ციტრუსის რაოდენობა და ხარისხი, წინა წლებთან შედარებით, საუკეთესოა, ფერმერებმა მოსავალი, პრაქტიკულად, უკვე დააბინავეს
თამარ ვეფხვაძე
01.12.2021

2021 წელი,  პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, აგრარულ სფეროში მიღწეული შედეგით ერთ-ერთი საუკეთესოა.  მთავარი გამოწვევა პროდუქტის ხარისხსა და რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული ღონისძიების შედეგად მნიშვნელოვნად არის დაძლეული. თითქმის ყველა სეგმენტში მოსავლიანობა გაზრდილია და ექსპორტზეც ქვეყანამ საკმაოდ დიდ შედეგს მიაღწია. 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „რეზონანსთან“ აღნიშნა, წარმოება ყველა მიმართულებით, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდებოდა, წარმატებული აღმოჩნდა, მათ შორის ციტრუსსა და ბოსტნეულ კულტურებში, ასევე, თხილის ბაზარზე, რომელმაც საექსპორტო ბაზრებზე პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

„წლევანდელი მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, წინა წლებისგან შედარებით, გაუმჯობესდა. ფაქტობრივად, ყველა მხრივ არის წარმატება. განსაკუთრებული სტარტი აიღო ციტრუსმა. დღეისათვის, დაახლოებით, 8400 ტონა მანდარინია  ექსპორტირებული, როცა შარშან, დაახლოებით, 4000 ტონა იყო. მნიშვნელოვანია, რომ აქტიური ექსპორტის პირობებში ფასი პრაქტიკულად უცვლელია. შარშან მანდარინის საექსპორტო ფასი 49 ცენტს შეადგენდა, წელს 48 ცენტია, თითქმის იმავე დონეზეა. შეიძლება ითქვას, რომ კარგი სტარტია. 

ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ექსპორტისგან იღებს, თითოეულ ფერმერამდე მივიდა, მათი შემოსავლები და კეთილდღეობა უმჯობესდება, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება. მეციტრუსეობით განსაკუთრებით აჭარა გამოირჩევა, რომელიც ბაზარზე დომინანტია, შემდეგ უკვე _ სამეგრელო და გურია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროდუქტი ხარისხიანია. ვვარაუდობთ, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 10 000 ტონით მეტ მოსავალს მივიღებთ - ჯამში, 70 000 ტონის ფარგლებში, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

რაც შეეხება ექსპორტს, ციტრუსისა და ხილ-ბოსტნეულის ბაზრებზე წამყვანი პოზიცია ტრადიციულ ქვეყნებს უჭირავთ, ანუ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც ქართულ პროდუქტს კარგად იცნობენ და ენდობიან. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროპულ ბაზრებზე პოზიციების გასამყარებლად, ამ მხრივ თხილმა ყველა ბარიერი გადალახა.

„ქართული ციტრუსი და ბოსტნეული, უმეტესწილად, ტრადიციულ ბაზრებზე იყიდება:  რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და შუა აზიის ქვეყნებში. ექსპორტის მოცულობა ამ მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება, მცირე პარტიებით შედის ევროპაშიც. ყველაფერი  განპირობებულია ტრადიციულ ბაზრებზე მაღალი ცნობადობით. აწყობილი სისტემაა, რის პარალელურად აქტიურად მიდის მუშაობა, რომ  ჩვენი პროდუქტი გავიდეს ევროპის ბაზარზე, რაც მუდმივი ზრუნვის საგანია. 

იმედია, მალე უფრო გავიმყარებთ პოზიციებს ევროპულ ქვეყნებში და ამის საუკეთესო მაგალითია თხილის ექსპორტი. 67 მლნ დოლარის პროდუქციაა უკვე გაყიდული და  აქედან  დომინანტია ევროკავშირის ბაზრები. რაოდენობრივად ეს არის 14 600 ტონა თხილი, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 10 800 ტონას შეადგენდა.

გარდა ამისა, ნაჭუჭიანი თხილი უფრო მოთხოვნადია ევროპაში, ვიდრე გატეხილი თხილის გული, ამიტომ თანაფარდობა რადიკალურად შეიცვალა. შარშან გაუტეხავი თხილი ექსპორტის 16%-ს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 60%-ის დონზეა, ხოლო 40% ნაჭუჭგაუცლელი თხილია.  ვფიქრობთ, ციფრები შთამბეჭდავია და მონაცემები წლიდან წლამდე გაუმჯობესდება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა „რეზონანსთან“.

კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი, რაც მთავრობამ ქართველი ფერმერებისა და წარმოების მხარდასაჭერად განახორციელა, არასტანდარტული ციტრუსისა და ვაშლის სუბსიდიის პროგრამაა. თავის დროზე სუბსიდია შეეხო ყურძენსაც, რამაც სეზონის წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ამ დროისთვის ექსპორტზე  3000 ტონა ვაშლია გასული, რომლის საექსპორტო ღირებულება, დაახლოებით, 40%-ის ფარგლებშია გაზრდილი. შარშან თუ 43 ცენტის ფარგლებში ფიქსირდებოდა ფასი, წელს ამ მაჩვენებელმა უკვე  64 ცენტს მიაღწია, ხოლო გადამამუშავებელი საწარმოების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობა 35 000 ტონაა. დამზადებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება.

ერთ-ერთი წარმატებულია ხურმისა და კარალიოკის მიმართულებაც. ამ დროისთვის 1,2 ათასი ტონა პროდუქტია ექსპორტირებული, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 9 000 ტონას შეადგენდა. ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი, დაახლოებით, 50 ცენტის ფარგლებშია.

აგრარულ სფეროში მიღწეული წარმატების შედეგი აისახა როგორც ცალკეული ფერმერების, ასევე  სამეწარმეო ბიზნესის საქმიანობაზეც, განსაკუთრებით იმ სეგმენტში, სადაც სუბსიდია ხორციელდება. მთავრობის  მიზანია, რომ გაუყიდავი პროდუქცია არ დარჩეს და მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული სიკეთე ინდივიდუალურად ყველა ფერმერის ოჯახამდე მივიდეს.

ამდენად, ციტრუსის წლევანდელი მოსავლით კმაყოფილი არიან ფერმერებიც, რომელთა თქმით, წელს მოსავლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც რეალიზაციას აადვილებს. მეციტრუსეები იმედოვნებენ, რომ მოწეულ პროდუქტს სრულად გაყიდიან, რა დაპირებაც მთავრობისგან მიიღეს კიდეც. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მიხეილ ქათამაძის თქმით, ციტრუსის კრეფას უახლოეს დღეებში დაასრულებენ. მოსავლის გარკვეული ნაწილი უკვე რეალიზებულია. 

„მოსავალი მეტია და ხარისხიც უკეთესია, ვიდრე შარშან იყო. ჩემ შემთხვევაში გამიმართლა იმითაც, რომ ციტრუსი დაზღვეული მაქვს, ამიტომ მთელი სეზონის განმავლობაში მშვიდად ვიყავი. დანაკარგი არც მაქვს და შესაბამისად, არც დაზღვევით მისარგებლია. 

რაც შეეხება მოსავალს, შარშან 2,5 ტონა დავკრიფეთ, წელს ცოტა მეტია, ხარისხითაც საუკეთესოა. სეზონი გრძელდება, კრეფას ამ რამდენიმე დღეში დავასრულებთ, ვსარგებლობ სუბსიდიითაც, რაც მაიმედებს, რომ  გაუყიდავი მოსავალი არ დამრჩება“, - აღნიშნა ფერმერმა.

სეზონით კმაყოფილია ბიზნესიც. კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ წელს სუბსიდიის პროგრამაში ჩაერთო და ფერმერებისგან ჩაიბარა  არასტანდარტული ვაშლი, ასევე ციტრუსსაც შეისყიდის, ხოლო გადამუშავებულ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.

„ჩვენი ხილის გადასამუშავებელ ქარხანას ვფლობთ. ადგილობრივი მეწარმეებისგან ვიღებთ ნატურალურ პროდუქტებს - ვაშლს, ატამს, ყურძენს, ალუბალს, ციტრუსებს. ყველაფერი, რასაც ვამზადებთ, არის დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. არასტანდარტული ვაშლის სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, სულ 100 ტონამდე ვაშლი შევისყიდეთ. მოგვიანებით, ბროწეულისა და ფორთოხლის გადამუშავებასაც დავიწყებთ. ვაქტიურობთ ტრადიციულ ბაზრებზე, მალე ბალტიისპირეთსა და ჩეხეთშიც შევალთ“, - აღნიშნა მეწარმემ.

დღესდღეობით ყველა პირობაა, რომ წელს მოსავლის რეალიზაცია შეუფერხებლად განხორციელდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა და შემოსავლები იზრდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქართული პროდუქტით მრავალი ქვეყანაა დაინტერესებული, რისი ერთ-ერთი ფაქტორიც გარანტირებული ხარისხია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×