„კანონმა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა დაავალოს~
გვანცა წულაია
05.01.2022

ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა აშკარაა. პანდემიის დაწყების შემდეგ,  მოსახლეობის ფენებს შორის სხვაობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა და მთავრობის პრიორიტეტი სწორედ ეს მიმართულება უნდა იყოს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა არ იგრძნობოდეს და სიღარიბის დაძლევა მოხერხდეს.

ქვეყანაში გაზრდილია სიღარიბე, უმუშევრობა, დღეს სოციალურ შემწეობას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე წინა წლებში იღებდა, ეს კი პირდაპირ მოუთითებს, რომ სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა.  

პანდემიის პერიოდში მოსახლეობას შემოსავლების მობილიზების მხრივ დიდი პრობლემა შეექმნა, ზოგს იგი საერთოდ გაუქრა, ზოგს კი შეუმცირდა. ყველაზე მძიმე ვითარებაში დაბალშემოსავლიანი ადამიანები და ის ფენა აღმოჩნდნენ, რომელთაც პანდემიამდეც ჰქონდათ ფინანსური პრობლემები.  

როგორც სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, შეუძლებელია, სოციალური უთანასწორობა არ გაუარესებულიყო, რაც სამომავლოდ სტატისტიკაშიც აუცილებლად აისახება. 

„ჯერჯერობით 2021 წლის სტატისტიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა და რიცხვებით ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ რაც ჩანს, შეუძლებელია, რომ არ გაუარესებულიყო უთანასწორობა, იმის გამო, რომ 13.9-პროცენტიანი ინფლაციით დავასრულეთ წელი. ეს ყველა ვარიანტში იწვევს საშუალო ფენის გაღარიბებას და ღარიბების გაღატაკებას. ეს სტატისტიკაში აუცილებლად გამოჩნდება, როდესაც 2021 წლის მონაცემები გამოქვეყნდება”, - განაცხადა „რეზონანსთან” მომცელიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, უნდა მოხდეს  ე.წ.ქამრების შემოჭერა და მეტი მიზნობრივი დახმარების გაცემა მოსახლეობის იმ ფენისთვის, ვისაც უჭირს. 

„რაც შეეხება მთავრობის ნაბიჯებს, პირველ რიგში, ალბათ, გასაკეთებელი არის ის, რომ მიზნობრივი დახმარებები გაიცეს იმ ხალხისთვის, ვისაც ძალიან უჭირს, თუმცა ამისათვის ვალები კი არ უნდა ავიღოთ, ქამრები უნდა შემოვიჭიროთ. ეს ხელისუფლება კი ქამრების შემომჭერი არ არის და შესაბამისად, მათი არანაირი იმედი არ მაქვს”, - დასძინა სტატისტიკოსმა. 

გაზრდილი გადასახადებისა და მაღალი ინფლაციის გამო, ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში ინფლაციამ 13.9% შეადგინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზრდილია უმუშევრობა და 2020 წელს მან 18.5% შეადგინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უამრავი ადამიანია შემოსავლის გარეშე. ასევე გაზრილია სიღარიბე, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 21.3% იყო, 2019 წელს კი - 19.5%.   

დღეს სოციალურ შემწეობას იმაზე მეტი ოჯახი იღებს, ვიდრე პანდემიამდე იღებდა. 2019 წელს საარსებო შემწეობას 119 582 ოჯახი იღებდა, რაც მთელი ქვეყნის ოჯახების რაოდენობის 11.2%-ია, ხოლო უშუალოდ მოსახლეობის გაანგარიშებით, ამავე წელს საარსებო შემწეობას 427 272 ადამიანი იღებდა, რაც მთელი მოსახლეობის 11.5%-ია. 2020 წელს საარსებო შემწეობას 146 619 ოჯახი იღებდა, რაც საერთოდ ოჯახების რაოდენობის 13.8%-ია, მოსახლეობის მხრივ კი, 2020 წელს საარსებო შემწეობას 524 598 ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 14.1%-ია. რაც შეეხება გასულ, 2021 წელს, ოქტომბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 633 586 მოქალაქე იღებდა.

ზემოთ მოყვანილი მონაცემებითაც აშკარაა, რომ ბოლო ორ წელში ხალხს ძალიან გაუჭირდა და სოციალური უთანასწორობაც გაზრდილია, კონკრეტულად კი ჯინის ინდექსმა 2020 წელს 0.36 ერთეული შეადგინა. 

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი აცხადებს, რომ ქონებრივ მდგომარეობას შორის განსხვავება მკვეთრად გაღრმავდა. 

„2021 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა სოციალურ ფენებს შორის სხვაობა. ეპიდემიამ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია და ეს არის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი; მეორე არის ის, რომ სახელმწიფომ საშუალო ფენის გაკოტრების პროცესის შესაჩერებლად, პრაქტიკულად, ხელი არ გაანძრია და ღარიბები გაღატაკდნენ”, - განაცხადა „რეზონანსთან” სიმონიშვილმა და იმ გზებზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობითაც პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი. 

„ძალიან საეჭვოა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმრთულების მუშაობა დაიწყოს, მაგრამ... პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია, რადგან არსებული კონსტიტუციით მთავრობას ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა არ ევალება და არც სიცოცხლის უფლების დაცვაზე ზრუნვა. ეროვნულ ბანკს არ ევალება ლარის სიმყარეზე, მსყიდველუნარიანობაზე ზრუნვა. ეს უცნაური მდგომარეობა უნდა აღმოიფხვრას, რომ კანონმა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაავალოს. 

ამის შემდეგ დაიწყება ის ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური მდგომარეობა იყოს. ჩვენთან ეკონომიკის მონეტარიზაცია არის 20%-ის ფარგლებში. ესე იგი, მშპ-ის მხოლოდ 20%-ია ფულის რაოდენობაში გამოხატული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის მუდმივად ფულის შიმშილი, რაც ძალიან უშლის ხელს ეკონომიკის არათუ განვითარებას, არამედ ზოგადად, ბიზნესის არსებობას. 

როდესაც სახელმწიფო რაიმე ეკონომიკურ ცვლილებას გეგმავს, ხელისუფლება ელაპარაკება ე.წ. ბიზნესსა და შესაბამის ასოციაციებს, ისინი კი, ძირითადად, არიან ის მონოპოლიური სტრუქტურები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოყალიბდნენ. წვრილ ბიზნესსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საჭიროა ცვლილებები, საერთოდ არ ესაუბრებიან, ისევ და ისევ მონოპოლისტებს ეთათბირებიან. მონოპოლიზმს რომ ქვეყნისთვის სიკეთე არ მოაქვს, ეს ყველამ ვიცით. საჭირო ეკონომიკური ცვლილებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ სარგებელი მიიღოს ყველამ და არა - მხოლოდ ყველაზე მდიდრებმა”, - დასძინა „რეზონანსთან” სიმონიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×