ზაფხულში და შემოდგომაზე სამუშაო ადგილები უქმდებოდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა ნაწილს ხელფასიც შეუმცირდა
გვანცა წულაია
02.12.2021

საქართველოში სამუშაო ადგილები დღემდე უქმდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა გამოცოცხლდა, ბიზნესს პრობლემები მაინც აქვს. ამაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა იქამდე გაგრძელდება, სანამ სიტუაცია ბოლომდე არ გამოსწორდება. 

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, შინამეურნეობების 5.8%-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრის პერიოდში. დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა შეადგენს 6.7%-ს საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის, ხოლო 4.6%-ს სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის ივლისიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 16.1%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 16.3%-ს, ხოლო სოფლად - 15.9%-ს შეადგენს.

შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (44.6%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (9.1%), შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.7%), კომპანიის/ ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა ოჯახის წევრი (6.3%).

"საქსტატის" ეს კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განისაზღვრა 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 963 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 033 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით. გამოკვლევის მეხუთე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის ოქტომბერში.

როგორც სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, წელს არ არის ისეთი მძიმე სიტუაცია, როგორც შარშან იყო, თუმცა სწრაფი პროგრესი ვერ ხერხდება და ესეც დიდი პრობლემაა. სიტუაციას გამოსწორებისთვის ეკონომიკური თავისუფლებაა საჭირო. 

„სამუშაო ადგილების შექმნა პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და როდესაც ეკონომიკური კლებაა, მაშინ სამუშაო ადგილები იკარგება. წელს, ჯერჯერობით, არ არის ისეთი კატასტროფული სიტუაცია, როგორც შარშან იყო. ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია უარესდება, თუმცა სწრაფი პროგრესი არ შეინიშნება და ესეც ძალიან ცუდია. ამის მოსაგვარებლად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თავისუფლება უნდა იყოს, ნაკლები რეგულაცია, ნაკლები გადასახადი, მეტი ინვესტიცია და ა.შ. 

დიდად სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. ინვესტიციების მოზიდვა ამ პერიოდში ისედაც რთულია და როდესაც ქვეყანაში ცუდი სასამართლო სისტემაა, პოლიტიკურად არეული ვითარებაა, ეს ყველაფერი იწვევს დასაქმების პრობლემებს. 

ქალაქებში უფრო მეტი სამუშაო ადგილი იკარგება, ვიდრე სოფლებში, მაგრამ არა მგონია, რომ რეგიონებში უკეთესი სიტუაცია იყოს. ოფიციალურ მონაცემებში ქალაქები ფიგურირებს და ამით დასტურდება და იქ ცხოვრება გაძნელებულია, მით უმეტეს ასეთი ინფლაციის პირობებში გაუსაძლისია ცხოვრება", - განუცხადა „რეზონანსს“ მომცელიძემ. 

ბუნებრივია, რომ პანდემიის პირობებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან რთული ამოცანა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამდეც იდგა ეს პრობლემა. მაგალითად: 2015-დან 2019 წლამდე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 12 600 ადამიანით შემცირდა. ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ფიქრიც რთულია იმ ფონზეც, როდესაც ძველის შენარჩუნებაც დიდი პრობლემაა და იკარგება კიდეც. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიზნესს პრობლემები დღემდე აქვს და კრიზისისგან თავის დარწევა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია გამოსავლის იმ გზებზე საუბრობს, რომელიც ასეთ სიტუაციაში დამხმარე ფაქტორად გამოდგება. 

„გამოსავალი არის ის, რომ რეგულაციები არ უნდა დაწესდეს და მეორეც, რეალურად, ქვეყანას ბევრი რესურსი და ეკონომიკური აქტივი აქვს. სახელმწიფო საკუთრებაში 70-80% არის თავმყოყრილი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ჩართული ეკონომიკაში. ეს აქტივები კი, რეალურად ეკონომიკაში უნდა იყოს, ქმნიდეს ეკონომიკურ დოვლათს. როდესაც ისინი კერძო სექტორშია, იქმნება ბიზნესი, საქმდებიან ადამიანები და ხალხს შემოსავლის წყარო უჩნდება. 

ახლა დამოკიდებულები ვართ მთავრობის გადაწყვეტილებებზე. თანაბარ პირობებში, ასეთი სურათი თუ შენარჩუნდა, ცხადია, უარყოფითად აისახება სამუშაო ადგილებზე. დღეს თუ ბიზნესი ზარალზეა და ადამიანებს ასე თუ ისე მაინც ასაქმებს, მომდევნო კრიზისი, რომელიც გამორიცხული სულაც არ არის, გამოიწვევს კომპანიების გაჩერებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას“, - განუცხადა „რეზონანსს“მაკალათიამ. 

2021 წლის მესამე კვარტლაში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 310 ათასზე მეტი უმუშევარი ჰყავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×