„ვფიქრობ, საზღვრების მასშტაბური ჩაკეტვა აღარ გველის არც საქართველოში და არც სხვაგან“
თიკა სიბოშვილი
05.01.2022

კორონავირუსმა ტურიზმის სექტორს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თითქმის ერთი თვეა, რაც „თეთრი კურორტები“ დამსვენებლებისთვის გაიხსნა, თუმცა, როგორც სასტუმროებში ამბობენ, დამსვენებლების სიმცირე შეინიშნება. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ვიზიტორების დაბალი ნაკადი და არის თუ არა კურორტები, სადაც შედარებით მაღალი აქტიურობაა.

პანდემიამ მთელ მსოფლიოს პრობლემები შეუქმნა, გააჩერა ტურიზმი და ეკონომიკა, თუმცა ახლა, როცა ვაქცინაცია ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია,  მოგზაურობის ნაკლები საფრთხე არსებობს. ამასთანავე, მოსახლეობამ ისწავლა ვირუსთან ერთად ცხოვრება, რის გამოც საქართველოში შეზღუდვები მთლიანად გაუქმდა და საზოგადოებისთვის  არანაირი აკრძალვა აღარ არსებობს.

მაშინ, როცა ხალხს თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობა აქვს, აშკარაა, რომ ზამთრის კურორტები დატვირთული უნდა იყოს, ამასთანავე, ღიაა საერთაშორისო საზღვრები და ქვეყანას უნდა სტუმრობდნენ უცხოელი სტუმრებიც. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ქვეყანაში მაინც შეინიშნება დამსვენებლების სიმცირე.

როგორც გუდაურში მდებარე სასტუმრო „ედელვაისის“ მენეჯერი აღნიშნავს, ჯავშნების წილი პროცენტულად ძალიან დაბალია და რთული სათქმელია, ეს რისი ბრალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯავშნები კეთდება, პროცენტულად მაინც მცირეა მათი წილი. გვაქვს იმედი, რომ მომავალი თვეები უფრო დატვირთული იქნება, თუმცა რა და როგორ გაგრძელდება, არ ვიცით“, - აღნიშნა „რეზონანსთან“  საუბრისას „ედელვაისის“ მენეჯერმა. 

საქართველოში მრავლადაა ზამთრის კურორტები და ხალხს უყვარს კიდეც იქ საახალწლო არდადეგების გატარება. ბაკურიანი და გუდაური ის „თეთრი კურორტებია“, რომლებსაც ყოველ წელს დიდი რაოდენობით დამსვენებელი სტუმრობს ხოლმე, თუმცა, ეტყობა,  წლევანდელი წელი გამონაკლისი იქნება. ჯერჯერობით, არც ბაკურიანში მდებარე სასტუმროები არის დამსვენებლებით დატვირთული.

როგორც სასტუმრო „ბლუ ჰევენის“ მენეჯერი აღნიშნავს, ამ სეზონზე ტურისტები საერთოდ არ არიან და ეს ნაწილობრივ ახალი შტამის გამოჩენის ბრალიც არის.

„რეალურად, ტურისტი არავინაა. მართალია, შიგადაშიგ სტუმრები გვყავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასტუმრო, თუნდაც საშუალო დონეზე, მუშაობს. ამჟამინდელი ვითარება პირდაპირ მიანიშნებს, რომ ცუდი მდგომარეობაა. 

ვფიქრობ, ტურისტული სეზონის ასეთი სტარტი კორონავირუსსა და ახლად გამოჩენილ შტამს უკავშირდება. სავარაუდოდ, ხალხს ეშინია, არადა, ბაკურიანში ძალიან კარგი ამინდია, თოვლიც არის და ყველანაირი პირობაა, რათა დამსვენებელმა ისიამოვნოს“, - აღნიშნა „ბლუ ჰევენის“ მენეჯერმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

მას მერე, რაც  ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდა, ბევრად მარტივი გახდა ბიზნესის ამუშავება, ამიტომაც „თეთრ კურორტზე“ მდებარე სასტუმროების ნაწილი დამსვენებლებს მთელი სეზონის განმავლობაში აქტიურად ელოდება. 

ფაქტია, რომ წლევანდელ ტურისტულ სეზონს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა იმისათვის, რომ წარმატებით განვითარებულიყო, მაგრამ რეალობა სხვაგვარია, თუმცა მესტიაში მდებარე სასტუმროებში უკეთესი ვითარებაა, ვიდრე სხვა კურორტებზე. როგორც სასტუმრო „უშბის“ მენეჯერი აღნიშნავს, ჯავშნები ამ ეტაპისთვისაც აქვს და მთელი სეზონიც ასე იქნება.

„ჯერჯერობით, ტურისტული სეზონი კარგად მიმდინარეობს, ახლაც გვაქვს ჯავშნები და მთელი ზამთრის სეზონი წინასწარ დაკავებულია. დატვირთვა საკმაოა და ასეც გაგრძელდება. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება არ ქმნის საფრთხეს, რადგან ჩვენთან, ძირითადად, უცხოელი სტუმრები შემოდიან. ისინი ყველა ვაქცინირებულნი არიან, ამიტომაც არც ჩვენ გვეშინია. ამასთან, ამინდიც იდეალურია და, შესაბამისად, ესეც ხელს უწყობს ტურისტული სეზონის კარგად მიმდინარეობას“, - აღნიშნა „უშბის“ მენეჯერმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

აშკარაა, რომ სასტუმროების მფლობელების აზრი ორადაა გაყოფილი, ზოგიერთ კურორტზე დამსვენებლები არიან, ზოგან კი - არა. გამოდის, რომ წლევანდელი სეზონი „თეთრი კურორტებისთვის“ არც ისე კარგი აღმოჩნდა და პანდემიამ ტურიზმს კვლავ ხელი შეუშალა თუნდაც გაუქმებული აკრძალვების ფონზე.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე მიიჩნევს, ამ ეტაპისთვის კურორტებზე მხოლოდ ადგილობრივი დამსვენებლები შეინიშნებიან, თუმცა ქვეყანაში ზოგადად არ არის ისეთი ვითარება, რომ უცხოელ სტუმრებს ჩამოსვლა გაუჭირდეთ.

„ზამთრის კურორტებზე ამ ეტაპზე შიდა დამსვენებლები ჭარბობენ, რადგან საახალწლო არდადეგებია და ამან გამოიწვია ადგილობრივების აქტიურობა.

ახალი შტამის გამოჩენა, რა თქმა უნდა, ცუდია. ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ჩაკეტვების ტენდენცია თუ გაგრძელდება, მოგზაურობას ხელს შეუშლის, თუმცა, პარალელურ რეჟიმში, ვაქცინაცია ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანებმა თავისუფლად მოგზაურობა შეძლონ. 

წინა წლებთან შედარებით, ვაქცინირებულმა ადამიანებმა, პანიკური შიში გადალახეს, რის გამოც გახშირებულია მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბით და ვფიქრობ, საზღვრების მასშტაბური ჩაკეტვა აღარ გველის არც საქართველოში და არც სხვაგან.

ის, რომ ტურიზმი საერთოდ შეწყდეს და ისევ გაჩერდეს, მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეპიდემიის ტალღებთან ერთად, რა თქმა უნდა, პერიოდულად იქნება გარკვეული აკრძალვები“, - აღნიშნა სიდამონიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×