თიკა სიბოშვილი
01.12.2021

ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სამშენებლო სექტორში დამატებითი რეგულაციების შემოღების აუცილებლობა გახდა საჭირო. მას შემდეგ, რაც საქართველოში იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს, მრავალშვილიან ან ახალშეძენილი შვილების ოჯახებს შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ. ახლა ეს წრე ფართოვდება და სუბსიდირებული იპოთეკური სესხით მარტოხელა მშობლებიც ისარგებლებენ. „რეზონანსი“ შეეცდა გაერკვია, აქვს თუ არა დადებითი ეფექტი პროგრამას და კიდევ ხომ არ უნდა ველოდოთ ახალ ინიციატივებს?

გუშინ გაირკვა, რომ სუბსიდირებული იპოთეკის აღებას მარტოხელა მშობლები და რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფი მოქალაქეებიც შეძლებენ. მხარდაჭერა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავობაში. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც ჰყავს 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი, სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ. მისი მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.

იპოთეკური სესხების ახალი პროგრამის მიზანი იყო ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა და ამასთანავე, უძრავი ქონების ბაზრის მხარდაჭერა და წახალისება. როგორც უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტი მალხაზ კუნელაური აღნიშნავს, სუბსიდირების მექანიზმს ორი მხარე აქვს და მნიშვნელოვანია, ამას რომელი მხრიდან შევხედავთ. ის მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის სუბსიდირება ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

„პროგრამას ორი მხარე აქვს. სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის კარგი, რადგან ბიუჯეტს აწვება, თუმცა სოციალური კუთხით მოქალაქისთვის კარგია, რადგან სახელმწიფო მას ეხმარება. მაგალითად, როცა მრავალშვილიანებზეა საუბარი, არ შეიძლება, ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სუფთა, პრაგმატული ეკონომიკური თვალსაზრისით, ბიუჯეტიდან დაფინანსება რაც უფრო დიდია, მით უფრო მძიმე ფინანსური ტვირთი აწვება ბიუჯეტს. ნებისმიერი სახის თანადგომა, იქნება სოფლის მეურნეობაში თუ სხვა, რაც არ არის მოგებაზე, ეკონომიკისთვის განვითარების იმპულსი ვერ იქნება.

ახლა საუბარია იმაზე, რა არის საბიუჯეტო ხარჯვის სწორი მოდელი. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ძირითადი მიმართულება უნდა იყოს უფრო სხვა ტიპის საქმიანობა ან აქტივობა და ნაკლებად უნდა იყოს სუბსიდირება. დაფინანსებები არის, ძირითადად, სოციალური ტიპის ბიუჯეტზე ორიენტირებული ქმედება. ეკონომიკის ზრდაზე, ძირითადად, გავლენას გადასახადების შემცირება, მოქნილი ბიუროკრატია, ნაკლები რეგულაციები ახდენს“, - აღნიშნა კუნელაურმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ რთული სათქმელია, ახალ ინიციატივას ჰქონდა თუ არა დადებითი ეფექტი, ამის გასაგებად საჭიროა კვლევა.

„რაიმე ახალი ინიციატივები ან შეღავათები თუ იგეგმება მომავალი წლიდან, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, თუმცა შემიძლია ბიზნესის გადმოსახდიდან ვთქვა, რომ  მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაიხსნას კურორტები, მოხერხდეს ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში და თანხების ამ მიმართულებით მოზიდვა. სუბსიდირების ნაწილი იქ, სადაც აუცილებელი და გარდაუვალია, აუცილებლად უნდა იყოს, თუმცა ყველგან და ყველაფერში ეს ბიუჯეტს დააზარალებს“, - დასძინა კუნელაურმა.

კორონავირუსის პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარზე დიდი ცვლილებები გამოიწვია. სამშენებლო სფერო იყო ერთ-ერთი, რომელიც ძალიან დაზარალდა და ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ წნეხის შესამსუბუქებლად ახალი პროგრამა აამოქმედა. 

ფაქტია, რომ მხარდაჭერამ ბაზარზე დადებითი ტენდენციების გაჩენას შეუწყო ხელი, თუმცა არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. აშკარაა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისის დასაძლევად იპოთეკური სესხების პროგრამა საკმარისი არ აღმოჩნდა. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხარდაჭერამ კარგი შედეგი გამოიღო, გაჩერებული დეველოპერული სექტორი ამუშავდა და უძრავი ქონების რეალიზაცია განახლდა.

„ზოგადად, დაფინანსების პროგრამამ კარგი შედეგი გამოიღო. სუბსიდირება არის ძალიან ფაქიზი რამ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ვარ ამის მომხრე, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იყო. დეველოპერული სექტორი გაიყინა, არ იყო გაყიდვები, სახელმწიფოს გადასახადი არ შესდიოდა, ამ პროგრამამ კი გააჩინა იმედი და განაახლა უძრავი ქონების რეალიზაცია“, - აღნიშნა როსტომაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×