აკაკი ჩარგეიშვილი: „ერთადერთი, პროცედურული ნორმები უნდა შევისწავლოთ, რაიმე დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი"
გვანცა წულაია
01.12.2021

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტ „ინტერ რაოსთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო, რის გამოც ქართულ მხარეს 80,5 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა. დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. სარჩელი ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია „ინტერ რაომ“ შეიტანა, რომელიც საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგურის, „ხრამი-1"-ისა და „ხრამი-2"-ის მფლობელია. 2017 წელს მოსარჩლეები საქართველოს ხელისუფლებისგან 125 მლნ ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდნენ, რაც ლარის გაუფასურებით იყო გამოწვეული.

რუსულ კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის არაერთმა გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ ინვესტიციებზე. კერძოდ, საუბარია, რომ 2014 წელს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიას გადახედა, რაც ტარიფის გაზრდით ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიებს არ იძლეოდა. „ინტერ რაომ“ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების გადახედვის თაობაზე 2016 წელს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

„ინტერ რაო“ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და 2022 წლის მარტისთვის კომპენსაციის ოდენობის გადახედვას გეგმავს, რაც, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. 

სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი იმ ბერკეტებზე საუბრობს, რომელთა გამოძებნაც ასეთ სიტუაციაში შეიძლება. 

„რეზონანსი“: რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში? რა ბერკეტი გააჩნია ქართულ მხარეს ამის საწინააღმდეგოდ?

აკაკი ჩარგეიშვილი:  „ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაა და, სამწუხაროდ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, სამართლებრივი მექანიზმები წაგებული მხარისთვის არის ძალიან ცოტა. თუკი ქართულმა მხარემ პროცესი წააგო, პირველ რიგში, ძალიან ცუდია. ახლა თუ რამეს შეიძლება მოვეჭიდოთ, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული ნაწილი. 

ვინაიდად ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა, შეუძლიათ, ეროვნული ბანკის ანგარიშები დააყადაღონ, მათ შორის _ საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის ანგარიშები და ამ წესით მოხდეს იძულება და გადაწყვეტილების აღსრულება. როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილება ხვალ ან ზეგ არ აღსრულდება, თუმცა არც ისე მოკლე პერიოდია, ვინაიდან ეს არის კერძო განხილვის საგანი. იქნებ სპეციალისტებმა შეისწავლონ და რაღაც პროცედურული ნაწილი მაინც იქნას გამოძებნილი იმისთვის, რომ სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცეს და გარკვეული დრო და ეტაპი ჰქონდეს შემდგომი მოქმედებებისთვის. 

ეს არ არის კერძო ინტერესებით დაფუძნებული კომპანია. „ინტერ რაო“ რუსეთის ფედერაციის საფარქვეშ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სპეციალისტების შეკრება და ჩამოიწეროს ის უპირატესობები, რომლებიც შეიძლება ჩვენ გაგვაჩნდეს. 

„რ“: საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ქართულ მხარეს სამართლებრივად ცოტა ბერკეტი გააჩნია. რატომ? 

ა.ჩ: ვგულისხმობ ქართულ სახელმწიფოს, რომელმაც დავა წააგო. საერთოდ, წაგებულ მხარეს აქვს ნაკლები ბერკეტი, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას წინ აღუდგეს. ამ შემთხვევაში ვართ საერთაშორისო წესების ქვეშ, ანუ ყველა ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს მსგავსი დავების განხილვის თემაში, არის იგივე პოზიციაში, ამიტომ სამართლებრივი ბერკეტები არ გვაქვს ქართული კანონმდებლობის პირდაპირი რეალიზაციით.

პროცედურული ნორმები უნდა შევისწავლოთ, რაიმე დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, აპელირება მოვახდინოთ იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სერიოზული იურიდიული მექანიზმის გამოყენება. 

„რ“: ე.ი. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეგვიძლია?

ა.ჩ: შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპელაციასა და აპელირებას, პრაქტიკულად, არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ერთადერთი, პროცედურულ ნაწილში თუ შეგვიძლია რამის გაკეთება. 

„რ“: რუსული კომპანია აცხადებს, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და უფრო მეტს მოითხოვს ქართული მხარისგან, რამაც შესაძლოა, 100 მილიონი დოლარის დაკისრებამდე მიგვიყვანოს. რადგანაც წაგებული მხარე ვართ და სამართლებრივად ცოტა ბერკეტი გაგვაჩნია, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ რეალობის წინაშეც დავდგეთ?

ა.ჩ: როდესაც დავა არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს გააჩნია თავისი არგუმენტები. რადგან ქართულმა სახელმწიფომ იდავა და თავის დროზე ჩათვალა და შეაფასა, რომ ამ საკითზე არ ეთანხმება „ინტერ რაოს“, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული არგუმენტები საამისოდ იყო. ამიტომ, ვფიქრობ, ვინც შეისწავლა საკითხები, ვის წინაშეც დადგა განსახილველად და გადასაჭრელად, თუ როგორ უნდა გვემოქმედა, ის მდგომარეობა ქართული სახელმწიფოს მოკვლევის საგანი უნდა გახდეს. უნდა იქნას გამოძიებული, თუ რა არგუმენტებითა და მტკიცებულებებით წავედით დავაში და თუ თავიდანვე სუსტად გამოიყურებოდა ქართული სახელმწიფოს პოზიციები, სხვა გეგმისთვის უნდა მიგვემართა, რაც, სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა. 

ბიუჯეტის კანონი უკვე მიღებულია და ამ ტიპის ვალის გადახდა გათვალისწინებული არ არის. თუ მოხდება კორექტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ გადასახადის გადამხდელისაგან უნდა ამოიღონ თანხა, რაც, თავის დროზე, სავარაუდოდ, ჩინოვნიკების გულგრილმა დამოკიდებულებამ „მოგვიტანა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×