მაგრამ მედია უნდა შეეცადოს, სხვა ბიზნესიდან მოიძიოს სარეკლამო შემოსავლები. მედია უნდა გადაერთოს და მოახდინოს დევერსიფიკაცია სარეკლამო შემოსავლების კუთხით.

როცა ასე იქცევიან, ვხედავ ბიზნესინტერესებს არა მხოლოდ მედიასაშუალებებიდან, არამედ პოლიტიკური წრეებიდანაც. ნახავთ, იგივე იქნება ფარმაცევტული სფეროს დარეგულირების დროსაც. მერეც წინააღმდეგობას მივიღებთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ სალუქვაძემ. 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შეტევა მოსალოდნელი იყო სწორედ იმ ძალების მხრიდან, რომლებიც ონლაინ კაზინოებისა და მედიკამენტების ბიზნესთან უშუალო კავშირში მოიაზრებიან. 

„შეტევა იმ ძალების მხრიდან წამოვიდა, რომლებიც ამ სარფიან ბიზნესთან უშუალო კავშირში არიან. ეს ის ძალები არიან, ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე დეკლარირებულად „წუხილს" რომ გამოთქვამენ, მაგრამ ახალგაზრდა თაობებში ლუდომანიის, ნარკომანიის შემცირების, ხოლო პენსიონერებისთვის წამლების ფასების ხელმისაწვდომობის გამო, ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარი ინტერესების შეზღუდვის გამო, ცდილობენ, შური იძიონ მასზე”,- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

„ლელოს“ ინიციატივას არავინ ეთანხმება. სპეციალისტთა ნაწილი იმასაც კი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის ხედვა მედიის გადარჩენისათვის საერთოდ არ არის მიმართული. ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე მიიჩნევს, რომ „ლელოს“ მედია მართლაც რომ აინტერესებდეს, უფრო ჭკვიანურ ინიციატივას მოიფიქრებდა. 

„ლელოს" ეს გამოხტომა ნამდვილად არ არის მიმართული მედიის გადასარჩენად. ასე რომ იყოს, ისინი მედიისთვის და განსაკუთრებით ბეჭდური მედიისთვის, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოკლა, ცოტა უფრო ჭკვიანურ ინიციატივებს მოიფიქრებდნენ. პარტია „ლელოს", როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, თუ ხალხზე ფიქრი ღამე არ აძინებს (რაც, წესით, ყველა პოლიტიკოსის უმთავრესი მოვალეობაა), დრაკონული საბანკო პროცენტების შემცირებაზე ეთქვა რამე. ბატონო საბა ბუაძევ, იქნებ ისიც გვითხრათ, სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორ იმოქმედებს უარყოფითად თავისუფალ მედიაზე?" - აღნიშნა გია გაბრიჭიძემ. 

სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტში არაერთხელ ჩავარდნილა. საინტერესოა, ახლა როგორ განვითარდება მოვლენები. აქამდე, გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ბახტაძეს მკაცრი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავება და რეკლამის შეზღუდვა არ გამოუვიდათ, ჯერი მოქმედ პრემიერზეა. ღარიბაშვილი, წინამორბედი პრემიერებისგან განსხვავებით, უფრო პრინციპულია. მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კანონონმდებლები ცვლილებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×