ეკონომისტების აზრით კი, შეზღუდვების საკითხი დღის წესრიგიდან სამუდამოდ უნდა მოიხსნას
ირაკლი ლომიძე
10.01.2022

შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას ეპიდემიოლოგები ისევ ჯიუტად განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომით ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს დარტყმას იღებს, ექიმები პოზიციას არ ცვლიან და, ,,ომიკრონის“ შტამის ფონზე, მთავრობას შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობისკენ მოუწოდებენ. მთავრობა ამ საკითხს, ჯერჯერობით, არ განიხილავს, მაგრამ საფრთხე მაინც დღითი დღე იზრდება.

ახალი ტიპის შეზღუდვის საკითხი დროდადრო აქტიურდება და ამ მხრივ ეპიდემიოლოგები მუდმივად იქცევენ ყურადღებას, თუმცა რაც მათთვის მისაღები ზომებია, ბიზნესისა და მთლიანად, ქვეყნის ეკონომიკისთვის, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, ეპიდემიოლოგები ამას არ დაგიდევენ. მაგალითად, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არსებული რეგულაციები გამკაცრდეს.

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, პიკი იანვრის მეორე ნახევარში, თვის ბოლო რიცხვებში იყოს. თუ შევხედეთ, რომ არის ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა, რა თქმა უნდა, რეგულაციები უნდა გადაიხედოს და გამკაცრდეს“, - განაცხადა გოგინავამ.

შეზღუდვების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას, რომელშიც კიდევ ერთხელ ასაბუთებს შეზღუდვების აუცილებლობას. მისი აზრით, „მწვანე პასპორტმა“ რეალური როლი რომ შეასრულოს „ომიკრონის“ ტალღის შეკავებაში, მაშინ მისი მოქმედება შემდეგი 2 თვე უნდა გავრცელდეს მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანებზე:

1. „ბუსტერული“ დოზით ვაქცინირებული (საქართველოში 90 ათასამდე ადამიანი);

2. ნეგატიური ტესტის მქონე.

ალერგოლოგის შეფასებით, სხვანაირად გაჭირდება ბევრი ადამიანის გადარჩენა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვა.

ბიზნესს შეზღუდვების მწარე გამოცდილება დღემდე მოჰყვება და სექტორის განვითარებას დღემდე უქმნის საფრთხეს, რის ფონზეც ახალი ტიპის აკრძალვებს ეკონომიკის სფეროს სპეციალისტების უმეტესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ  კიდევ ერთ „ლოქდაუნს“ ეკონომიკა რეალურად ვერ გადაიტანს და ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია, რადგან ასეთი მიდგომა ბიზნესს განვითარების პერსპექტივას მოუსპობს.

ეკონომისტ გივი მომცელიძის თქმით, შეზღუდვების საკითხი დღის წესრიგიდან სამუდამოდ უნდა მოიხსნას, რადგან მთავრობას არც მოსახლეობისა და არც ბიზნესის დასახმარებლად რესურსი არ აქვს და ქვეყანა მორიგ „ლოქდაუნს“ რეალურად ვერ გადაიტანს. 

„შეზღუდვების მომხრეთა პოზიცია, რომ 2020 წელს ბიზნესმა გაუძლო კრიზისს და ამჯერადაც გადაიტანს, არგუმენტად ნამდვილად ვერ გამოდგება. თუკი ეპიდემიოლოგების მოსაზრებას გაითვალისწინებენ და რაღაც ფორმით მთავრობა დაუშვებს თუნდაც მოკლევადიან შეზღუდვას, ჩათვალეთ, რომ 2022 წელი შეიძლება, დამანგრეველიც აღმოჩნდეს. არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვრჩები პოზიციაზე, რომ რეგულაციები უნდა შესრულდეს და გააძლიერონ კონტროლი ამ მიმართულებით, შეუვალი უნდა იყოს მთავრობა, როცა საქმე  პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. პარალელურად, იმუნიზაციის ტემპი უნდა გაიზარდოს, რაც აქტიური საინფორმაციო კამპანიის გარეშე წარმოუდგენელია. 

სხვა ყველა რეგულაცია არის ზედმეტი და უსარგებლო. შეზღუდვებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე გამოცდილება დაგვიგროვდა. ხალხს შარშანწინ კატასტროფულად შეუმცირდა  შემოსავალი და დღემდე ვერ მოგვარდა დასაქმების პრობლემა. თავს ვერ დავიმშვიდებთ იმით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდაა, სინამდვილეში, ამ სარგებელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეალურად ვერ გრძნობს, მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა“, - განაცხადა მომცელიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

რა ვადითაც არ უნდა გამოცხადდეს თუნდაც წერტილოვანი შეზღუდვა, იგი ძალიან მძიმე და კატასტროფულ შედეგს მოიტანს, ვიდრე შეიძლება, პანდემიამ გამოიწვიოს. 

„ეკონომიკის შეზღუდვა მეტად დაგვაზარალებს, ვიდრე - პანდემია, ამაზე ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავზარდოთ სამოქალაქო თვითშეგნება, ამისკენ უნდა იყოს მიმართული მთავრობის მთავარი ძალისხმევა. აგიტაცია მაღალ დონეზეა ჩასატარებელი და შემდეგ უკვე მოსახლეობა გადაწყვეტს, როგორ დაიცვას უსაფრთხოება და როგორ აიცილოს ის უსიამოვნება და ზიანი, რაც პანდემიას თითოეული ადამიანისთვის მოაქვს. ამ ყველაფერს თუ არ გავითვალისწინებთ,  კატასტროფულ ვითარებაში აღმოვჩნდებით“, - აღნიშნა მომცელიძემ. 

ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ  მედიკოსების მხრიდან შეზღუდვების თემის გააქტიურება უკავშირდებოდეს იმ წარუმატებლობას, რასაც ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო განიცდის ქვეყანა.  ასე თუ გაგრძელდა, როგორც ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი  ვარაუდობს, ქართული ეკონომიკა, უბრალოდ, ვერ იარსებებს. 

„იდეაში, ჩვენთან  ამ დროისთვის ეპიდემიური სიტუაცია  და ეკონომიკაც  მეტ-ნაკლებად უნდა დალაგებულიყო. სხვა ნორმალურმა ქვეყნებმა ეს მოახერხეს. ძალიან ნელი ტემპით მიდის იმუნიზაციის პროცესები, ალბათ, იმის გამოც, რომ საინფორმაციო კამპანიაც საკმარისი არ არის და ამ სიტუაციაში  ახალ „ლოქდაუნზე“ დაიწყეს საუბარი, რაც გამოსავალი არ არის. ვინც ბიუჯეტის ხარჯზეა, იმას არა უშავს, შემოსავალი არ დააკლდება, მაგრამ  კერძო სექტორი ისევ  მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. 

ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხი საერთოდ უნდა მოიხსნას, ამის ნეგატიურ შედეგს იგრძნობს ეკონომიკის ყველა დარგი, განსაკუთრებით კი ეს ბიზნესზე აისახება. იქამდე ნუ მივიყვანთ საქმეს, რომ სახელმწიფოს ჩაკეტვა უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე ვირუსთან ბრძოლაა, ბიზნესი მარტო რესტორანი ან სასტუმრო არ არის, შეზღუდვებს ბევრი გადაყვება“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ზვიად ხორგუაშვილმა.

ბოლო დღეებში კორონავირუსის გამოვლენის პროცენტული მაჩვენებელი გაუარესდა. 2022 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,47% იყო, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 9,57%-ია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×